აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2019-07-10
რუსლან აბაშიძე: "ჟენევის ფორმატის ცვლილებებზე საუბრით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს და შეეცდება პროცესი შეუქცევადი გახადოს"
ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესთან.
 
ბატონო რუსლან, დიდი ხანია, საუბრობენ ჟენევის დისკუსიების არაეფექტურობაზე: პროცესები წინ ვერ მიიწევსო. პრეზიდენტმაც ისაუბრა ამ თემაზე, ადრე ტოვიო კლაარსაც [თანათავმჯდომარე] ჰქონდა მსგავსი განცხადება. თქვენ პირველად ესწრებოდით ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რანგში. როგორია თქვენი დაკვირვების შედეგები და ყოველივე ზემოთქმულის ფონზე რამდენად ინარჩუნებს აქტუალურობას ჟენევის ფორმატი?
 
შესაძლოა, ბევრი შეფასება გაკეთდეს ჟენევის ფორმატთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რას წარმოადგენს ეს ფორმატი. ის ხომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა პირისპირ ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან თანასწორუფლებიან პირობებში, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის უალტერნატივოა ამ კუთხით, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, სტატუსი, რომელიც მას ამ ფორმატში აქვს, შეცვალოს: დიდი სურვილი აქვს, თავი წარმოაჩინოს არა როგორც მხარედ, არამედ როგორც მედიატორმა.
 
რუსეთის მხრიდან არის ამის თაობაზე კონკრეტული მცდელობები, ზეწოლა?
 
მუდმივად. რიგ შემთხვევებში განცხადებების, ზოგჯერ ქმედებების დონეზეც აქვს მცდელობა, შეცვალოს ფორმატის ფუნქცია, გაამარტივოს ფორმატის მიმართ დამოკიდებულება და მისთვის სასურველი სტატუს–ქვო შექმნას. ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბება ნაბიჯია ამ მიმართულებით.
 
ანუ, ფიქრობთ, რომ თუ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, ამით უპირველესად რუსეთი ისარგებლებს?
 
დიახ. თუ ჩვენ ფორმატის შეცვლაზე დავიწყეთ საუბარი, ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს, აუცილებლად იქნება შემდეგი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ვითარება გამოიყენოს და საკუთარი სტატუსი შეცვალოს, ეს კი მიმდინარე პროცესისთვის საფრთხისშემცველი იქნება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფორმატი ისევე უნდა დარჩეს, როგორც სადღეისოდ არსებობს.
 
პრეზიდენტმაც ისაუბრა ფორმატის გაძლიერების, ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე. იყო საუბარი დეტალებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს?
 
მე პრეზიდენტის განცხადება აღვიქვი, როგორც სურვილი ფორმატის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებულობის. მას არ უსაუბრია ფორმატის შეცვლაზე. ბუნებრივია, ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ჟენევა უნდა იყოს შედეგიანი. 48–ე რაუნდი ჩატარდა, მაგრამ, ამ ფორმატში ჩვენი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა: სამწუხაროდ, 10 წლის განმვალობაში, რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომების გამო ვერ შევძელით კონკრეტული შედეგების დადება. ამდენად, გარკვეულწილად მესმის პოლიტიკოსების, საზოგადოების დაკვეთის, მოთხოვნის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, ფორმატი მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული.
 
და ეს როგორ უნდა მოხერხდეს იმ პირობებში, როდესაც რუსული მხარე შეხვედრებს ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებს?
 
აქ შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ პრეზიდენტის განცხადებაზე. ანუ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რუსეთზე გავლენის მოხდენის საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა მექანიზმი, რათა ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მცირე შედეგი მაინც მივიღოთ.
 
რა გვიშლის ხელს?
 
ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამის ერთ–ერთი დამადასტურებელი ფაქტია გაერო–ს რეზოლუცია დევნილების საკითხზე, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამ მექანიზმების ამოქმედებით შევძლებთ, ჟენევაში ჩამოვაყალიბოთ სამუშაო რეჟიმი, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჟენევის ფორმატის შექმნისას და ამ რეჟიმში შემოვიყვანოთ რუსეთის ფედერაცია, დავიწყოთ, ან გავაგრძელოთ მუშაობა უსაფრთხოების, დევნილებით დაბრუნების საკითხებზე. ვიმეორებ, უნდა გამოვიყენოთ ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი და საქართველოს მეგობარი ქვეყნები. თუ მოვახერხებთ ვუზრუნველვყოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის ამუშავება, გარკვეულ შედეგებზე აუცილებლად გავალთ. ამჟამად კი მრჩება, შთაბეჭდილება, რომ ჟენევაში ვმუშაობთ ცალმხრივი მოთხოვნების რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ პირნათლად.
 
ანუ, მიუხედავად იმ მოცემულობისა, რაც სადღეისოდ ჟენევაში გვაქვს, რუსეთს მაინც ექმნება დისკომფორტი?
 
რა თქმა უნდა. მას დისკომფორტს მისი სტატუსი უქმნის. ის ჟენევაში წარმოდგენილია როგორც მხარე.
 
ჟენევის დისკუსიების 48–ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, „ან ვსაუბრობთ ჟენევაში, ან ალტერნატივა არის ომიო“. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ გზავნილის მიზანი? საზოგადოების მუდმივად სტრესში ყოფნა?
 
დიპლომატიური თვალსაზრისით გრიგორი კარასინმა გამოიყენა ყველა ხერხი. მინდა, შეგახსენოთ თუ რა ფონზე მიმდინარეობდა დისკუსიები: რუსულმა მხარემ ჩაკეტა ენგურის ხიდი, ამასთან რუსეთის მიერ იყო შექმნილი ფონი საქართველოში ოკუპაციის თაობაზე გამოთქმული პროტესტის გამო... ამიტომ, კარასინის განცხადებას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. ცალსახად განსაზღვრო, რომ ეს გზავნილი უკავშირდებოდა მხოლოდ ჟენევის პროცესს, ან რაიმე სხვას, ძალიან რთულია. ეს იყო მუქარისშემცველი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და შეიძლება, შეფასდეს როგორც არამეგობრული ჟესტი.
 
თქვენ პროტესტი ახსენეთ. რა იგრძნობოდა ჟენევაში, საქართველოში 20 ივნისს გამოხატული მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი იყო მოულოდნელი რუსული მხარისთვის? უნდა ითქვას, რომ თავად საქართველოში ეს რიგი ადამიანებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...
 
არ მგონია, ეს მათთვის სიახლე ყოფილიყო. ვფიქრობ, რუსეთი უბრალოდ ელოდებოდა რაღაც მიზეზს, რომ ამ საკითხების ერთგვარი კაპიტალიზაცია მოეხდინა. რა იყო მოულოდნელი, ის რომ ოკუპაცია მტკივნეული საკითხია ქართული საზოგადოებისთვის, თუ ის, რომ დევნილები არსებობენ 27 წლის განმავლობაში? 20 ივნისს გამოხატული პროტესტი იყო გულწრფელი რეაქცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე და ამის გასაღება „სიახლედ თუ მოულოდნელობად“, არაკორექტული იქნება, მათ შორის ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში.
 
რუსულმა მხარემ ეს პროტესტი მაშინვე „რუსოფობიად“ მონათლა...
 
ეს არაადექვატური შეფასებაა. ის პროცესი, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, „რუსოფობიად“ არ შეიძლება მოვნათლოთ. ჩვენ სტუმარს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პროტესტი, იყო კონკრეტულ ქმედებაზე უკმაყოფილო საზოგადოების გულწრფელი რეაქცია.
 
რაც შეეხება რუსულ სანქციებს, ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთთან ასეთ ღრმა ეკონომიკურ დამოკიდებულებაში შესვლა შეცდომა იყო? გასაგებია, რომ მეზობელია, დიდი ბაზარია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბაზარი და კრემლის უკანასკნელი გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა...
 
ამას შეცდომას ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს ბუნებრივი მოცემულობა იყო. როგორც ბრძანეთ, ახლო მეზობელია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ბაზრის მასშტაბიც და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობა. შეიძლება, ჩვენ დროულად ვერ განვსაზღვრეთ, როდის უნდა დაწყებულიყო დივერსიფიკაციის პროცესი. ამ პროცესს შეიძლება, დაგვიანებული, ან ნაჩქარევი ვუწოდოთ. არ მიმაჩნია სწორად, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული შენი ეკონომიკის განვითარება. დივერსიფიკაციის პროცესი კარგა ხანია დაწყებულია, უბრალოდ, რამდენად, პრაგმატულად და ამავდროულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ამ პროცესის ფარგლებში რუსეთზე დამოკიდებულებიდან გამოსვლა, ამის თქმა გამიჭირდება.
 
ენგურის ხიდის ჩაკეტვის შემდეგ პრობლემები შეექმნათ გალში მცხოვრებ აბიტურიენტებს. თქვენ ამასწინათ ბრძანეთ, რომ მათთვის ალტერნატიულ სქემებზე მუშაობთ. ამ მოცემულობაში რას ვთავაზობთ მათ?
 
უნდა გავითვალისწინოთ, ამ ბავშვებს რა პირობებში უწევთ ცხოვრება და საშუალო განათლების მიღება. ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები, გარდა ამისა, ეს ბავშვები რუსიფიკაციის მსხვერპლნი არიან. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ მათთვის მომავლის პერსპექტივა, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება. შექნილია მრავალი მექანიზმი ამისთვის, თუმცა არ არის საკმარისი. ჩვენ მათ ასევე უნდა შევთავაზოთ გარკვეული შეღავათები უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კუთხით და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ.
 
აფხაზეთის მკვიდრებისგან არის ინტერესი? არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართველებს...
 
მოთხოვნა არის, მაგრამ მაღალია წნეხი და შიში, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არ არის მასშტაბური. ჩვენ პროცესის არ გვეშინია. ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ პროექტის ამოქმედებისას არ გვქონდა მოლოდინი, რომ მომართვიანობა მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტენდენცია მზარდია, დადებითი დინამიკაა. ჩვენ შეგვიძლია, ხარისხობრივად განსხვავებული განათლება შევთავაზოთ, ვიდრე ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს.
 
და ბოლოს, ალბათ ხშირად გსმენიათ კრიტიკა აფხაზეთის მთავრობის არსებობის საჭიროებებზე, რომ ფუნქციები შესაძლოა, შეითავსონ სხვადასხვა სამინისტროებმა. რას უპასუხებდით მათ? რატომ არის აუცილებელი ამ უწყების არსებობა?
 
ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი მაქვს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის გაუქმება ნიშნავს ლეგიტიმაციის და კავშირის დაკარგვას.
 
 
2018-09-27
„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ”

 

27 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას

ბატონო ვახტანგ, 25 წელია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან  დაკავშირებით უამრავ  ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, ახალ-ახალ ფაქტებზე გვიხდება ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზები ამ დღეს ზეიმობენ, ჩვენ კი დაღუპულ მეომრებს ვგლოვობთ და ვიგონებთ აფხაზეთიდან ძირფესვიანად აყრილი  მოსახლეობის დევნილობის ხვედრს. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

27 სექტემბერს სისხლით მორწყული აფხაზეთის მიწა დავტოვეთ, 300 ათასი კაცი  დედა- ბუდიანად ავიყარეთ ჩვენი კუთხიდან. ცრემლი გვახრჩობდა, ფეხები უკან გვრჩებოდა,   გვრცხვენოდა საკუთარი თავის. ერთმანეთს  კი  ვამშვიდებდით, რამდენიმე დღეში დავბრუნდებითო. ეს გულუბრყვილობა იყო, მაგრამ, განა შეიძლებოდა სხვაგვარად გვეფიქრა?  ეს ის დროა, როცა მოწინავე კაცობრიობა  მშვიდობას ქადაგებს, სადაცაა  ოცდამეერთე  საუკუნეს კარს გავუღებთ, გვგონია, რომ პროგრესი და საღი აზრი  გადაგვარჩენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი  უკუღმა ტრიალდება. მშვიდობას ომი ანაცლებს, ომი კი  გაუგონარი  უსამართლობითა და ტრაგედიით სრულდება. მთელი მსოფლიო შემოიარა კოდორის უღელტეხილის დათოვლილ გზაზე მომავალი  ადამიანების კოლოსალურმა ნაკადმა, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. აკი  მწერალმა გურამ ოდიშარიამ თავის მხატვრულ- დოკუმენტურ ნარკვევს, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს და იქ განვითარებულ მოვლენებს ასახავს, „დევნილთა უღელტეხილი" უწოდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ  არ მახსენდება მსოფლიოში ისეთი მაგალითი, რომ 300 ათასი კაცის  ასეთი  ულმობელი, დაუნდობელი გამოდევნა შესაძლებელი გამხდარიყო.  ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ დაადგა ამდენი ათასი ადამიანი  გზას, რომელიც არ იცოდა  სამშვიდობოს გაიყვანდა თუ არა? გგონიათ, იოლია ამ შეკითხვაზე   პასუხის გაცემა?

როცა ათასი ჯურის ბანდიტური დაჯგუფება დათარეშობს, ირგვლივ არავის ინდობენ, ვისაც წაასწრებენ ქუჩაში ხვრეტენ, ყველა გზა მოჭრილია და არჩევანის საშუალება აღარა გაქვს, ოჯახის, ბავშვების, მოხუცების სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობა დგება. მხოლოდ  გარდაუვალი სიკვდილის შიშს თუ  შეუძლია სახლ-კარი მიგატოვებინოს, საკუთარი ნაშრომ-ნაღვაწი უპატრონობისთვის, გავერანებისთვის გაგაწირინოს, ძვირფასი საფლავებისთვის ზურგი გაქცევინოს და დევნილის გზა აგარჩევინოს. ეს არის სინამდვილე, რომელიც შელამაზებას არ საჭიროებს.  სწორედ 27 სექტემბერს დახვრიტეს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია,  მამია ალასანია, რაულ ეშბა, არშაველ(ერიკ) შენგელია და უამრავი  ჩვენი თანამემამულე.  აუნაზღაურებელი ადამიანური ზარალი მოგვადგა, დავკარგეთ უამრავი  ვაჟკაცი, თავდადებული მებრძოლები, ნამდვილი პატრიოტები, რომელთა საფლავებთანაც დღეს თავდახრილები  ვდგავართ.  ბევრჯერ მითქვამს, რომ არ შეიძლება ჩვენი გმირები წარსულს ჩავაბაროთ, ისტორიის ფურცლებს მივანდოთ. აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოდ და წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ.

ბატონო ვახტანგ, ჟიული შარტავას, რომელსაც როგორც ვიცი, ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებაში, უამრავი აფხაზი  ახალგაზრდა ჰყავს  თბილისში გამოზრდილი და გზაზე დაყენებული,  დღესაც ყველასუკვირს,როგორ გაიმეტეს  აფხაზებმა  ჟიული შარტავა საწამებლად და დასახვრეტად?

ჟიულის განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა აფხაზი ახალგაზრდებისადმი.   ალბათ იცით, რომ წარსულში ის საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.  აფხაზეთიდან  ჩამოსულმა უამრავმა ახალგაზრდამ  გაიარა მის ხელში,  ყოველ მათგანს ყოფითი პირობები გაუუმჯობესა, გამოცდილება შესძინა, პერსპექტიულები გახადა. მართლაც არაფერი დაუშურებია მათთვის. სერგეი ბაგაფშის წინსვლაში ხომ ჟიულის ლომის წილი უდევს.  მას უნდოდა ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი  დაწინაურებული და გამარჯვებული ენახა. ბაგაფშსაც უყვარდა ქართველები, ცოლადაც ქართველი შეირთო. ქორწილიც თბილისში გადაიხადა, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება.

ჟიულის ქართველი და აფხაზი ცალ-ცალკე არასოდეს უხსენებია. აფხაზებს შორისაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

საქართველოს გაყოფა, გახლეჩა, დანაწევრება მისთვის შეუთავსებელი იყო.  საკუთარ რესურსს ბოლომდე იყენებდა,  ბოლო წუთამდე  თავდადებითი ბრძოდა.

ბედის უკუღმართობაა, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი ამაგი ჰქონდა აფხაზებზე, სწორედ აფხაზეთში დაიღუპა, რომელიღაც ბანდიტური დაჯგუფების მიერ დაიხვრიტა. დარწმუნებული ვარ, ჟიულის სიკვდილმა აფხაზებს გული ატკინა. მათ იცოდნენ ჟიულის ფასი  და ასეთ სიკვდილს მისთვის არ ისურვებდნენ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვები,  რომელიც 1993 წლის 27 ოქტომბერს, ჟიული შარტავას წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოების დღეს  წარმოთქვა:  „არის ისეთი ისტორიული მოვლენები,რომელიც არ იცი, როგორ შეაფასო. დღეს ჩვენაღვიშნავთ  დღეს, როცა დაეცა სოხუმი და აფხაზეთი. ვინ არის გამარჯვებული? არავინ არ არის,ყველა წაგებულია, საქართველოც, აფხაზეთიც, რუსეთიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში." განა, შეიძლება არ დაეთანხმო უწმინდესის სიტყვებს?  ამას დღეს განსაკუთრებით კარგად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობა. მახსოვს, აფხაზები ღიად ამბობდნენ: „უმჯობესია დავიხრჩოთ დიდ ოკეანეში, ვიდრე პატარა ტბაშიო. „დღეს ამგვარ ეპითეტებს თავს არიდებენ.  უფრო საკუთარ გასაჭირს უფიქრდებიან. ისინი ხედავენ, რომ ეგრეთწოდებულმა აფხაზეთის მთავრობამ საკუთარი ხალხის  კეთილდღეობას და მათ სამომავლო ინტერესებს რუსეთის ბაზები ანაცვალა. ქაოსმა და მოსახლეობის უკმაყოფილებამაც არ დააყოვნა, რაც სოხუმს  დიდ თავის ტკივილად შემოუბრუნდა.  რუსებისა და სოხუმის ე.წ. მმართველობისადმი მოსახლეობის ნეგატიური განწყობები ღრმავდება და არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამას გულისტკივილით აღვნიშნავთ და  ამიტომაც ვუწვდით ძმურ ხელს, შერიგებას, წარსულის დავიწყებას, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებას ვთავაზობთ, მაგრამ რუსეთის დიდი „მეცადინეობით", ეს ჯერ-ჯერობით მიუღწეველია. თუმცა, ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსის გამონათქვამები საქართველოს შესახებ მაფიქრებინებს, რომ აფხაზეთში რუსების თარეშმა, განუკითხაობამ და  გამალებულმა მილიტარიზაციამ აფხაზების მოთმინების ფიალა აავსო და, როგორც ჩანს, ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე, რომ 25 წლის წინ ქართველებზე" გამარჯვების ზეიმი" კარგავს აქტუალობას და დღეს ისე აღარ ეზეიმებათ, როგორც ადრე. ეგრეთწოდებულ აფხაზ" პატრიოტებს"   უნდა სცოდნოდათ, რომ აღვირახსნილ სეპარატიზმს არავისთვის დაუყრია ხეირი და არც მათ გადახდებოდათ თავს რაიმე სასწაული. დღეს უკვე  კარგად ვხედავთ, სეპარატიზმის შედეგები რამდენად სავალალო და ტრაგიკულია ყველასთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ქართველებისთვისაც.

ბატონო ვახტანგ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გკითხოთ გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც პრაღაში გაიმართა."დევნილთა უღელტეხილი"   ჩეხურ ენაზე ითარგმნა, რომელიც  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ მწერლის ხედვებს ასახავს. იქ თქვენც ბრძანდებოდით და იქნებ მოკლედ მოგვითხროთ ამ პრეზენტაციამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

დიახ, ამ წიგნის ჩეხურ ენაზე გამოცემას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. პრაღაში, წიგნის მაღაზია „აკადემიაში" ორშაბათს გაიმართა გურამ ოდიშარიას მოთხრობის, „დევნილთა უღელტეხილის" პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ჩეხურად თარგმნა ლიბორ დვორჟაკმა, გამომცემლობა Jonatan Livingston-ში დაიბეჭდა. იქ მყოფ საზოგადოებას გურამ ოდიშარიამ  ასე მიმართა: „ეს წიგნი 1993 დეკემბერში გამოვეცი. იგი იმ ადამიანის განცდებზე მოგითხრობთ, რომელმაც აფხაზეთიდან ათასობით დევნილთან ერთად გადაირა კოდორის უღელტეხილი, რათა სამშვიდობოს გასულიყო. დავწერე ემოციით, არაფერს მოვრიდებივარ". სასიხარულოა, რომ მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით ფილმს იღებს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი-მოთხრობა სხვა ენებზეც უნდა ითარგმნოს. ვფიქრობ იმასაც, რომ მწერლის ენას, მითუმეტეს, როცა ის ამ პროცესების მნახველი და უშუალო მონაწილეა,  ისეთი მძლავრი ემოციების გამომწვევა შეუძლია, რომ არ იცი როგორ გაუმკლავდე მოძალებულ გრძნობებს და თავს როგორ მოერიო. დაუვიწყარია  შეხვედრები, რომელიც  ჩეხეთში ჩვენი საელჩოს ორგანიზებით და ჩეხეთში მცხოვრები მეცენატის სოსო მატკავას მონაწილეობითა და უშუალო მხარდაჭერით ჩატარდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ, ჩეხები მეგრულად და აფხაზურად ასე ლამაზად შეასრულებდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს.   შეხვედრებზე ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომელიც ცალკე საუბრის თემაა. მწერალ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრას ჩვენ ცალკე მოვაწყობთ დიდი აუდიტორიის თანდასწრებით, სადაც მწერალი თავად უპასუხებს ყველა შეკითხვას.

ბატონო ვახტანგ, დღევანდელ დღეს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჩვენი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.  როგორ წარიმართა ალპინიადა, რომელსაც ასეთი საპატიო მისია ჰქონდა?

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, ალპინიადას წინ უზარმაზარი სამუშაო უძღოდა, რომლის შედეგიცაა  ალპინიადის წარმატებული სტარტი და მწვერვალის  დალაშქვრა. ალპინიადის მონაწილეებმა დალაშქრეს კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობის უსახელო მწვერვალი, რომელიც ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარეობს. გვეამაყება, რომ ჩვენმა მთამსვლელებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ მიზანს. ამიერიდან საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად,  უსახელო მწვერვალს ჟიული შარტავას სახელით მოვიხსენიებთ.

27 სექტემბერს ჩვენ იმედის და მომავლის დღეს  ვუწოდებთ. ალპინიადის მონაწილეების გამარჯვებაც იმ იმედის ნაწილია, რომლისკენაც  ყველანი მივისწრაფით. მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ყველას, ვინც ამ ალპინიადის წარმატებით დასრულებისთვის შრომა და ენერგია არ დაიშურა.

დღეს, 27 სექტემბერს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ომში დაღუპული გმირი მეომრების ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა სამშობლოსათვის უანგაროდ გაწირეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე. ვიზიარებთ ომში დაღუპული მეომრების დედების უზომო მწუხარებას,  მათ შორის აფხაზების, ოსების და სხვა ერის წარმომადგენლებისას.  მათი უკვდავი სახელების ხსოვნას  მარადისობის ნათელი ადგას.

2018-08-14
ვახტანგ ყოლბაია: „საბოლოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართველების გარეშე, რომელსაც აფხაზები ვეღარ აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინიც კარგავენ აფხაზეთს"

 საბოოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართველების გარეშე, რომელსაც აფხაზები ვეღარ აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინიც კარგავენ აფხაზეთს".

 ყოველ წელს 14 აგვისტოს გვიხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უმძიმეს მოვლენებზე საუბარი, დაღუპული მეომრების მემორიალთან ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება. აგვისტო და სექტემბერი ძალიან მძიმე თვეებია გასახსნებლად. 8 და 14 აგვისტო - ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტები, 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემა, 26 აგვისტო, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ერთი პატარა ქვეყნისათვის ეს იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. 26 წლის შემდეგ როგორ უყურებთ შექმნილ სიტუაციას

 მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული. 1992-93 წლის აფხაზეთის ომმა ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლისრამდენიმე დღიანმა ომმა,   კოდორი და ახალგორის რაიონიც დაგვაკარგინა და ჩვენი იურისდიქცია სამაჩაბლოშიც შეწყდა. მეზობელი რუსეთის მიერ  ოკუპირებული  ტერიტორიების 20 პროცენტს საქართველო დროებით ვეღარ აკონტროლებს. რა მოყვა ამას? დევნილთა უზარმაზარი ტალღა, ძალადობა, სიდუხჭირე, დამცირება, უსამართლობა, მშობლიური სახლ-კარიდან აყრა, დევნილობაში ცხოვრება და მრავალი სხვა. ფაქტობრივად, განადგურდა  ერის საუკეთესო წარმომადგენლობა,  უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ. ერთ პატარა ქვეყანაში ორი კონფლიქტის კერა, საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. კონფლიქტები  რთული სტრუქტურით გამოირჩევა და მასთან გამკლავება პატარა ქვეყნისთვის იოლი ამოცანა არ არის.

ომმა, რომელიც რუსეთის უშუალო მონაწილეობით  გაჩაღდა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარე ერთნაირად  დააზიანა, ეს ეხება პოლიტიკას, იდეოლოგიას, სამართალს, მორალს, და რაღა თქმაუნდა, ეკონომიკას.  საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით საქართველომ შეძლო ფეხზე დადგომა და ცხოვრების გაგრძელება.  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროპის აქტიურობა, მისი კონსოლიდირებული მოქმედება, არ აღიარების პოლიტიკის გატარება, კრემლს აშკარად აღიზიანებს. მოსკოვი ამას ქართული ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციით, მცოცავი ანექსიით და გალისა და ცხინვალის გასამხედროებით, გალელი მოსახლეობის უფლებების უკიდურესი შეზღუდვით პასუხობს. ამას კი ჩვენი საზოგადოების, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის გარდა, მსოფლიო საზოგადოების, დიპლომატიური მისიების, ევროკავშირის, გაეროს, ამერიკის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის, მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის ოფიციალური პროტესტის ხმაც უერთდება.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჟენევის პროცესს, რომელიც ყველა მხარის მონაწილეობით იმართება. პროცესი ხავერდოვნად არ მიმდინარეობს, რაც გასაკვირი არცაა, მაგრამ ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ სხედან და განიხილავენ  საკითხებს, რომლის განხილვაც არც ერთ  სხვა ფორმატში არ მოხერხდებოდა. არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ ეს არ ამცირებს ჟენევის პროცესის მიმდინარეობას, რომელმაც  საერთო პოლიტიკური თუ არა ზოგიერთი ჰუმანიტარული საკითხი გადაწყვიტა.  

რა თქმა უნდა, ყველა სიტუაციაში სიფრთხილე და გონიერება გვმართებს.  რუსეთი ხომ ჩვენს გამოწვევაზე მუშაობს.  ეს მოსკოვს იმ ფონზეც აწყობს, როცა  ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. იმასაც ვხედავთ, რომ მოსკოვიდან მუქარის ნოტებმა იმძლავრა, რაზეც რამდენიმე დღის წინ  დიმიტრი მედვედევის   მუქარის შემცველი მესიჯიც მეტყველებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

  • რა დარჩა აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისგან, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა 2008 წელს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, როცა მთლიანად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე . მათი აზრით, ამით აფხაზებმა საკუთარ თვითმყოადობას ძირი გამოუთხარს. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 გავიხსენოთ აფხაზეთის „ოცნება" დამოუკიდებლობის შესახებ, ორივე მხარეს მივიღეთ აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი და პრაქტიკულად მომავლის რესურსის განადგურება. რითი სრულდება ეგრეთწოდებული აფხაზეთის  სახელმწიფოს პერსპექტივა, რომელსაც ქართველების გარეშე უნდა შეექმნა ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სახელწიფოს ახალი მოდელი. და რამივიღეთ ახლა? -რუსეთიის მიერ აფხაზეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად გადაქცევა. მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ინვესტიციებს არ დაიშურებდა და აფხაზეთს ააყვავებდა, აფხაზების საბედისწეო შეცდომა გამოდგა. ყველანი ვხედავთ, რუსეთი ანექსირებულ ტერიტორიებს როგორ ექცევა. კრემლის ყველაზე დიდი ინვესტიცია მიტაცებული ტერიტორიების მილიტარიზაციაა. ეს პროცესები აფხაზებს და მათ შორის, აფხაზურ დიასპორასაც კარგად აქვს შესწავლილი და რუსებზე გულაცრუებისა და წყენის კვალი უკვე აშკარად იკითხება.

საბოლოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართული მოსახლეობის გარეშე, რომელსაც აფხაზები   ვეღარ აკონტროლებენ და  შეიძლება ითქვას, რომ ისინიც  კარგავენ აფხაზეთს.  ოღონდ ამას საკუთარი ძალისხმევით და დიდი მეცადინეობით მიაღწიეს.  რიტორიკული საუბარი რომ არ გამომივიდეს მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, აფხაზეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები  როგორ აღიქვამენ  შექმნილ სიტუაციას. ეს ამონარიდები გასაიდუმლოებული არ არის და ინტერნეტში ყველას შეუძლია მოიძიოს.

  • "გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია,მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგჩამს?"

     

„ხომ მივხვდით, რომ მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკას არაფერი ეშველება? კანონი არ გვაქვს, კონსტიტუცია არ გვაქვს, ამ 25 წლის განმავლობაში ერთი დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩავატარეთ.  საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია, ყველაფერი რუსების არის და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!"

„რუსი სამხედროები აფხაზებს მუდმივად "მათხოვრებს" და "საცოდავებს" ეძახდნენ როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, რომ ეს ოკუპაცია არ არის და რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ განვითარებაზე ზრუნავს". „ჭაობში ვცხოვრობთ და სულ მალე უარეს ჭაობში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც საკუთარი არაფერი გვექნება" „აფხაზურად უკვე ისედაც არავინ ლაპარაკობს, ეთაკილებათ, არმია რუსეთს შეურთდა, შსს არ გვაყვს, ფაქტობრივად, კრიმინალი განაგებს ყველაფერს, ეკონომიკა არც არასდროს გაგვაჩნდა და ამ ზღვას, თუ რუსები არ ჩამოვიდნენ, მაინც არავინ ეკარება. ესეც შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო"

  • ჩვენი ხელმძღვანელობა მუდმივად ლაპარაკობს საქართველოდან მომავალ საფრთხეზე და ამით ყველაფრის განეიტრალება უნდათ, მათ კომპლექსი აქვთ, იმის გამო, რომ აფხაზები ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოში გარბიან და ამის გამო საზღვრის გამკაცრება უნდათ, მაგრამ არავინ კითხულობს, რა ქნას ხალხმა გამოუვალ სიტუაციაში, სად წაიყვანოს ავადმყოფი შვილი, დედა, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი. ჩვენი ოჯახის წევრებს ქართველი ექიმები მკურნალობენ უფასოდ. თქვენ კი აპირებთ საზღვრის კონტროლის გამკაცრებას და რა ვქნათ, აქ დავიხოცოთ?!"

 როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია! და კიდევ ერთი ვიდეომასალის შესახებ მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა. სოხუმის სანაპირო ზოლი  და მისი შემოგარენი იყო ნაჩვენები, რომელიც სოხუმში მყოფმა ადამიანმა გაავრცელა. ფირზე ჩანს უკაცრიელი სოხუმის სანაპირო ზოლი და პლაჟი,  სადაც არც ტურისტების და არც ადამიანის ჭაჭანება არ არის. რომ არაფერი ვთქვათ მოუვლელ,  გავერანებულ, ყოველგვარ ადამიანურ კომფორტს მოკლებულ პლაჟზე. ეს ის სოხუმია, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა, სიმწვანეში იძირებოდა ყველაფერი, ყოველი კუთხე კუნჭული მოვლილი და  დალაგებული იყო.  სეზონზე ტურისტების  მოძალება  ნემსის ჩასავარდნ ადგილს არ ტოვებდა. ახლა კი შემოგვყურებს უკაცრიელი და გაველურებული, ქართველებისაგან  თითქმის დაცლილი  სოხუმი. როგორ ვუპასუხოთ ასეთ გამოწვევას? ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ახალ ძალას  და შინაარსს იძენს, რომელიც, ვფიქრობთ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გზაზე არსებული ყინულის გალღვობას შეძლებს.  საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს და ოსებს  სთავაზობს ყველა სიკეთეს, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლების სისტემას   და  მრავალ სხვა სოციალურ თემებს ახლავს. რაც შეეხება იმ ხაფანგს, რომელიც რუსებმა აფხაზებს და ქართველებს დაგვიგეს, მისგან ხსნა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა  შესაძლებელია,თუ აფხაზური საზოგადოება ამას მოიწადინებს. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ რადაც  უნდა დაგვიჯდეს,  მოლაპარაკების გზით პროცესი ორივე მხარის სასარგებლოდ უნდა შემოვაბრუნოთ. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ წვეთი ქვას  არა ძალით, არამედ წვეთის ხშირი დაცემით ხვრეტს.  არ უნდა მოგვბეზრდეს მშვიდობის ენაზე საუბარი. ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოდან მათ არავითარი  სამხედრო საფრთხე არ ელით.

  • თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თქვენი უმთავრესი დასაყრდენი ახალგაზრდობაა, რომ ისინი უფრო სხარტები და მოქნილები არიან, მეტი გამომგონებლობით გამოირჩევიან, რომ მათ უკეთ შეუძლიათ აფხაზ ახალგაზრდობასთან საერთო ენის გამონახვა. რა გაქვთ ჩაფიქრებული?

 დიახ, ასეა. როგორმე  ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები უნდა გავუხსნათ ქართველ , აფხაზ და ოს ახალგაზრდობას. გვინდა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თავმოყრა მრგვალ მაგიდასთან, ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებზე ვფიქრობთ. გვსურს აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორულ კონცერტს გავუკეთოთ ორგანიზება. ვგეგმავთ საერთშორისო კონფერენციის მოწვევას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო აფხაზი, ქართველი და ოსი ახალგაზრდები, არამედ ჩვენი რეგიონის და უცხოეთის სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებიც. ამ კონფერენციაზე ყველა კონცეფციას ექნება არსებობის უფლება და მისი სამეცნიერო განხილვა არავის პროტესტს არგამოიწვევს.  მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ფლორენციის პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი და აფხაზი სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. დაწესებულია  აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარისა და საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას  სახელობის სტიპენდიები. სტიპენდიის მოსაპოვებელი კვლევები მიძღვნილია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებისადმი. ნაშრომებში არის წარსულის შეცდომების ანალიზის მცდელობა და მრავალი სხვა, რაც ამ პროცესს უკავშირდება.  პირველი კონკურსი უკვე ჩატარდადა შარტავას სახელობის სტიპენდიის მაძიებლებში 2 გამარჯვებულიც გამოვლინდა. კარგი პროექტია აფხაზური ენის სწავლების დანერგვა ჩვენს სკოლებში, სასკოლო ოლიმპიადები აფხაზეთის თემატიკაზე, ახალგარზდული კონფერენციები, დისპუტები კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე და ა.შ....

26 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი თაობა ამ კონფლიქტის მოგვარებას ვერ მოახერხებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს პრობლემა მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ, მაგრამ როგორც ვხედავ, ახალ  თაობას მოუწევს აქტიური ჩართვა ამ პროცესში. ისეთი განცდა მაქვს, რომ  სწორედ ისინი გახდებიან ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ - ახალგაზრდობა დიდი ძალაა, რომელსაც ჩვენზე მეტის გაკეთება შეუძლია. უფრო გამომგონებელია, უფრო მოქნილია, სწრაფი აზროვნებით და სიტუაციის ადეკვატური შეფასების უნარით გამოირჩევა. მათთან ურთიერთობამ, ხშირმა შეხვედრებმა, აფხაზეთის თემაზე საუბრებმა ბევრი რამ მასწავლა მეც და მრავალ ჩვენგანსაც.

  • 26 წლის შემდეგ რა შეიძლება ითქვას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე. როგორ მიგაჩნიათ ამ ხნის მანძილზე მოხდა თუ არა მათი ინტეგრაცია ჩვენს მოსახლეობასთან.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ჩვენი საზოგადოების ძალიან შეგნებული ნაწილია, რომლის მოთმინების უნარიც საარაკოა. რა არ გამოსცადეს მათ, საკუთარი ფუძიდან აყრა, დევნილობა, დამცირება, გაჭირვება, უსახლკარობა... და მაინც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს. შვილებს ღირსეულად ზრდიან, მათი ბავშვებისთვის აფხაზეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. ჩვენ იმ მრავალრიცხოვანი და მრავალტანჯული დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ თითით საჩვენებელი საზოგადოება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ დევნილის სტატუსით უნდა გამოირჩეოდეს.  ჩვენ გახლავართ ოკუპირებული ტერიტორიის შვილები, რომელთაც განგებამ განსაკუთრებული ფუნქცია მოგვანიჭა. ეს ფუნქცია მხოლოდ არსებობისთვის და ლუკმა პურისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ვართ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახვეწილები და შეჭრილები. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, დავტოვოთ მოჯადოებული წრე, რომლის გარშემოც მრავალი წელია დავდივართ.  ჩვენი მიზნები, რეფორმები, ჩვენი სტრუქტურების მიერ შემუშავებული ყველა სამოქმედო არეალი ერთ მიზანს ემსახურება.  როგორმე მოვახერხოთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური პირობების გასუმჯობესებლად. ყველას მოეხსენება, რომ მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. დათრგუნული, ფუძეაყრილი, უმუშევარი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე სარჩო აქვს მოსაპოვებელი ოჯახის გამოსაკვებად, ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას. ვგულისხმობ, აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და დაახლოების პროცესს. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ გაჩერების, ხელების ჩამოშვების, რაიმე მიღწევებით თავისმოწონების უფლება არა გვაქვს. 26 წელი გავიდა ავადმოსაგონარი დღეებიდან. გაიზარდა ახალგაზრდობა. ისინი უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფიან, ხედავენ მათ მშობლებს როგორ უჭირთ, რა რთულია დევნილი ადამიანის ხვედრი.  თანამედროვეობას მოაქვს თავისი მოთხოვნები და ცხოვრების წესი, რომელიც გაიძულებს ამ ტალღაზე გადაწყობას გინდა შენ ეს თუ არა. ჩვენ გვინდა   გარდატეხა  შევიტანოთ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებში. გადავდგათ  საეტაპო ნაბიჯები, ახალგაზრდობის აღზრდის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების, ჯერ კიდევ დაუბინავებელი ადამიანების დახმარების,  განათლების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და მრავალი სხვა კუთხით. ამ საკითხებში კი დევნილების აქაურ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დევნილები ბოლომდე ინტეგრირებული არ არიან. გაუცხოვების ფაქტორი არსებობს, რაც არ არის სასურველი. როგორმე უნდა მოვერიოთ ამ საქმეს, რომ ჩვენმა დევნილებმა საკუთარ  თავი გაუცხოებულად არ იგრძნონ.  ისედაც მრავალი საფრთხე თავს დაგვტრიალებს და  არც მსოფლიო პრობლემები გვივლის გვერდს. ჩვენთვის დიდი იმედია, რომ დასავლეთი, ამ მღელვარე  სამყაროში, არასტანდარტული საფრთხეებით სავსე ეპოქაში, საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ახერხებს.  ეს ძალას გვმატებს და გზას გვიხსნის სამშვიდობო პროცესის გაძლიერებისა და  მისი ახლებურად დანახვის საკითხში. მაგრამ,  არაერთხელ მითქვამს, რომ  დახშული კარი მაშინ გაიხსნება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.

  • როგორ შეაფასებდით დღეს გალში მიმდინარე მოვლენებს, რას იტყვით ქართულის სწავლებაზე, გამყოფ ზოლზე, სოციალურ პრობლემებზე, გალის გასამხედროებაზე და სხვა საკითხებზე, რომლის გამოც გალის მოსახლეობას მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება?

 მოგეხსენებათ, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ  განათლების საკითხია. სამწუხაროდ, განათლების სფეროში რეალური შედეგი ვერ მივიღეთ. ძალიან დიდი კამათის საგანია  ქართული ენის სწავლების საკითხი. გალის რაიონში შედარებით ნაკლებად იყო ეს პრობლემა, მაგრამ  ახლა ასეთი საფრთხე რეალურია. ვხედავთ, რომ თანდათანობით, მეთოდურად ხორციელდება ქართულის გამოდევნა, რაც ძალიან საგანგაშოა.  პრობლემურია აფხაზეთში პრივატიზაციის საკითხი, რომელიც გალელებისთვის ქონების წართმევა-წაგლეჯის ტოლფასია. ასევე პრობლემურია აფხაზეთის მიწების საკითხები და გამყოფ ზოლზე შექმნილი  რთული ვითარება. ეს უსერიოზულესი თემებია, რომელიც გალის მოსახლეობას ძალიან თრგუნავს და მუდმივი უსამართლობის განცდას უღვივებს. მიუხედავდ იმისა, რომ  საქართველოში მიღებული კანონი, ბათილად ცნობს აფხაზებთან დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლლება. უაღრესად გამკაცრებულია ვითარება გამყოფ ზოლთან, რაც  ძალიან წააგავს  საცრით წყლის ჭერას. აფხაზები ვერ ხვდებიან, რომ  ყველანაირი ბარიერის და დისკომფორტის მიუხედავად, ხალხი მაინც არ მოიშლის ენგურს გაღმა-გამოღმა სიარულს. თუ ეს ასე არ მოხდება,  პრობლემა თავად  აფხაზეთს შეექმნება, რადგან გალის ბაზარს არა მარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს. მიუხედავად  ამისა, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტუაციის მოწესრიგება. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ. სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება.

მახსენდება ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში აფხაზი მიმომხილველის „წუწუნი" იმაზე,  რომ"პატარა ღელეზე" თუ გადასავლელი დაიკეტა და ამას მთელი ევროპა და მსოფლიო ყურადღებას აქცევს, ასეთი რა მოხდაო?!". ვიღაცისთვის ეს ღელეა, ადგილობრივთათვის კი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალება. ამ პატარა გადასასვლელზე ადამიანები მშვიდად გადადიოდნენ, აკრძალვამ კი მკვეთრად შეცვალა მათი გუნება-განწყობა, ეკონომიკური სიტუაცია. ადგილობრივ მოსახლეობას კაპიკი არ უჯდებოდა ეს მიმოსვლა, ახლა ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აფხაზები იმასაც ხვდებიან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ჩვენი კონტაქტები უფრო ხელშესახები გახდება, ადამიანები უფრო თავისუფლად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყველაფრის ამოძირკვა, რაც საერთო წარსულთან გვაკავშირებს - მაგალითად, ქართული ტოპონიმების ამოძირკვის მცდელობა. მესმის,რომ "ლესელიძეს" გადაარქვა სახელი ან რომელიმე სოფელს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ სახელებს, რომელიც ოდითგანვე ცნობილია, არქმევდე უსახურ, არაფრისმთქმელ სახელს და ამით თავს იწონებდე? - გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია.

ავიღოთ თუნდაც მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მეგრული ენა არასოდეს დაიკარგება სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში, ყოფაში და ყოველდღიურობაში. მეგრულ ენას აფხაზების და, მით უმეტეს, რუსების მხარდაჭერაარ სჭირდება - იმ რუსებისა, რომლებიც ამას იყენებენ როგორც ქართული ენის ალტერნატივას. ამიტომ ეს არის ამაოდ დახარჯული ენერგია, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს. განა არ იციან, რომ მეგრული ენა ვერასოდეს ჩაენაცვლება ქართულ სახელმწიფო ენას და მისდამი ყოველი ჩვენგანის სიყვარულს, მაგრამ ნირს არ იცვლიან. შემთხვევითი არც ისაა, რომ ასეთი საქმეებისთვის გალი აირჩიეს. ერთია, რომ - გალი მაინც ფრონტისპირა რეგიონია. მეორეც, როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერონ.  ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, სადაც ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ამ ფონზე, ვფიქრობ გასაგებია, რატომ მოხდა გალის ''სამხედროქალაქად'' გამოცხადება - შესაბამისი კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში  ამოქმედებულია. გადაწყვეტილება ამის თაობაზე აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღეს. გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25 სამხედრო საგუშაგო განთავსდა. გალის რაიონის სოფლების ნაწილი ოჩამჩირის, ნაწილი კი ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. კომპლექსი უცხო პირებისგან დაცულია და  კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. ეს არის დახურული სამხედრო  ქალაქი, სადაც სპეციალური ნებართვის ან საშვის გარეშე არასამხედრო პირს გადაადგილება ეკრძალება.

ბუნებრივია, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ეს დღემდე დაუძლეველია. დღესაც არ არიან დასჯილები გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები. ეს გაუგონარი უსამართლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობებმა უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა, დამნაშავეები მაინც თავისულად დადიან.  ჟენევაში ჩვენმა დელეგაციამ  მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ქართული სასამართლოსმიერ მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება და  გადაცემა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა. ქართული მხარე რუსეთს მიმართავს, არ დააბრკოლოს ამ მიზნით ქართველი სამართალდამცავების მიერ დაწყებული გამოძიება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა შელახვის რთული მდგომარეობა. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობა, ამიტომაც საჭიროა  ყველა მექანიზმის  გამოყენება, რომ ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მრავალჯერ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე  სამართალს ვერ გაექცეს.

  • ბატონო ვახტანგ, გადასახედია თუ არა კონფლიქტის მოგვარების ტქნოლოგიები, ამაზე ხშირად გაისმის საყვედურები თქვენი უწყების მისამართით. როგორ უყურებთ ამ საკითხს?

რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიები გადასახედია, შესაცვლელია და დასახვეწი.  საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა" ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" სხვა საკითხებთან   ერთად ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასაც გულისხმობს, რაც დროული და მისასალმებელია. ძალიან დიდი მუშაობა გვმართებს ამ საკითხებზე ყველასთან, ვისაც ეს ხელეწიფება.   26 წლის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის თემა საქართველოშიც კი კანტი-კუნტად გაისმოდა. ახლა ოკუპირე

2018-02-14
ვახტანგ ყოლბაია: "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის გააქტიურება, პირადად ჩემში, მხოლოდ დადებით რეაქციას იწვევს"

Heritage Foundation-ის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მოხსენებას, რომელიც ნატოში საქართველოს დაჩქარებული შესვლის სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ნატოს წესდების მე-5 მუხლის მოქმედების დროებით შეჩერებას უკავშირდება, ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საუბრობს.

-    ბატონო ვახტანგ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა Heritage Foundation-ის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც მისი ხელმძღვანელი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველოს ნატოში მიღებას დააჩქარებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მოქმედების დროებით შეჩერება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და არის თუ არა ეს გამოსავალი და რისკის შემცველი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით?
-    სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, იმთავითქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის გააქტიურება, პირადად ჩემში, მხოლოდ დადებით რეაქციას იწვევს. მსჯელობა, კამათი, სხვადასხვა ვარიანტების მოხმობა, სიტუაციის გაანალიზება, სამომავლო გათვლები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს ჩართული. რა დასამალია, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიების დეოკუპაციისადმი და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაკარგულ ტერიტორიებად მიიჩნევს. არის მეორე ნაწილიც, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული ამ საკითხზე და ყოველგვარ მსჯელობას არასერიოზულად აღიქვამს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი არ ეგუება ამგვარ უსამართლობას და მიაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს პოლიტიკური მიდგომები და ახლი ხედვები უნდა შევიმუშავოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ასეთია რეალობა და გვინდა თუ არა, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. 24 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ. ისეთი პერიოდიც კი, როდესაც საქართველოს ერთიან სახელმწიფოს ჩამოშორებული, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხმა მოსაწყენი თემებისთვის განკუთვნილ თაროზე გადაინაცვლა და მისი იშვიათი გააქტიურება მხოლოდ კამპანიურ ხასიათს ატარებდა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ზიანი მიადგა საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას ასეთი მიდგომით. არავინ შემედავება ალბათ იმაში, რომ თუ კი რამ არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ერთიან სივრცეში დაბრუნებაა. არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, დახშული კარი მაშინ გაიღება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.
ახლა, რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, The Heritage Foundation - ის დირექტორი ლუკ კოფი, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ამერიკული საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია, გვეუბნება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეჩერებით და მე-6 მუხლით მიერთებულ პროტოკოლში გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების შეტანით, სადაც აღინიშნება, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ნატოს მეხუთე მუხლის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება. გვისახელებს პრეცედენტსაც, რომ ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, რის შემდეგაც 1952 წელს ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ.

-    ბატონო ვახტანგ, 1951 წელს მსოფლიოში სულ სხვა სიტუაცია იყო. ის, რაც თითქმის 70 წლის წინ შესაძლებლად მიიჩნია ნატომ, რამდენად მისაღები იქნება ახლა?
-    გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სამყარო ახლა სულ სხვა განზომილებაში იმყოფება. მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლა გლობალური პრობლემაა, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთული და დროში გაწელილი აღმოჩნდა. საქართველო, მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის, ამავე დროს კავკასიის ნაწილიცაა, რომელიც არანაკლებ ფეთქებადსაშიშია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში გაბნეული დიდი თუ პატარა პოლიტიკური ნაღმები, რომელიც დრო და დრო ფეთქდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე აგრესიული ქვეყანა, რომელსაც ასე თუ ისე, ყველა ერიდება, ჩვენი მეზობელი რუსეთია, რომელმაც მოახდინა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული სამხედრო ბაზები ხელის გაწვდენაზეა განლაგებული. ამ პირობებში, რუსები იმასაც კი გვედავებიან ვაზიანში სამხედრო ბაზას რატომ აშენებთ, რატომ ახდენთ მის მოდერნიზაციას, ჩვენთვის ეს მიუღებელიაო. განა ეს თემები მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს არ უკავშირდება? ვფიქრობ, ასევე გასათვალისწინებელია ლუკ კოფის მოხსენებასთან დაკავშირებით, ჩვენი ექსპერტების მიერ გამოთქმული შეხედულებები, რომელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას მოასწავებს, მეორე ნაწილი კი ამჯობინებს, განვიხილოთ ეს საკითხები და უფრო სერიოზული დასკვნები გავაკეთოთ, ვიდრე ხელაღებით უარვყოთ ყველაფერი. როგორც ხედავთ, მოსაზრებები არაერთგვაროვანია, რაც ალბათ არავის უკვირს საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე.

-    ბატონო ვახტანგ, პირველი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ლუკ კოფის მოხსენების პრეზენტაცია, სადაც უფრო მეტი განმარტებები გაკეთდა მოხსენებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პრეზენტაციას?
-    დიახ, ძალიან საგულისხმოა ლუკ კოფის მოხსენების სათაური „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ის და ევროპის ინტერესებში", როცა ის ამბობს, რომ ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, თუ როგორ დავაახლოვოთ კიდევ უფრო ნატო და საქართველო, რომ როგორმე შევძლოთ საქართველოს დაჩქარებული წესით ალიანსში მიღება და თანაც დასძენს, რომ მისი შეთავაზება არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული განსჯის საგანია.
როგორც წეღან აღვნიშნე, დიალოგი ამ თემაზე საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ ხელაღებით დათანხმება შემოთავაზებულ ფორმულაზე, ისე რომ მრავალი გარემოება არ გავითვალისწინოთ, შეუძლებლად მიმაჩნია. გარემოებები კი მრავალია. ერთ-ერთ ინტერვიუში ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ ეს ანგარიში ამერიკის კონგრესსაც და პრეზიდენტის ადმინისტაციასაც გაუგზავნა, საიდანაც პასუხს ელოდება. მან ჯერ არ იცის რა რეაქცია ექნება ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მის მოხსენებაზე. შესაბამისად, მათი აზრი არც ჩვენ ვიცით, ამის ცოდნა კი აუცილებელია. ჩვენთვის საინტერესოა ასევე, ამ მოხსენებამ საერთაშორისო ხასიათიც შეიძინოს და ვიცოდეთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების და, მათ შორის, არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების და პოლიტიკოსების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსების მოსაზრებას ლუკ კოფის მოხსენებასთან დაკავშირებით, ისინი უკვე წერენ იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანდეს. რუსების კიდევ ერთ მოსაზრებაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. რუსმა ჟურნალისტებმა გრიგორი კარასინს დაუსვეს კითხვა, რა აზრისაა იგი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კარასინმა უპასუხა, რომ რუსეთი გააგრძელებს მუშაობას პროცესზე, რომელიც არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას არ დაუშვებს. ასეთია მისი კონკრეტული პასუხი დასმულ კითხვაზე, რაც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ახლოვდება ივლისში დაგეგმილი ბრიუსელის ნატოს სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვარაუდობენ, რომ ამ სამიტზე საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს ნატოსთან. მეორეს მხრივ, ლუკ კოფი გვიზიარებს ნატოს ზოგიერთი წევრის შეშფოთებას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურად ომს გამოიწვევს. მაშ როგორღა უნდა მოხერხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმის ამუშავება? ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დროებით შეჩერება საკმარისი არგუმენტია ალიანსისთვის, რომ 28 სახელმწიფომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს და სარისკო ნაბიჯები გადადგას საქართველოს სასარგებლოდ და რუსების ინტერესების საზიანოდ? კარგად ვიცით, რომ დღეს არცერთ ქვეყანას არ აწყობს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. მით უმეტეს, როცა სიტუაცია მსოფლიოში ისედაც დამუხტულია და პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. ამიტომ გადაჭარბებული ოპტიმიზმი ხშირ შემთხვევაში ცუდი მრჩეველი და მეგობარია. ამას მინდა დავუმატო კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც უმნიშვნელოს ვერ ვუწოდებ. 24 წლის მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთთან დადებული მრავალი შეთანხმებიდან, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, არც ერთი არ შესრულებულა. ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას ხელშეკრულების შინაარსი ითვალისწინებდა. როგოც ხედავთ, კითხვები მრავლადაა და მათ პასუხი უნდა გაეცეს. სწორედ ამისთვისაა საჭირო კამათი, დებატები და დისკუსია, რომელიც ახალი ხედვების და ახალი სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ეშმაკი დეტალებშიაო იტყვიან, ამიტომ შემოთავაზებული თემის დეტალიზაცია და ღრმად შესწავლა, მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს. პირადად მე, ამ გზის მომხრე ვარ. არის სხვა საკითხებიც, რომელიც საეჭვოდ მიმაჩნია, მაგრამ ახლა ალბათ არ ღირს ამაზე საუბარი. დადგება დრო, როცა ყველაფერი შეიკრიბება, შეჯამდება და უფრო მეტი რამ გვეცოდინება იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ლუკ კოფი აქცენტირებას აკეთებს. რაც შეეხება დისკუსიას, რომლის დეფიციტიც ნამდვილად გვაქვს და რომელსაც ამერიკელი მკვლევარიც გვთავაზობს, იგი უკვე გახსნილია მთელი საზოგადოებისთვის, რასაც მხოლოდ მივესალმები. 

2017-12-20
ვახტანგ ყოლბაია: „კატალონიაში სეპარატიზმის მარცხი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის“

ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, კატალონიაში მიმდინარე რთულ პროცესებზე, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია  საერთაშორისო საზოგადოებაში, პოლიტიკურ  და დიპლომატიურ წრეებში.

რა მოხდება ესპანეთში 21 დეკემბერს კატალონიის ვადამდელ არჩევნებზე.

სეპარატიზმი, როგორც ასეთი…

ბატონო ვახტანგ, მსოფლიოში ბევრი ცხელი წერტილი არსებობს, რომელიც საზოგადოების  ძლიერ შეშფოთებას იწვევს. ალბათ არავინ ელოდა 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ომისა და მშვიდობის საკითხების უკიდურეს გამწვავებას, ტერორისტული აქტების ასეთ სიმრავლეს, ბირთვული იარაღით მანიპულირებას, დევნილთა და მიგრანტთა კოლოსალურ  ნაკადებს. ამას ემატება სეპარატიზმის ტალღის  ერთგვარი გამოღვიძებაც, რომლის მაგალითად შეიძლება  დღეს კატალონია მივიჩნიოთ, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა აღიარა და ესპანეთიდან გამოყოფა მოითხოვა.

როგორ  შეაფასებთ სეპარატიზმის ექსპორტს  ევროპაში, რომელსაც, როგორც ამბობენ,  გაუთვალისწინებელი   შედეგები შეიძლება მოყვეს?

ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით  და ვსწავლობთ კატალონიის კრიზისს, რომელსაც ესპანეთიდან გამოყოფა სურს. არ შეიძლება არ მოიწონო და არ დაეთანხმო ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ მკვეთრ ნაბიჯებს სეპარატისტების მიერ მოწყობილი კრიზისის გადალახვისა და ესპანეთის ერთიანობის შენარჩუნების გზაზე. კონსტიტუციის  155 მუხლის ამოქმედებით, ესპანეთმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, სეპარატისტული მთავრობა დაითხოვა და 21 დეკემბერს კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.  საქართველოს  ხელისუფლება ერთ-ერთი  პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონია განიხილა ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.  დაგმო კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება და მხარი  დაუჭირა ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.

ჩვენ არ ვიცით რა მოხდება 21 დეკემბერს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ ნაბიჯით ესპანეთმა უკვე შეუკვეცა ფრთები არა მარტო კატალონიურ, არამედ, ზოგადად სეპარატიზმის ტალღას  ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში, რომელსაც ესპანეთში გამარჯვების შემთხვევაში,   ნაღმის აფეთქებისა  და  ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნებოდა.

რა შეიძლება მოხდეს კატალონიის გამარჯვების შემთხვევაში?

კატალონიის გამარჯვება ყველზე ცუდი სცენარია იმათგან, რომელიც შეიძლება  ევროპას თავს დაატყდეს. წარმოიდგინეთ, ბასკეთი,  ბელგია, შოტლანდია, ჩრდილოეთი იტალია, კორსიკა, რომელსაც სეპარატიზმის ცეცხლი გადაედება. არ უნდა დაგვავიწყდეს დანარჩენი მსოფლიოც, სადაც სეპარატისტული განწყობებია. არც ისინი შეხვდებიან მდუმარედ ამ ფაქტს და, ასევე მოითხოვენ დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს იქნება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, განუკითხაობა და დაუსრულებელი გამოსვლები, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები  შეიძლება მოჰყვეს. საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ ბირთვული საფრთხე და ტერორიზმიც კი გადაწონოს გაუთვლელმა პოლიტიკურმა მოქმედებებმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლის ორმაგი სტანდარტიც გაასმაგებული ენერგიით ამოქმედდება, რომელიც ყასიდად ესპანეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მეორე მხრივ, ცეცხლს უბერავს ისედაც გადახურებულ საბერველს, რომ სეპარატიზმის ეგრეთწოდებულ „რენესანსს“ ხელი შეუწყოს, ევროკავშირი დაასუსტოს და საკუთარი მოქმედება გაამართლოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

მაგრამ როგორც ვხედავთ, ევროკაშირის პოზიცია ერთიანი და შეუვალია ესპანეთთან დაკავშირებით.  უფრო მეტად სიტუაციის ესკალაციას ევროკავშირი აღარ დაუშვებს.

თვლით თუ არა, რომ სეპარატიზმი მაინც კოსოვოს აღიარების შემდეგ მოღონიერდა?

მე ვთვლი და არა მარტო მე, რომ  ეს შეცდომა იყო. ბალკანეთის ომს მოყვა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება, ანუ მოხდა  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვა, რომელიც თითქოს იძულებით გადადგმული ნაბიჯით იყო ნაკარნახევი სერბეთში სიტუაციის განსამუხტად. ბუნებრივია, საქართველომ კოსოვო არ აღიარა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფაქტის შემდეგ მიძინებული სეპარატიზმი მოქმედებაზე გადავიდა და მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად იქცა.  სეპარატიზმის პირველი შედეგები კი მოსკოვის დიდი მეცადინეობით,   სწორედ საქართველომ იწვნია,  რომლის შედეგიც ისაა, რომ  საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტს  დროებით ვეღარ ვაკონტროლებთ. საქართველო, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის პრინციპულობასა და მოთმინებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ  და მრავალმა გარემოებამ განსაზღვრა ისიც, რომ საქართველო  ვერ გახდება სეპარატიზმის ხელშემწყობი  მექანიზმი, რომელიც   მეტ-ნაკლებად ყველგანაა დადარაჯებული  შუაგულ ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, აფრიკასა და თვით ამერიკაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე. ბრექსიტის სკანდალმა, რომელსაც სეპარატიზმთან საერთო არა აქვს, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად საფრთხის შემცველია  მსოფლიოსთვის  პოლიტიკური შეცდომები, რომელმაც გლობალური მსოფლიოს არსებობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას  და სეპარატიზმის აყვავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას. სეპარატიზმის წახალისება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტერორისტული თავდასხმები, ომები და მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც  მიუსაფარ ადამიანთა მასობრივი ტალღა ახლავს.  სამწუხაროდ,   ასეთი საფრთხეები  დღეს  მოჭარბებული დოზით გვაქვს.

აქვს თუ არა საერთო კატალონიის სეპარატიზმს საერთო საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონებთან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან?

აფხაზეთსა და სამაჩაბლოს  კატალონიისგან ბევრი რამ განასხვავებს,  მაგრამ  სეპარატიზმი ყველგან სეპარატიზმია ესპანეთში  მოხდება ეს თუ ჩინეთში. დაღი, რაც თავის დროზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თვითნებურად განცალკევებამ საქართველოს დაასვა, დღემდე გადაულახავ პრობლემად რჩება.  დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე,   რომ თვითგამორკვევის უფლება ყველა ერს აქვს და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. მაგრამ ამის პარალელურად შავით თეთრზე მითითებულია, რომ არც ერთი დღეს მოქმედი ფედერალური კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ქვეყნიდან გამოყოფის (სეცესიის) შესაძლებლობას, ხოლო ფედერალურ ტერიტორიას აღიარებს, როგორც განუყოფელს. შესაბამისად, ნებისმიერი ცდა ამ მიმართულებით განიხილება როგორც ანტიკონსტიტუციური აქტი, ხოლო სეპარატისტული მოძრაობა შეფასებულია, როგორც სახელმწიფოს არსებობისათვის სერიოზული საფრთხის შემცველი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებიდან გამოყოფა სეპარატიზმის უკიდურესი ფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. კიდევ უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, ესაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიერ იგმობა.

მეკითხებით, რით განსხვადება ერთმანეთისგან  აფხაზური, ოსური და  კატალონიური სეპარატიზმიო. კატალონიაში მართალია იყო გამოსვლები, დაპირისპირება პოლიციასთან, რასაც დიდი არეულობა და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ კატალონია ცდილობდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გასულიყო. იქ არავინ ცდილობდა ცეცხლითა და მახვილით ვინმეს ქვეყნიდან გაძევებას. საქართველოში ეს პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართა.   აფხაზეთთან დაპირისპირება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, რომელიც  წელიწადზე  მეტ ხანს გაგრძელდა.   საბოლოოდ კი ქართული მოსახლეობის აფხაზეთიდან დედა-ბუდიანად აყრით და გამოძევებით დასრულდა. რაც შეეხება სამაჩაბლოს, ეს კიდევ უფრო განსხვავებული შემთხვევაა. მას საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობა სურს, მაგრამ ამავე დროს მეორე სახელმწიფოსთან მიერთებაზე  (ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია) აცხადებს პრეტენზიას.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიას  არ ჰყავს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია, რომელიც ამავე დროს, უმძლავრესი ბირთვული სახელმწიფოა, რომლის მხარდაჭერის შედეგადაც მოხდა ჩვენი ძირძველი ქართული ტერიტორიების საქართველოდან ჩამოშორება.  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა ყოველგვარი რეფერენდუმების გარეშე აღიარა.  რუსული მედია დღესაც ცდილობს კატალონიის მაგალითის გამოყენებას, მაგრამ ფაქტობრივი რეალობა სხვაგვარია.  ჩვენთან თავდაპირველად მოხდა ამ ტერიტორიების ანექსია და შემდეგ ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც საერთაშორისო სამართალი არ ცნობს. ყველაზე დიდი სიმართლე კი ის გახლავთ, რომ დღეს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს, რომელზეც განთავსებული აქვს საკუთარი სამხედრო ბაზები, რომლის  ფინანსური მხარდაჭერის  ლომის წილიც რუსეთზე მოდის. მიუხედავად ამისა საქართველომ, რუსეთის უდიდესი ზეწოლის პირობებში, მაინც შეძლო ევროკავშირთან და ნატოსთან  საკუთარი პოზიციების გაძლიერება  ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.  დღეს აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ კატალონიელ სეპარატისტებს შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს. გარდა ამისა,  ცნობილია ისიც, რომ კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანი, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

რუსები ფიქრობენ, თუ ესპანეთის სახელმწიფო დანაწევრდება, ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება, ეს კი ევროკავშირისა და ნატო-ს პოზიციებს დაასუსტებს.   არც ის არის დიდი საიდუმლო, რომ სოხუმსა და ცხინვალში კატალონიის გამოყოფაზე დიდ იმედებს ამყარებენ.  ამიტომაც არ დააყოვნა ეგრეთწოდებული  სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა დიმიტრი მედოევმა ვიზიტები,  ჯერ ჩრდილოეთ იტალიაში, შემდეგ კი კატალონიასაც ესტუმრა. სოხუმმა და ცხინვალმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათი მხრიდან  კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას წინ არაფერი დაუდგებოდა. მაგრამ ისიც საგრძნობია, რომ, როცა ესპანეთმა აამოქმედა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მათი ხმა დღეს აღარავის ესმის. იმედი ბოლოს კვდება და ისინიც დაელოდებიან შესაფერის მომენტს იქნებ კიდევ ვინმე გამოინახოს „დამოუკიდებლობის“ მოყვარული, რომელიც მათ ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. ყველანი ვხედავთ, სადამდე მიიყვანა პოლიტიკური ილუზიებით ტკბობამ სოხუმის და ცხინვალის ეგრეთწოდებული დე ფაქტო პოლიტიკური  ხელმძღვანელობა და აფხაზეთის საზოგადოება. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს საამაყო  და აყვავებული რეგიონების   რუსეთის სამხედრო  ბაზებად ქცევას, აფხაზური და ოსური მხარე  კვერს დაუკრავდა და საკუთარ    მომავალს  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, რატომ უნდა სურდეს რუსეთს  სეპარატიზმის წახალისება, როდესაც თავად აქვს ეს პრობლემები რუსეთში

აქ ფეოდორ ტიუტჩევის ლექსი მახსენდება, რომელსაც ხშირად მოუხმობენ ხოლმე პოლიტიკოსები: „Умом Россию не понять, Аршином общим не измерить“ , თუმცა მივყვეთ მოვლენებს:

სეპარატიზმთან დაკავშირებით, პუტინი რამდენიმე თამაშს თამაშობს. დავიწყოთ იქიდან, რომე პუტინმა  დასავლეთის მხრიდან კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით, მკაფიო პროტეტსტი გამოხატა და დასავლეთს დაემუქრა კიდეც, რომ ეს უკან დაგიბრუნდებათო. სინამდვილეში სერბეთი რუსეთის გავლენის ზონად ითვლებოდა და მისი დაყოფა პუტინისთვის წამგებიანი ვარიანტი იყო. ასე, რომ კოსოვო რუსეთისთვის მანიპულირების იარაღად რჩება, იმ შემთხვევისთვისაც, თუ  რუსეთი სეპარატისტულ თამაშებში მონაწილეობის  მცდელობას საერთაშორისო სასამართლო დაასაბუთებს. ფაქტია, რომ ამერიკაში და საფრანგეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სააშკარაოზე გამოიტანა რუსეთის ფარული მონაწილეობის ფაქტები არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. ამას კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმიც დაემატა, რომელსაც ძალიან სერიოზულად წინ აღუდგა ესპანეთის მთავრობა და კატალონიის კრიზისის წახალისებაში რუსეთი დაადანაშაულა. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია მადრიდი თავისი ბრალდებების სიმყარეში,   ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა რომ მათ მტკიცებულებები აქვთ.

მისივე თქმით, ესპანეთმა ამოიცნო სოციალურ მედიაში არსებული ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ნახევარი რუსეთიდან იმართებოდა, კიდევ 30 პროცენტი – ვენესუელიდან. ყველა ამ ანგარიშის მიზანი იყო სეპარატისტთა კამპანიის გაძლიერება მათი მესიჯებისა და სტატუსების გავრცელებით. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მთავრობის მტკიცებულებებს ისტერიას უწოდებს, მაგრამ არგუმენტებს უფრო მეტი ძალა აქვთ. ნატო და ევროკავშირიც არ ერიდება რუსეთს  დადანაშაულებას კატალონიის კრიზისის გაღვივებაში. თქვენ მეკითხებით, რატომ იქცევა რუსეთი ასე, როცა სეპარატიზმი მის კართანაცაა დადარაჯებული. ის, რომ რუსეთს აწყობს დანაწვრებული ევროპა და შუაგულ ევროპაში მუდმივი დაძაბულობა, ეს  ეჭვს  არავისში  იწვევს, იმდენად ნაცნობია მისი ხელწერა. ერთიანი ევროპა მისთვის დიდი წინაღობაა, მით უმეტეს, როდესაც სანქციები, რომელიც ევროპამ და ამერიკამ  რუსეთს დაუწესა,  ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში  თვალშისაცემ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისად შეიძლება იქცეს.  გარდა ამისა, რუსეთმა უდიდესი მცდელობის მიუხედავდ, ვერაფრით მოახერხა დასავლეთის რომელიმე ქვეყნისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა. თუ კატალონია თავისას გაიტანს, მას წინასწარ აქვს გარანტიები, რომ ის  აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს. წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი კარტის გათამაშებას შეძლებს რუსეთი. თანაც იმ პირობებში, როდესაც ოფიციალურ დონეზე მხარს უჭერს ეპანეთის ერთიან სახელმწიფოს და ამ პროცესებს ესპანეთის საშინაო საქმედ მიიჩნევს. რაც შეეხება საკუთარ ქვეყანაში სეპარატიზმის გამოვლინებას,  ყველამ კარგად ვიცით რუსეთის დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი. არც ის უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, ნებისმიერი რეგიონის  მცდელობას დამოუკიდებლობის მოთხოვნის პირობით, როგორ მოექცევა რუსეთი. უნდა ვივარაუდოთ, რომ არ დააყოვნებს  სამხედრო ჩარევა და ძალის დემონსტრირება. ამას მოსკოვი გაამართლებს იმით, რომ ბირთვული ზესახელმწიფოს უდიდესი ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მცდელობა არავის ეპატიება, ის იცავს მშვიდობიანი მოქალაქეების  სამართლებრივ ინტერესებს და ასე შემდეგ.  მაგრამ ამ წუთში ის ევროპის და ნატოს ერთიანობის რღვევის იდეით არის შეპყრობილი, რომელსაც დასავლეთი არგუმენტირებულად ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.  ევროპაში დიდი სეპარატისტული არეულობის შეტანა,  რუსეთის მოქმედებებს ხელ-ფეხს გაუხსნის მრავალი მიმართულებით.  დარწმუნებული ვარ,  ამ გზაზე მოსკოვს, საკუთარი ინიციატივით დაარსებული ევრაზიის კავშირის გამყარებისა და გაფართოების იმედიც აგულიანებს.  ასე, რომ  ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კატალონიაში სეპარატიზმის მარცხი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის.

შეგიძლიათ რაიმე პროგნოზი გამოთქვათ, რა მოხდება 21 დეკემბერს კატალონიიაში დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებზე

ამბობენ პროგნოზები უმადური საქმეაო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთი შეინარჩუნებს ტერიტორიული მთლიანობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგიონის სათავეში ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტია მოვა, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარს არ დაუჭერს. ცხოვრება  თანდათან ჩვეულებრივი რიტმში ჩადგება. სეპარატისტული მოძრაობა კი  თავის მორიგ მარცხს შეურიგდება.  ეს კი  საუკეთესო მაგალითი იქნება იმათთვის,  ვისაც სეპარატისტული ვნებები მოსვენებას არ აძლევს.

ესპანეთი და საერთაშორისო  თანამეგობრობა  რაღა თქმა უნდა, გადალახავს  ამ გამწვავებულ კრიზისს და ეცდება მსგავსი  სეპარატისტული თამაშები აღარ დაუშვას,  რომ ხელი არ შეეშალოს ადამიანების მშვიდობიან და უსაფრთხო თანაარსებობას ერთიანი სახელმწიფოების ფარგლებში.

2017-11-20
ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზეთი იქნება კუთხე, სადაც მომავალ თაობას ექნება ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა“

ჟენევის მოლაპარაკების ქართველი მონაწილეები მომავალი რაუნდისთვის ემზადებიან. რა საკითხებს განიხილავენ ისინი ჟენევაში? რა შედეგები მოაქვს სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებებსა და გაეროს რეზოლუციებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების თვალსაზრისით?

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან" აცხადებს, რომ ამ დღეებში თბილისში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ. ისინი შეხვედრებს გამართავენ როგორც სოხუმში, ისე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

- ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცი, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის ემზადებით, რა კუთხით მუშაობთ?

- ამ დღეებში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები ჩამოდიან. ისინი შეხვედრებს გამართავენ როგორც სოხუმში, ისე თბილისში. პოზიციებს ვაჯერებთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. განვიხილავთ სოციალურ საკითხებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშია. მინდა, გარკვეულ საკითხებში წინ წავიწიოთ. მინდა, დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით შედეგი გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დევნილთა დაბრუნების კუთხით წინსვლა არ გვაქვს.

- კულტურის ძეგლების დაზიანებაზე თუ გექნებათ საუბარი?

- კულტურული მემკვიდრეობის თემა ძალიან მტკივნეულია. ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებათა პროცესში გარკვეული წინსვლა გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რაუნდზე ამ საკითხზე მოლაპარაკება შეჩერდა. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებათა მომავალ რაუნდზე პროცესი დაიძვრება.

- ბატონო ვახტანგ, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო. ბოლო რეზოლუციით, დევნილების დაბრუნების მომხრე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა. თუმცა, არამომხრე ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც არ მისცეს ხმა ფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნებას, ბელორუსიც აღმოვაჩინე. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა და კარგი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ამ დღეებში ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირიც იყო ჩამოსული. მათთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა და საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება. რატომ ვერ მოხერხდა ბელორუსის მომხრობა?

- უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობა არ ცნო. ის ინარჩუნებს ჯანსაღ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. როცა ბელორუსის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მას შევხვდი და ამისთვის მადლობა გადავუხადე. ამასთან ერთად, არის გარკვეული მომენტები, როცა მხარს ვერ გვიჭერენ, რადგან მათ არ უნდათ, რუსეთთან სიტუაცია დაძაბონ. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩვენ ბელორუსთან მეტი მუშაობა გვმართებს. საჭიროა მათი დარწმუნება იმაში, თუ რამდენად გვიღირს მათი მხრიდან აფხაზეთის არაღიარება. შეიძლება, ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე მეტი მხარდაჭრა იყოს.

- საერთოდ, ამ კუთხით წინამოსამზადებელი პროცესი როგორია?

- პროცესი საკმაოდ დინამიკური და პოზიტიურია საქართველოსთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დიპლომატიური სამსახურების დამსახურებაა. ისინი მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საელჩოებში, გაეროს ქვეყნებში და იმ საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომლებსაც შეუძლიათ, იქონიონ გავლენა თავიანთ ქვეყნებში. თანდათან იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი პრობლემის მოგვარებას - დევნილთა თავიანთ სახლ-კარში დაბრუნებას. ასევე თანდათან მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარდაჭერისაგან თავს იკავებდნენ ან წინააღმდეგი იყვნენ.

არის ქვეყნები, რომლებისაგანაც ჩვენ უფრო მოველით მხარდაჭერას, ვიდრე თავშეკავებასა და უარყოფას, მაგრამ, საერთოდ, ბოლო 3-4 წელია, ამ მხრივ დადებითი დინამიკაა. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება, რადგან ქვეყნების ინტერესები ერთმანეთშია გადახლართული. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და თავისი ინტერესიდან გამომდინარე ცდილობს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ზიანს არ მიაყენებს არც საერთაშორისო დონეზე და არც ორმხრივ ურთიერთობებში. ვიღაც ანგარიშს უწევს რუსეთს და აფხაზეთში დევნილების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ვიღაც ანგარიშს უწევს იმას, რომ მას შიგნით აქვს პრობლემა და შეიძლება ჩვენმა მხარდაჭერამ მას შიდა პროცესების დარეგულირებაში ხელი შეუწყოს. პროცესები, რომლებიც განვითარდა ესპანეთში, სამომავლოდაც გაკვეთილად გამოადგებათ.

- ესპანეთში განვითარებული პროცესები დანარჩენ მსოფლიოზე გავლენას ახდენს?

- ვინაიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ევროპულმა ქვეყანამ დაგმო და უარყოფითად მიიღო ესპანეთში კატალონიის ავტონომიის გადაწყვეტილება, ეს დადებითად იმოქმედებს და ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს, სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების საქმიანობის უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით.

- ალბათ იცით, რომ ესპანეთის კატალონიის ავტონომიაში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის საცეცები აღმოაჩინეს, ანუ რუსეთი ცდილობს, ყველა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერიოს, სადაც ხელი მიუწვდება.

- კრემლის ასეთი ქმედებები გაუგებარია. რუსეთისთვის ეს ხელსაყრელი არ არის, მაგრამ, რადგან კრემლი ძალისმიერად ცდილობს პრობლემების მოგვარებას (ჩეჩნეთი ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს), შეიძლება მას ესპანეთის ავტონომიის პრობლემებში ჩარევა სჭირდებოდეს მისი პატარა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს ურთიერთობების გაფუჭება, რადგან მისთვის ყველაზე მეტად არ არის ხელსაყრელი ის, რაც ხდება კატალონიაში.

- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და რა მნიშვნელობა აქვს, გაერო მიიღებს თუ არა რეზოლუციას. ამგვარ რეზოლუციებს, ალბათ, ზოგადი პროცესისთვის აქვს მნიშვნელობა. თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა ენიჭება დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციებს?

- ეს ის თემაა, რომელიც ხანდახან წამოიწევა ხოლმე. გაეროს რეზოლუციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებისთვისაც მიუღებელია სეპარატიზმი. კატალონიაში იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც მოხდა შოტლანდიაში. თუმცა, შოტლანდიაში სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდნენ. კატალონიაში კი რეფერენდუმის ჩატარება რომ დააპირეს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა. ესპანეთის კონსტიტუციით ავტონომიებში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია.

აფხაზეთში ჯერ ძალადობით გამოდევნეს სამი მესამედი და მერე ჩაატარეს ე. წ. რეფერენდუმი. გაეროს ერთ-ერთ რეზოლუციაში მსოფლიოს ქვეყნებმა აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოდევნა ანტიჰუმანურ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ღონისძიებად შეაფასეს. დევნილთა დაბრუნების თაობაზე გაეროს მიერ მიიღებული რეზოლუციებით ამის შეხსენება ხდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა.

- მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთს დასავლეთი წლების განმავლობაში სსრკ-ის ნაწილად არ აღიარებდა, რის გამოც შემდგომში მათ უფრო გაუადვილდათ დამოუკიდებლობის მოპოვება. იმედია, გაეროს რეზოლუციები და მსოფლიოს ქვეყნების მხარდაჭერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციაში ხელს შეგვიწყობს.

- სხვადასხვა პროცესი ვითარდება. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ქვეყნის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არა ძალადობით, არამედ გონიერებით დავარწმუნოთ აფხაზები, რომ ერთად ცხოვრება არის გარანტი აფხაზეთში მათი კულტურის, აფხაზური ენის დაცვისა, რაც მისცემს საშუალებას, ააშენონ აყვავებული ქვეყანა საქართველოს წიაღში. შედეგად აფხაზეთი იქნება კუთხე, სადაც მომავალ თაობას ექნება ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება.

- რა პროცესები ვითარდება?

- ვგულისხმობ სოხუმის ხელისუფლებაზე გავლენას, გაეროს, ევროკავშირის რეზოლუციებს, სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს.

- რაიმე ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება?

- არა. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, გამონახოს ისეთი თემები, რომლებზეც აფხაზებსა და ქართველებს საერთო ინტერესი გვექნება.

- მაგალითად?

- ბუნების დაცვის პრობლემებში, მაგალითად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა, სადაც შეიძლება, ჩვენ ერთობლივი ხედვა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ფაროსანასა და ბზის პრობლემაზე ვცდილობდით, ერთობლივად გვემუშავა. ბზა დაზიანდა აფხაზეთშიც და აქეთაც.

- ანუ ჩვენ აფხაზებს დავეხმარეთ ბზის გადარჩენაში?

- ჩვენ უარს არ ვამბობთ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. ეს არის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობასაც და აქეთ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილსაც.

გულიკო ბალაძე
„ახალი თაობა"

2017-09-27
ვახტანგ ყოლბაია: „24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი."

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  abkhazia news-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას

ბატონო ვახტანგ, ყოველ წელს გვიხდება იმ ტრაგიკულ მოვლენებზე საუბარი, რომელმაც საქართველოს უდიდესი ადამიანური მსხვერპლი, ტკივილი, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, სხვა მრავალი იმედგაცრუება და გულგატეხილობა მოუტანა...

 

 24 წელი გავიდა და დღესაც ომის საზარელი სურათები მოსვენებას არ აძლევს არც ერთ ჩვენგანს. 27 სექტემბერს, როცა იძულებული გავხდით სოხუმი მიგვეტოვებინა, მახსოვს, ფეხები უკან მრჩებოდა, ვერ წარმომედგინა სოხუმის დატოვება. მეგონა, რაღაც ძალიან სამარცხვინოს ჩავდიოდი. თანაც გულუბრყვილოდ მჯეროდა მეც და სხვებსაც, რომ რამდენიმე დღეში დავბრუნდებოდით. არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან ქართველების აყრა  დედა-ბუდიანად, მათი შეძრწუნებული სახეები. ქაოსი და არეულობა, კოდორის გზაზე მიმავალი აფხაზეთიდან აყრილი ქართველობა. ალმოდებული სოხუმი, ტყვიების ზუზუნი, ქართველების დევნა, ტყვედ აყვანა, წამება და დახვრეტა.  სწორედ 27 სექტემბერს აწამეს და დახვრიტეს ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი ჩვენი  ბევრი მეგობარი. ჟიულის სიტყვები მინდა გავიხსენო სოხუმის დაცემის წინა დღეს, რომლითაც მან საკუთარი აღსასრული იწინასწარმეტყველა. „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი".  ასეთი დაუნდობელია ომის კანონი. მისი დაწყება ადვილია, მაგრამ დასასრული მუდამ სავალალოა. განა შეიძლება ძმათამკვლელ ომს გამარჯვებული ჰყავდეს, როცა ორივე მხარეს დაღუპული ვაჟკაცები, ფუძეგამოცლილი ოჯახები, განადგურებული გენოფონდი და მოუნელებელი წყენა გვაქვს საკუთარ შეცდომებზე, რომელიც არ უნდა დაგვეშვა.

 

ვერც წარმომედგინა, რომ 24 წლის შემდეგ თბილისიდან  მომიწევდა ამ თემაზე საუბარი.

 

დამიჯერეთ, სოხუმში ვინც ბოლო ტრაგიკული დღეები გამოვიარეთ,  ამ საზარელი ამბის მოყოლას და გახსენებას თავს ვარიდებთ. ამდენი წლის შემდეგაც ყველას გვაწვალებს ერთი და იგივე კითხვა, რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს საშინელი ტრაგედია. რატომ ვიქეცით დევნილებად. შეგვეძლო კი ამის არიდება თავიდან. არა მგონია ამ კითხვებზე დღეს ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა. საბოლოოდ ალბათ ყველაფერს პასუხს ჩვენივე ისტორია გასცემს, რომელიც არავის და არაფერს მოერიდება.

 

როგორ აფასებთ დღეს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას? რას ფიქრობენ თავად აფხაზები და როგორ შეიძლება წარიმართოს მოვლენები, მათი რუსეთთან ურთიერთობები?

 

24 წლის შემდეგ  ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი. 

როგორც ხედავთ, ჩვენს თვალწინ, XXI საუკუნეში ძალას იკრებს  მხოლოდ კრემლის მიერ აღიარებული  და რელურად რუსეთის საკუთრებად მიჩნეული აფხაზეთი, რომელიც საგულდაგულოდ ახდენს აფხაზეთის მილიტარიზებას, ეგრეთწოდებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" ფასად.

ოკუპირებულ  ქართულ ტერიტორიებზე სამაჩაბლოში რუსეთის ქმედებებს ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა  მცოცავ ანექსიას ვუწოდებთ, მაგრამ

აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი მსოფლიოს თვალწინ, რუსეთი მასშტაბურ სამხედრო ანექსიას ახორციელებს. ამგვარ პოლიტიკას აფხაზეთის ეგრეთწოდებული პოლიტიკური ელიტა კვერს უკრავს, ხოლო აფხაზური საზოგადოება  ჯერ-ჯერობით უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროცესს. ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება რუსების ხელში, აფხაზებმა ისეთი სიტუაცია შექმნან, რომელიც რუსების  კონტროლს არ დაექვემდებარება. ძალიანაც რომ მოინდომონ დღეს და ხვალ ამას ისინი ვერ შეძლებენ. სწორედ ეს გახლავთ პოლიტიკური ხაფანგი, რომელშიც სამწუხაროდ,  აფხაზები საკუთარი ნებით  გაებნენ.

 

ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, სჯერათ თუ არა აფხაზებს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების და აქვს თუ არა ალტერნატივა სამშვიდობო პროცესს?

 

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზური საზოგადოება ამ მხრივ გულდინჯად არის. ამდენი ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, თბილისს თავისი სიტყვისა და მოქმედებისგან გადაეხვიოს. აქედან გამომდინარე სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს. საქართველო ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

ერთწლიანმა ომმა ორ მოძმე ერს ისეთი იარები   გაგვიჩინა, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოვიშუშებთ. აუნაზღაურებელმა ადამიანურმა მსხვერპლმა, უამრავი ახალგაზრდის დაღუპვამ სერიოზულად შეარყია დემოგრაფიული მდგრადობა როგორც აფხაზების, ისე  ქართველების მხარეს. პატარა ერების ცხოვრებაში ომის შემზრავი ქაოსი ისეთ ტრაგიკულ სიტუაციებს ქმნის, ძნელად, რომ ცოცხლად დარჩენილმა ადამიანმა ამ ემოციებს გაუძლოს.

დღემდე ამ ლაბირინთში ვართ, რომლიდანაც გამოსავალს ვეძებთ. მაგრამ, ცხოვრება გრძელდება და ჩვენც არ ვჩერდებით. ვცდილობთ სამშვიდობო პროცესს ახალი  ძალები შევმატოთ. ახალი სტრატეგიით ვიმოქმედოთ, მოჯადოებულ წრეს შემოვუაროთ და ახალი გზები გამოვნახოთ. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ სიტუაციის შესაცვლელად. ასეთია დღეს ჩვენი განწყობა.

ჩვენც, აფხაზებიც და ოსებიც ომმა გაგვყარა, მაგრამ დგება დრო, როცა მშვიდობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ მომავალ თაობას სწორი განვითარების გზა მივცეთ.  დღეს ჩვენ მშვიდობის ხიდებს ვაგებთ იმისთვის, რომ აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რამდენად  სასარგელოა ჩვენთვის ყველასთვის, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი  საერთო მომავლის სასარგებლოდ. 

დღეს აფხაზეთში სიტუაცია რამდენადმე შეცვლილია, დროს თავისი მიაქვს. აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, სინამდვილეში რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ. უკვე წამოიზარდა ახალი თაობა. ჩვენი ვალია, რომ ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახონ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენკი, უფროსმა თაობამ, ორივე მხარემ, უნდა გავამთლიანოთ და გავაერთინოთ ჩვენი მომავალი. სხვა გამოსავალი ამ ლაბირინთიდან არც ერთ მხარეს არა გვაქვს. დღესეს წარმოუდგენლად შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, მაგრამ, რწმენა, სიმტკიცე, ჰუმანიზმი, მიტევება, ყველა ჯებირს არღვევს. ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად ღირს. ბედის უკუღმართობით სწორედ ასეთი კედელია ჩვენს შორისაც ენგურის ხიდზე აღმართული. 

აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად. რაც დრო გავა, მეტად დარწმუნდებიან ამაში. ჩვენი მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის. დრო და გონიერი მოქმედება ყველაფრის გადაფასებას მოახდენს. ვფიქრობ იმასაც, რომ ქართველების და აფხაზების მომავალი მაინც ერთად თანაცხოვრებაა.

 

 24 წლის შემდეგ რა შეიძლება ითქვას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე. როგორ მგაჩნიათ ამ ხნის მანძილზე მოხდა თუ არა მათი ინტეგრაცია  ჩვენს მოსახლეობასთან.

 

მიმაჩნია და მუდამ მიმაჩნდა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო,  აფხაზეთის მთავრობა, სხვა სტრუქტურები, განსაკუთრებით ჩვენი მრავალრიცხოვანი და მრავალტანჯული დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ თითით საჩვენებელი საზოგადოება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ დევნილის სტატუსით უნდა გამოირჩეოდეს.  ჩვენ გახლავართ ოკუპირებული ტერიტორიის შვილები, რომელთაც განგებამ განსაკუთრებული ფუნქცია მოგვანიჭა. ეს ფუნქცია მხოლოდ არსებობისთვის და ლუკმა პურისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ვართ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახვეწილები და შეჭრილები. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, დავტოვოთ მოჯადოებული წრე, რომლის გარშემოც მრავალი წელია დავდივართ. გამოვკვეთოთ  პირველი რიგის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც დღე და ღამ ვცდილობთ.  ჩვენ გვინდა   გარდატეხა  შევიტანოთ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებში. გადავდგათ საეტაპო ნაბიჯები, ახალგაზრდობის აღზრდის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების, ჯერ კიდევ დაუბინავებელი ადამიანების დახმარების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და მრავალი სხვა კუთხით. ამ საკითხებში კი დევნილების აქაურ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დევნილები ბოლომდე ინტეგრირებული არ არიან. გაუცხოვების ფაქტორი არსებობს, რაც არ არის სასურველი. ვფიქრობ დრო  ამ მტკივნეულ საკითხს  მოაწესრიგებს. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა არ გამოგვადგება. ჩვენც ძალიან ბევრიმუშაობა გვმართებს. როგორმე უნდა მოვერიოთ ამ საქმეს, რომ ჩვენმა დევნილებმა საკუთარ  თავი გაუცხოებულად არ იგრძნონ.  ისედაც მრავალი საფრთხე თავს დაგვტრიალებს და  არც მსოფლიო პრობლემები გვივლის გვერდს. ჩვენთვის დიდი იმედია, რომ დასავლეთი ამ მღელვარე  სამყაროში, არასტანდარტული საფრთხეებით სავსე ეპოქაში, საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ახერხებს.  ეს ძალას გვმატებს და გზას გვიხსნის სამშვიდობო პროცესის გაძლიერებისა და  მისი ახლებურად დანახვის საკითხში. მაგრამ, ჩემი აზრით, დახშული კარი მაშინ გაიხსნება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.   

 

ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ.  ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის  საზარელი დღეები, მისი კატასტროფული შედეგები.  მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი. დღეს კი ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ, გმირულად დაღუპულ მეომრებს,  მუხლს ვიდრეკთ ჩვენი ჯარისკაცების ნათელი სახელების, აფხაზი, ოსი და ომში მონაწილე სხვა ერის წარმომადგენლების დედების მწუხარების წინაშე. სამარადჟამო ხსოვნა  მათ დიად სახელებს.

 

2017-08-14
ვახტანგ ყოლბაია: „ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ“

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირებას ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

14 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა.

„დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო-საქართველოა, ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად უნდა წარმოთქვან აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა და სხვა ერების წარმომადგენლებმა.  ჩვენმა მეგობრებმა და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არასოდეს შეელევა და არ დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. ეს ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი წარსული და მომავალია".

„ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ.  ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის საზარელი დღეები. მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი".

ბატონო ვახტანგ, ყოველს წელს 14 აგვისტოს გვიხდება  ქართულ-აფხაზური  კონფლიქტის უმძიმეს მოვლენებზე საუბარი,  დაღუპული გმირი მეომრების მემორიალთან  განვლილი ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება. 

25 წლის წინ ქართულ-აფხაზური ერთიანობის ქრონოლოგია და თანმიმდევრობა დაირღვა. 14 აგვისტომ გამიჯნა ყველაფერი, რაც ორ ერს შორის დიდი ქართველებისა და აფხაზების დაუღალავი მეცადინეობით საუკუნეების მანძილზე იწრთობოდა. მუდმივად თავს დაგვტრიალებს კრემლის მიერ ომით გაღვივებული სეპარატისტული მანქანა, რომელსაც თითქოს ეგრეთწოდებული აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა უზრუნველეყო. ქართველებმა და აფხაზებმა კი სიბეცე გამოვიჩინეთ, ვერ ავიცილეთ ომი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლში. გამოუსწორებელ და ტრაგიკულ შედეგებს კი დღესაც ვიმკით ადამიანური, მორალური, ჰუმანური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და მრავალი კუთხით. 25 წელი ისტორიისთვის მცირე მონაკვეთია, ჭრილობების მოსაშუშებლად,  ადამიანების ხელახალი დაახლოებისთვის, ურთიერთპატიებისა და ნდობის აღდგენისთვის კი ძალიან მცირე. მეოთხედი საუკუნის მანძილზე კრემლის სამხედრო მანქანამ სამაჩაბლოში მეორე ომიც გვაგემა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.  პროგრესული მსოფლიო ამ უსამართლობას ერთიანი ძალით წინ აღუდგა. აფხაზეთს და სამაჩაბლოს დასავლეთი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. სეპარატიზმის აღორძინებას მსოფლიო  თანამეგობრობა არ დაუშვებს, ვინაიდან ის მცირე ერების დაღუპვის და გადაშენების იარაღია კრემლისა და მსგავსი სახელმწიფოების ხელში,  რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვიმკით აფხაზეთში და სამაჩაბლოში. სადამდე მიიყვანა პოლიტიკური ილუზიებით ტკბობამ სოხუმის და ცხინვალის ეგრეთწოდებული დე-ფაქტო პოლიტიკური  ხელმძღვანელობა და აფხაზეთის საზოგადოება, ამას ყველა ხედავს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს საამაყო და აყვავებული რეგიონების   რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცევას, აფხაზური და ოსური მხარე  კვერს დაუკრავდა და საკუთარ  მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

ბატონო ვახტანგ, რა განწყობებია სოხუმში, თავად ხალხი და აფხაზური საზოგადოება თუ არის მიდრეკილი შერიგებისა დაურთიერთობების აღდგენისკენ?

ამ კითხვაზე ჩემი პასუხი აფხაზი ქალბატონის სიტყვებით მინდა ჩავანაცვლო, რომელიც დიდი ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელია. გულით ვატარებ მის  სიტყვებს და ხშირად ვკითხულობ, ვინაიდან ჩემი და მთელი ჩვენი საზოგადოების სათქმელს გამოხატავს. არ შეიძლება არ აგაღელვოს  გულში ჩამწვდომმა სიტყვებმა, რომელიც აფხაზმა ქალბატონმა „თბილისი-24-ის" ჟურნალისტს ჯერ კიდევ 2015 წელს განუცხადა: „შვილები დავზარდეთ, შვილიშვილებიც მოგვესწრნენ, ჯანმრთელობას არ ვუჩივით, შემოსავალიც იმდენი გვაქვს, რომ შეგვიძლია ერთი თეფში საჭმელი სხვასაც ვუწილადოთ, თითქოს ბედნიერები და კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ გულს ლოდი ადევს და ეს ლოდი ქართველებთან ჩატეხილი ხიდია. სულს ქართველებთან სიახლოვე აკლია, თითქოს ჟანგბადი გვაქვს გადაკეტილი და ძალით ვსუნთქავთ" - თქვა ქალბატონმა და მისი სიტყვების ქართველებთან მიტანა ითხოვა. „თქვენ რა გგონიათ, არ ნანობენ ახლა აფხაზები? რუსებს უნდათ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ, აფხაზი ერი ამაყი ერია და ვერ ეგუება საკუთარ სახლში სხვის ბატონობას. მას მერე, რაც ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, ქართველი და, წარმოიდგინეთ, აფხაზი ხალხის უმეტესი ნაწილი იმედით აივსო. მეგობარი მყავს, სოხუმში ცხოვრობს და მან მითხრა, იქნებ, მართლა იყოს შესაძლებელი ახალი ურთიერთობების დაწყებაო. სწორედ მისგან ვიცი, რომ აფხაზების უმეტესი ნაწილი თავად ეძებს ქართველებთან მისასვლელ გზებს. მე,როგორც ერთი მოქალაქე აშკარად ვგრძნობ შერბილებას ურთიერთობებში. ადრე ვერ დაელაპარაკებოდი აფხაზებს, ქართველების გაგონება არ უნდოდათ. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ბოლო ხანებში თვითონ დამიკავშირდნენ და ისე მოგვნატრებია ერთმანეთი, წარსულ წყენაზე ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია. მერე კიდევ, იცით, რამდენი ახალი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა? ჩემო ძვირფასო ქართველებო, მე დედა ვარ და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ მოგიწოდოთ-ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში უნდა გაზრდილიყვნენ, იქნებ შვილიშვილები მაინც გაიზარდონ ერთმანეთის გვერდით ერთმანეთის სიყვარულში. კარგი დაფიქრებაა საჭირო, ყველა სიტყვის აწონ-დაწონვა. მთავარია, ნდობა აღდგეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ; მთავარია, სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ ეს ყველაფერი და არა აგრესიის, მოწოდების და ბრძანების კილოთი. ხომ გითხარით, მე დამიბრუნდნენ მეგობრები, ასევე უნდა დაბრუნება ბევრ სხვასაც, მაგრამ ხალხს გვაცალონ. მე ნამდვილად მჯერა, რომ მალე დადგება ეს დრო. აი, მერეა ყველაზე სათუთი პერიოდი. ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება, ძველის დავიწყება. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა დიდი როლი უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერში. მე მჯერა, რომ აფხაზური საზოგადოება უკვე ხედავს სიახლეებს. ვიცი, უკვე ბევრი აფხაზი ამბობს - „აფხაზეთი საქართველოა". - „სოხუმში მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც გექნებათ ნანახი. აი, ეს უნდა გაგეშუქებინათ, აი ეს ლოზუნგი უნდა დადებულიყო ყველა საინფორმაციო საშუალებებზე და ტელევიზიით. ეს პირველი ნაბიჯია, ეს არის ის ჩასაჭიდი ძაფის ბოლო, რომელსაც მაგრად უნდა მოვკიდოთ ხელი და ნელ-ნელა მივყვეთ ბოლომდე".

დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო-საქართველოა, ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად უნდა წარმოთქვან  აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა დასხვა ერების წარმომადგენლებმა.  ჩვენმა მეგობრებმა და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არასოდეს შეელევა და არ დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. ეს ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული და მომავალია.

გარდა ამისა, მეამაყება ისიც,  რომ აფხაზები თავისუფლად ჩამოდიან ჩვენთან, ესწრებიან სპორტულ და სხვა ღონისძიებებს. სამკურნალოდაც ხშირად აკითხავენ  თბილისს, სადაც ჩვენი საექიმო პერსონალისგან მაღალი დონის მკურნალობა გარანტირებული აქვთ. აქ მათ, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანებს ისე ხვდებიან, ეს კი ძალიან სასიხარულოა.

ბატონო ვახტანგ, სჯერათ თუ არა აფხაზებს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების და აქვს თუ არა ალტერნატივა სამშვიდობო პროცესს? 

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზური საზოგადოება ამ მხრივ გულდინჯად არის. ამდენი ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, თბილისს თავისი სიტყვისა და მოქმედებისგან გადაეხვიოს. აქედან გამომდინარე სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს. საქართველო ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

როგორც წეღან ვთქვი, 25 წელი  გავიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან. ერთწლიანმა ომმა ორ მოძმე ერს ისეთი იარები  გაგვიჩინა, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოვიშუშებთ. აუნაზღაურებელმა ადამიანურმა მსხვერპლმა, უამრავი ახალგაზრდის დაღუპვამ სერიოზულად შეარყია დემოგრაფიული მდგრადობა როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს. პატარა ერების ცხოვრებაში ომის შემზრავი ქაოსი ისეთ ტრაგიკულ სიტუაციებს ქმნის, ძნელად, რომ  ცოცხლად დარჩენილმა ადამიანმა ამ ემოციებს გაუძლოს. ჩვენც, აფხაზებიც და ოსებიც ომმა გაგვყარა, მაგრამ დგება დრო, როცა მშვიდობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ მომავალ თაობას სწორი განვითარების გზა მივცეთ. დღეს ჩვენ მშვიდობის ხიდებს ვაგებთ იმისთვის, რომ აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რამდენად  სასარგელოა ჩვენთვის ყველასთვის, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ.

ჩვენი  ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ. ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის  საზარელი დღეები, მისი კატასტროფული შედეგები. მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი. დღეს კი ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ, გმირულად დაღუპულ მეომრებს,  მუხლს ვიდრეკთ ჩვენი ჯარისკაცების ნათელი სახელების, აფხაზი, ოსი და ომში მონაწილე სხვა ერის წარმომადგენლების დედების მწუხარების წინაშე. სამარადჟამო ხსოვნა  მათ დიად სახელებს.

 

2017-06-01
ვახტანგ ყოლბაია: “აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად”

 

- ბატონო ვახტანგ, წელს ოკუპირებულ აფხაზეთში .. დამოუკიდებლობის უკვე 24 წელს აღნიშნავენ. ამ ხნის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში თაობები იცვლება, გაუცხოება იზრდება. შესაბამისად, აფხაზური და ქართული საზოგადოებები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. ამას ემატება რუსული პროპაგანდაც, რომლის შედეგად ახალგაზრდა აფხაზები ქართველების მიმართ უნდობლობისა და მტრობის განწყობით იზრდებიან. თავად თბილისშიც 1990-იანი წლების მოვლენები რაციონალურად და სრულყოფილად ამ დრომდე არ არის შეფასებული. ამ ვითარებაში რამდენად პერსპექტიულად გესახებათ კონფლიქტის მოგვარება?

- დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ქვეყნები და უმაღლესი პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები კონფლიქტების პრევენციაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას და დროს ხარჯავენ, ვიდრე მათ დარეგულირებაზე. ომის დაწყება იოლია, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციის დალაგება - გაცილებით რთული, მას ათეული წლები სჭირდება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამის ნათელი მაგალითია.

კონფლიქტების მოწესრიგებას თავისი პირობები ახლავს, რომელთა შეუსრულებლობა პროცესს აჭიანურებს. მართალს ბრძანებთ: წლები მიდის, თაობები იცვლება, გაუცხოება მატულობს, აფხაზეთის ახალგაზრდობა ჩვენს მიმართ მტრულ გარემოში იზრდება... ამავე დროს, მსოფლიოც იცვლება, ჩნდებიან ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, სახეზე გვაქვს საგარეო ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობა კონფლიქტს დადებითად ვერ გადაწყვეტს. საგარეო ფაქტორებში ვგულისხმობ არა მარტო რუსეთს, ამერიკას ან ევროპას, არამედ ჩვენს სამეზობლოსაც: სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს.

ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა. გარდა იმისა, რომ მისი აღდგენა ჩვენთვის წამგებიანია პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც, მასზე სხვა საგარეო ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას. ამ საკითხის ამოწევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება ბაქოსა და ერევანში: ერევანში - დადებითი, ბაქოში - უარყოფითი. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის ფაქტორიც ზემოქმედებს სომხეთზე და აზერბაიჯანზეც. თუ ავიღებთ ირანს, ისიც სწორედ აზერბაიჯანზე და სომხეთზე ახდენს გავლენას. ასე, რომ ამ კონფლიქტში ყველას თავისი ინტერესები აქვს. ზოგჯერ ეს გლობალური ხასიათისაა, ზოგს რეგიონალური დატვირთვა აქვს, ზოგიც ორმხრივი წინააღმდეგობით გამოირჩევა.

აი, ჩვენ „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერაზე გამუდმებით გველაპარაკებიან, გვიკიჟინებენ სოხუმიდან და მოსკოვიდან, რომ ქართული მხარე შეგნებულად არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს. კითხვებსაც ხშირად გვისვამენ უცხოეთშიც და შინაც, რატომ არ ვაწერთ ხელს... ცეცხლის განუახლებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ჟენევის ფორმატშიც. სპეციალურად იყვნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს დონეზე გაკეთებული განცხადება, რომლის ავტორია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტი, შეუვალია და საერთაშორისო სამართლის პრინციპის თვალსაზრისით, იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა იღებს ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე. ასეთი მიდგომა არ მოსწონს არც სოხუმს, არც ცხინვალს და არც მოსკოვს. რატომ? - ქართული ხელმოწერა მათთვის სხვა კუთხით არის უფრო მნიშვნელოვანი. აფხაზეთი და ოსეთი ქართული ტერიტორიებია, რომელსაც საქართველო მხოლოდ დროებით ვერ აკონტროლებს. პროგრესული მსოფლიო მხარში გვიდგას და ამ ტერიტორიებს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს. წარმოიდგინეთ, საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზურ, გნებავთ, ოსურ მხარესთან საქართველომ რომ საკუთარი საზღვრების ფარგლებში დადოს ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე... ეს ხომ ნონსენსია! გამოდის, რომ ჩვენვე უნდა ვაღიაროთ საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორიები დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტებად.

არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენი. ბალკანეთის ომს მოჰყვა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება, ანუ მოხდა გაეროს მიერ აღიარებული და ხელშეუხებელი საზღვრების გადახედვა, რამაც გამოაღვიძა მიძინებული სეპარატიზმი და იგი მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად უქცია. რაც მთავარია, სეპარატიზმის პირველი შედეგები, მოსკოვის დიდი მეცადინეობით, იწვნია საქართველომ, რომელიც საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტს დროებით ვეღარ აკონტროლებს. საქართველო, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის პრინციპულობასა და მოთმინებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განსაზღვრა ისიც, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყნების მეზობლად ვცხოვრობთ, რომელიც არაერთგვაროვანია თავისი დადებითი და უარყოფითი გამოვლინებებით. ამიტომ და კიდევ მრავალ მიზეზთა გამო საქართველო ვერ გახდება სეპარატიზმის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველგანაა დადარაჯებული - შუაგულ ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, აფრიკასა და თვით ამერიკაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე.

"ბრექსითის" სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვის პოლიტიკური შეცდომები, რომელმაც გლობალური მსოფლიოს არსებობას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას და სეპარატიზმის აყვავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას. სეპარატიზმის წახალისება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტერიტორიული თავდასხმები, ომები და მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც მიუსაფარ ადამიანთა მასობრივი ტალღა ახლავს. სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები დღეს მოჭარბებული დოზით გვაქვს.

აფხაზეთის თემას და ჟენევის მოლაპარაკებებს რომ დავუბრუნდეთ, სოხუმში და რუსეთში აპელირებენ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი იმიტომ იყო შექმნილი, მხარეებს რომ ცეცხლის განუახლებლობაზე ხელი მოეწერათო. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა იყო დევნილთა პრობლემის მოგვარება და აფხაზეთის სტატუსის დადგენა საქართველოს შემადგენლობაში. დევნილთა დაბრუნების საკითხზე აფხაზებს გაგონებაც არ უნდათ, არც აფხაზეთის სტატუსის დადგენა სურთ საქართველოს შემადგენლობაში. ამ საკითხებს შეგნებულად და პრინციპულად გვერდს უვლიან. ეს კი მოლაპარაკებებს პრობლემებს უქმნის. ვფიქრობ, ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც, მართალია, ძალიან პრობლემატურია, მაგრამ მასზე აფხაზების მხრიდან ტაბუს დადება არაფერს მოგვცემს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველა ეს თემა და გადაწყვეტილების გზები გამოვნახოთ. გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას - უნდა ეს მოსკოვს თუ არა, აწყობს მას ეს თუ არა. მაშინ კონფლიქტის მოგვარების გზებიც მკაფიოდ გამოჩნდება. ეს კი კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივაა.

- როგორც ვიცი, თქვენც გაგაჩნიათ კავშირები აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან. დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად, ნეგატიურად აფასებს ოფიციალური თბილისის ნებისმიერ ინიციატივას. თუმცა ერთია საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია, მეორე - რეალურად არსებული მოსაზრება, რომელსაც საჯაროდ გასაგები მიზეზების გამო ვერ აფიქსირებ. ამასთანავე, აფხაზური ხელისუფლების განწყობები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აფხაზური საზოგადოებისას ხშირად არ ემთხვევა (ეს, მაგალითად, ახლახანს რუსეთსა და აფხაზეთს შორის .. შს ერთობლივი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დაარსების ისტორიამაც გამოავლინა). რას ფიქრობენ საქართველოსთან, ქართველებთან და ერთობლივ მომავალთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები და აფხაზური ხელისუფლებისის წარმომადგენლები, რომლებთანაც კონტაქტი გაქვთ?

- ამდენი ხნის დაკვირვებამ და გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ის შეხედულებები, რომელიც დაუფარავად მინდა, გაგიზიაროთ. ვფიქრობ, უფრო ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შევაფასოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. ჩვენი მხრიდან არც დადებითი შეფასება, არც მით უფრო ნეგატიურ მოვლენებზე რეაგირება ნამდვილად არ უწყობს ხელს არც ნდობის აღდგენას, არც კონფლიქტის მოგვარებას. სოხუმმა თბილისთან უნდობლობის კედელი აღმართა და ჩვენს ნებისმიერ გამონათქვამს საფრთხედ აღიქვამს: „ აი, თბილისი კვლავ ერევა ჩვენს საქმეებში და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზეო". ვფიქრობ, აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

თქვენ ახსენეთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შს ერთობლივი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დაარსების საკითხი. ევროპამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენ გავაკეთეთ შეფასებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედება, ამ დასკვნამდე თავისით მივიდა.ერთი ხელის მოწერით ხაზი გადაესვა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე ოცნებას. აფხაზები ამას კარგად ხვდებიან, მაგრამ უკან დასახევი გზაც აღარ აქვთ. ქართველების მოსაზრებები კი ამ საკითხზე მათ გაღიზიანებას იწვევს. მიზეზი რა არის? - უნდობლობა, გაუცხოება, კონტაქტების იგნორირება.

თქვენ მეკითხებით, რას ფიქრობენ აფხაზები ერთობლივ მომავალთან დაკავშირებითო? მხოლოდ პირად საუბრებში შეიძლება, გაიჟღეროს სინანულმა, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრება უფრო მისაღები იყო მათთვის. ოფიციალურ დონეზე კი ამ განწყობებზე ხმის ამოღება, თქვენც კარგად იცით, რომ კატეგორიულად გამორიცხულია. როდესაც სოხუმში ვიზიტისას ლავროვს ჰკითხეს, „როდის გავხდებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრებიო", უპასუხა: „რად გინდათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, როცა ჩვენი ჯარებით, ნებისმიერ საფრთხის გაჩენის შემთხვევაში დავიცავთ თქვენ ინტერესებსო?!". ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.

ასე, რომ ყველასთვის გასაგებია, რატომ არის რთული აფხაზებთან ერთობლივი მომავლის შესახებ საუბარი. მაგრამ უიმედობა არ არის გამოსავალი, ამიტომაც კონტაქტების გაძლიერება აუცილებელია, წასახალისებელია და ამაზე ზრუნვას ხელს არ დავაკლებთ. ამ კონტაქტების შინაარსზე ახლა საქვეყნოდ რომ ვისაუბრო და მათი არსი გაგიზიაროთ, აფხაზების მხრიდან ისევ გაღიზინების ტალღას მივიღებთ, რაც არასასურველია.

- ხშირად ვხვდებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომპერსპექტივაში ქართული პოლიტიკური ელიტა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის დასკვნამდე მივა და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება". როგორ ფიქრობთ, სოხუმს ეს მართლაც სწამს, თუ ეს შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედების, ანუ მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე აფხაზეთის მოსახლეობაში «ნათელი მომავლის» განცდის შექმნის ერთგვარი მცდელობაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

- სოხუმმა ძალიან კარგად იცის, რომ ე.წ. „დამოუკიდებლობის" აღიარებას არ უნდა ელოდოს თბილისისგან. ისიც ფაქტია, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება, თუ რატომ - ამაზე აღარ შევჩერდებით. გასაგებია ისიც, ამ თემის შემოგდება სოხუმს რომ შიდა აუდიტორიის დასაშოშმინებლად სჭირდება. დიახ, ეს სჭირდება აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, როგორც თქვენ ბრძანეთ, მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ შერიგებისთვის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

- მიუხედავად არსებული ბარიერებისა, რიგი ჯგუფები ქართული და აფხაზური საზოგადოებებიდან ერთმანეთს ხვდებიან და სამომავლოდაც გამოთქვამენ კონტაქტის ინტერესს. რას ელით ამ აქტივობისგან პირადად თქვენ? რამდენად ქმედითი შეიძლება, იყოს მსგავსი კონტაქტები და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ კონფლიქტის მოგვარების საქმეში?

- ყოველი კონტაქტი მნიშვნელოვანია და ყოველ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ეს კონტაქტები და უიმედო დღეს, ყოველ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა ჯგუფს, უფრო ხშირად იარონ ერთმანეთთან. შეიძლება, ამან ამ წუთს არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ ხვალ და ზეგ ნაყოფს გამოიღებს.

მახსენდება ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში აფხაზი მიმომხილველის „გოდება" იმაზე, "პატარა ღელეზე რომ გადასავლელი დაიკეტა და ამას მთელი ევროპა და მსოფლიო ყურადღებას აქცევს, ასეთი რა მოხდაო?!". ვიღაცისთვის ეს ღელეა, ადგილობრივთათვის კი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალება. ამ პატარა გადასასვლელზე ადამიანები მშვიდად გადადიოდნენ, აკრძალვამ კი მკვეთრად შეცვალა მათი გუნება-განწყობა, ეკონომიკური სიტუაცია. ადგილობრივ მოსახლეობას კაპიკი არ უჯდებოდა ეს მიმოსვლა, ახლა ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აფხაზები იმასაც ხვდებიან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ჩვენი კონტაქტები უფრო ხელშესახები გახდება, ადამიანები უფრო თავისუფლად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყველაფრის ამოძირკვა, რაც საერთო წარსულთან გვაკავშირებს - მაგალითად, ქართული ტოპონიმების ამოძირკვის მცდელობა. მესმის, რომ "ლესელიძეს" გადაარქვა სახელი ან რომელიმე სოფელს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ სახელებს, რომელიც ოდითგანვე ცნობილია, არქმევდე უსახურ, არაფრისმთქმელ სახელს და ამით თავს იწონებდე? - გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია.

ავიღოთ თუნდაც მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მეგრული ენა არასოდეს დაიკარგება სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში, ყოფაში და ყოველდღიურობაში. მეგრულ ენას აფხაზების და, მით უმეტეს, რუსების მხარდაჭერა არ სჭირდება - იმ რუსებისა, რომლებიც ამას იყენებენ როგორც ქართული ენის ალტერნატივას. ამიტომ ეს არის ამაოდ დახარჯული ენერგია, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. განა არ იციან, რომ მეგრული ენა ვერასოდეს ჩაენაცვლება ქართულ სალიტერატუროს და მისდამი ყოველი ჩვენგანის სიყვარულს, მაგრამ ნირს არ იცვლიან.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, თავს ვერ მოვიწონებთ აქტიური კონტაქტებით, მაგრამ ისინი არსებობს და ეს ერთ-ერთი ჩვენი დასაყრდენია.

- ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია გადასახედია და ეს, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკასაც ეხება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ჩემთვის აფხაზეთში დაბრუნება არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აფხაზეთში დაბრუნება ჩემთვის შინ დაბრუნებაა. ასეა ყველასთვის, ვინც აფხაზეთიდანაა გამოდევნილი.

რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიები გადასახედია, შესაცვლელია და დასახვეწი. ამ მხრივ ძალიან დიდი მუშაობა გვმართებს ყველასთან, ვისაც ეს ხელეწიფება. 24 წლის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის თემა საქართველოშიც კი კანტი-კუნტად გაისმოდა. ახლა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გააქტიურებულია არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ჩვენი მეგობრების ძალისხმევა ჩვენთვის სტიმულია, რომ სამომავლოდ შევძლოთ ძალიან საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. არაღიარების პოლიტიკა, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება, ამერიკელი და ევროპელი სენატორების მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე, რუსეთის ქმედებათა საჯაროდ დაგმობა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით სანქციების დადგენის თაობაზე... - ეს ცოტა არ არის. კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიებზე აქ საჯაროდ ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ, მერწმუნეთ, გულხელდაკრეფილი არ ვსხედვართ, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამას აფხაზებიც აკვირდებიან და გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებენ. მით უმეტეს, საქვეყნოდ ცნობილი და დეკლარირებულია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. მთავარი გეზი და გზავნილი აფხაზური მოსახლეობისადმი არის ის, რომ ჩვენ მართლაც არ ვემზადებით რევანშისათვის. ჩვენ მხოლოდ ერთიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს.

ბოლოს არ შემიძლია, ჩვენს დევნილებზე ორიოდე სიტყვა არ ვთქვა. ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან შეგნებული ნაწილი, რომლის მოთმინების უნარიც საარაკოა. რა არ გამოსცადეს მათ: საკუთარი ფუძიდან აყრა, დევნილობა, დამცირება, გაჭირვება, უსახლკარობა... და მაინც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს, შვილებს ღირსეულად ზრდიან, მათი ბავშვებისთვის აფხაზეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. დევნილი საზოგადოებისათვის დაყვავებას, გვერდში ამოდგომას, სტიმულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ჩვენმა დევნილებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. გულგრილობა მათ მიმართ მიუტევებელი და დაუშვებელია.

ახალი ამბების სააგენტოაქცენტი"

2017-02-09
ვახტანგ ყოლბაია: "რაც არ უნდა შევთავაზოთ დევნილებს, ისინი თავს ბედნიერად მხოლოდ საკუთარ ფუძეზე იგრძნობენ"

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ხმაური, რომელიც დევნილთათვის შემწეობის გაცემის წესის შესაძლო ცვლილებამ გამოიწვია უსაფუძვლოა, რადგან დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯერჯერობით საბოლოო ფორმატზე არ შეჯერებულა. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რეფორმის გატარება არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების ფონზე ხდება.

„განიხილებოდა 45ლარიანი შემწეობების საკითხი, თუმცა ამ შემწეობების სრულიად მოხსნაზე საუბარი არ ყოფილა. იყო ვერსია, რომ ეს შემწეობა მოეხსნებოდათ იმ დევნილებს, ვისი შემოსავალიც 1000 ლარს აღემატება და ვინც ბინით უზრუნველყოფილია, თუმცა ამ პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების მიღებაც მოხდება შესაბამისად, ყველას აზრის გათვალისწინების შემდეგ", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს დევნილი საზოგადოების დამოკიდებულება მოცემული საკითხების მიმართ, ეხება ეს ბინით დაკმაყოფილებას, სოციალური დახმარებას თუ სხვა მრავალი საკითხს.

„რაც უნდა შევთავაზოთ საკუთარი ფუძიდან დევნილ ადამიანს, იქნება ეს 5 ბინა თუ ოქრო ვერცხლი და სხვა სიკეთე, არავინ დაიჯეროს, რომ დევნილი ადამიანი ამით თავს ბედნიერად იგრძნობს. უნდა გავიგოთ ყველამ, რომ მას საკუთარ სახლში, მშობლიურ გარემოში სურს დაბრუნება. შველა არის დაბრუნებაში, ამიტომ პარალელურ რეჟიმში ლაპარაკი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე, სოხუმთან ურთიერთობის დალაგებაზე, დასავლეთის მხარდაჭერის გააქტიურებაზე და ა.შ. პროცესი რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გადაულახავი არ არის"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

NEWSPRESS

2016-12-11
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსია

ბატონო ვახტანგ, აფხაზეთის თემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, შეიძლება ითქვას, წრე ვიწროვდება. რუსეთი სრულიად უცერემონიოდ განაგრძობს ქართული ტერიტორიების აგრესიულ ოკუპაციას, რაც ბუნებრივია, წარმოშობს კითხვებს. სამხედრო ბაზები, სამხედრო ქალაქი ეს ხომ პრაქტიკულად დახურული ზონების არსებობას ნიშნავს. გალში დღეს ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, რომელსაც სასიცოცხლო სივრცე შეეზღუდება იმ აკრძალვებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსკოვი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს. როგორი იქნება მათი მომავალი?

დიახ, ჩვენ ვაპროტესტებთ, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ რუსეთთან ეს არ მუშაობს. თუ იმ სიტყვებსაც გავიხსენებთ, რომელიც პუტინმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, „რუსეთს საზღვრები არა აქვსო", ყველაფერი გასაგები ხდება. ერთადერთი, რასაც რუსეთი წინ ვერ აღუდგა ეს არაღიარების პოლიტიკაა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და მათ მიერ საქართველოს შეუვალი მხარდაჭერის შედეგია. გალში დღეს არსებული მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ იქ მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული იქნება, სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. სავარაუდოდ 15 ათასამდე რუსი სამხედრო იქნება აფხაზეთში და მათი ძირითადი ნაწილი გალში განთავსდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპერატიული შტაბი გალში დაფუძნდეს, სადაც სამხედროებთან ერთად მოიერიშე ძალაც ეყოლებათ. სამხედროები ოჯახებით ჩამოსახლდებიან და გვექნება რუსული სამხედრო დასახლება, რამაც ქართული მოსახლეობის შევიწროება და გამოდევნაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რატომ გალი? ერთია, რომ - გალი მაინც ფრონტისპირა რეგიონია. მეორეც, როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერონ. უნდა ვივარაუდოთ, რომ გალიდან ზეწოლის ცენტრი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, რომელიც მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. გალში დღეს ქართული მოსახლეობის 98% ცხოვრობს. სწორედ ამ ქართულ მოსახლეობას შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე, უფრომეტიც, არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გალი დანარჩენი საქართველოსთვის ჩაიკეტოს კიდეც. ვინაიდან გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ნაწილებისა და საცხოვრებელი კორპუსებისგან შემდგარი ქალაქი ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. კომპლექსი უცხო პირებისგან დაცულია და მისი შესასვლელი კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. ეს არის დახურული ქალაქი, სადაც სპეციალური ნებართვის ან საშვის გარეშე არასამხედრო პირს გადაადგილება ეკრძალება. უფრო მასშტაბური გათვლებით კი ახალი სამხედრო ზეწოლის ცენტრი არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება და მის ნატოში შესვლის პერსპექტივას ზღუდავს, არამედ შავი ზღვის აუზის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასაც დიდ ზიანს მიაყენებს. რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელაღებით უგულებელყოფაზე. თქვენ წეღან მკითხეთ რა გვქონდა და რა მომავალი ექნება ამ ყველაფერს?

ახლა ჯერი გალზე მიდგა. ზუგდიდში გადასვლა ალბათ უკიდურესად გართულდება. ენგურის ხიდზე მუდამ აუარებელი ხალხი მოძრაობს. წარმოიქმნება კოლოსალური რიგები, რომლებიც დღეებს გასტანს და ძალიან დაემსგავსება განთიადის საზღვარზე მდგომ დაუსრულებელ რიგებს.

გალს ჰყავს მშრომელი და გამრჯე მოსახლეობა, რომელიც ზუგდიდთან კავშირით რაღაცას ახერხებს და თავისი ნაჯაფი ენგურს გაღმა დიდი ვაი-ვაგლახით გააქვს. როდესაც ამდენ სამხედროს ჩამოასახლებენ და საგუშაგო-გამშვებ პუნქტებზე ახალი აკრძალვები დაწესდება რთული სათქმელია როგორ გაუძლებენ ასეთ პირობებს გალელები. გარდა ამისა, რუსი სამხედროები ცნობილნი არიან თავიანთი აგრესიით ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რაც ლოკალური კონფლიქტის საფრთხეებს შექმნის. ასეთი პერსპექტივა ოპტიმიზმის საფუძველს რა თქმა უნდა არ გვაძლევს. ეს ძალიან ცუდია ორივე მხარისთვის ქართველებისა და აფხაზებისთვისაც.

გავიხსენოთ აფხაზეთის „ოცნება" დამოუკიდებლობის შესახებ, ორივე მხარეს მივიღეთ აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი და მომავლის რესურსის განადგურება. რითი სრულდება ეგრეთწოდებული აფხაზეთის სახელწიფოს პერსპექტივა, რომელსაც ქართველების გარეშე უნდა შეექმნა ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სახელწიფოს ახალი მოდელი. და რა მივიღეთ ახლა? რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის ანუ ქართული მიწების სრული ანექსია და ამავე დროს, აფხაზების ხელითვე მიღწეული და მათ მიერვე გამოცხადებული თვითანექსია. ეს გახლავთ მწარე სიმართლე, რომლის აღიარებაც აფხაზებს არ სურთ. რითი ამართლებს ამას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება? თურმე ასეთი ქმედება ქართველების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ იძულებით გადადგმული ნაბიჯი და მათი უსაფრთხოების გარანტიაა. დღეს, როცა ყველაფერი ცხადზე უცხადესი გახდა, დარწმუნებული ვარ, ამ მითების აღარავის სჯერა.

როგორ ფიქრობთ ეწინააღმდეგება თუ არა ამას ვინმე აფხაზეთში. ის ნაწილი მაინც, ვინც ხაჯიმბას თვლის ამაში დამნაშავედ. როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები. როგორ ხვდება ამას აფხაზეთის ოპოზიცია?

მიჭირს იმის თქმა, რომ აფხაზებს უნდოდათ ის, რაც გამოუვიდათ. აფხაზური ოპოზიცია არაერთგვაროვანია. ზოგი თავს იმით იწონებს, რომ ხაჯიმბაზე უფრო მეტად არიან რუსული პოლიტიკის მომხრენი და აფხაზეთის სრული რუსიფიკაციით იწონებენ თავს. ზოგიც სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებას ელოდება, ოპოზიციური ფლანგის ამოქმედებისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და პროგრესულად მოაზროვნე აფხაზები ასეთ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებენ და დღეს იქნება თუ ხვალ ანექსირებული აფხაზეთის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მძლავრ მოძრაობას შექმნიან. როცა დაინახავენ, რომ აფხაზეთის ეროვნული საინდიფიკაციო კოდიც კი საკუთარი ნებით წყალს გაატანეს, ვფიქრობ, თავმოყვარე აფხაზები იოლად ამას არავის შეარჩენენ. ისეთმა მოვლენებმა შეიძლება იჩინოს თავი, რომელზეც არავის უფიქრია. მაგრამ რომელმაც შეიძლება ვითარება სულ სხვა ყალიბში გადაიყვანოს.

რას გულისხმობთ?

თუნდაც ავიღოთ ვიზა-ლიბერალიზაციის თემა, რომელიც ახალი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მართალია, აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ ევროსტრუქტურების არცერთი სუბიექტი მას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთეები აფხაზეთის ტერიტორიაზეც იმოქმედებს. ზოგს სასწავლებლად უბიძგებს, ზოგს მოგზაურობისკენ, ზოგს ბიზნესის კეთებისკენ და სხვა მრავალი საქმიანობისკენ. ასე, რომ ევროპული ინტეგრაციის სიკეთეს აფხაზეთის მოსახლეობაც ეზიარება. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ყველას შეუძლია საკუთარ კანზე იგრძნოს ევროპული ფასეულობების სისტემის და დემოკრატიული პრინციპების უპირატესობა.

ამ რთულ სიტუაციაში რა გზებს მიმართავთ, რა პროექტებს განახორციელებს თქვენი უწყება, რომ საბოლოოდ არ გაწყდეს კავშირი აფხაზეთის მოსახლეობასთან? როგორი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მილიტარიზაციაზე აფხაზეთში? რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენს მხარდასაჭერად და რა გამოსავალს ხედავთ ამ ჩიხიდან?

ჩვენ ხშირად გვეუბნებიან არაფერს აკეთებთ, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი არა გაქვთ, ნდობის აღდგენა ვერ მოახერხეთო და მრავალი სხვა საყვედურები შემიძლია მოგიყვანოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით. ჟურნალისტები ხშირად გვაცივდებიან მოგვიყვანეთ მაგალითები, გაქვთ თუ არა ურთიერთობები აფხაზებთან, საუბრობთ თუ არა მათთან, რას გეუბნებიან, როგორ აღიქვამენ მიმდინარე პროცესებს და სხვა მრავალი. როგორ ფიქრობთ სამასი ათას ადამიანს, რომელსაც მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს, უმეზობლო, უმეგობრო და უნათესაო იყო? უფრო მჭიდრო ნათესაური, მეზობლური, მეგობრული და გადჯაჭვული ურთიერთობები წარმოუდეგენელია. აფხაზების გარეშე პური არ გაგვიტეხავს. გაჭირვებასა და სიხარულში ერთად ვიყავით, ჩვენთვის და აფხაზებისთვის რომ გეკითხათ ცალ-ცალკე იცხოვრებთ ოდესმეო? ხელებს გავასავსავებდით და ვიტყოდით ეს შეუძლებელიაო. ასეთი ახლობლობა, თუნდაც 25 წლის შემდეგ, შუძლებელია ერთბაშად გაწყდეს. დიახ, ეს სულიერი სიმები ჯერ კიდევ არსებობს და მათ შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მახარებს ის, რომ ჩვენი არასამთავრობოები ხშირად ხვდებიან აფხაზებს და აწყობენ შეხვედრებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც გვაქვს ჩვენი არხები, მაგრამ მათი ჩამოთვლა და საუბრის თემატიკის გარეთ გამოტანა დღევანდელ პირობებში, აფხაზებისთვის ღალატის ტოლფასი იქნება. რუსეთისთვის თავგადაკლული აფხაზები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ყველას, ვინც ქართველებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის. ამიტომაც ხელაღებით და თავმომწონედ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებელია. სულსწრაფობა და წინდაუხედავი ნაბიჯები, ყველაფერს დააზიანებს, უკურეაქციას გამოიწვევს, რითაც ის მცირეც დაიკარგება რაც გვაქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას. მან ეს რეაქცია უკვე გამოხატა ვიზა-ლიბერალიზაციის თემის ბოლომდე მიყვანით. იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, ევროპისგან ეს ძალისხმევა მისასალმებელია და ქართველი ხალხი ნამდვილად მადლიერია. ევროპა ასევე ერთიანად დარაზმული შეეწინააღმდეგა რუსეთს აფხაზეთის აღიარების საკითხში. არაღიარების პოლიტიკა კვლავაც წარმატებით გრძელდება. ეს არ არის პატარა კოზირი თუკი ამის გამოყენებას ქართველები გონივრულად და თანმიმდევრულად შევძლებთ. თუკი დასავლეთი ასეთივე შეუვალი იქნება აფხაზეთის მილიტარიზაციის გეგმისა და მისი ანექსიისადმი, ვფიქრობ, რაღაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ ჩვენც ბევრი რამ უნდა მოვიმოქმედოთ. პირველ რიგში აფხაზები უნდა დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობას ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს. თქვენი ცით, რომ აფხაზეთის ჯანმრთელობის სისტემა ძალიან სუსტია და რთულ სიტუაციაში აფხაზეთის მოსახლეობას უწევს ჩვენთან მკურნალობა. ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი რეფერალური პროგრამები, რომელშიც აფხაზებიც ჩაერთვებიან. საჭიროა ერთობლივი პროექტები., მაგალითად, კოლხური ბზის გადარჩენის პროგრამა საინტერესო თანამშრომლობას გვპირდება, ენერგეტიკის სფეროში ქართველი და აფხაზი ენეგეტიკოსების ურთიერთობა ენგურჰესზე ისედაც ყოველთვის სამაგალითო იყო და ეს პროექტი წარმატებით გრძელდება. უნდა დაიგეგმოს ურთიერთინტერესების გამომხატველი კულტურული და ისტორიული პროექტები, ხელი უნდა შეეწყოს საერთო ბიზნესის განვითარებას და წახალისებას აფხაზეთში და სხვა მრავალი. ეს დააახლოებს ადამიანებს და გზას გაგვიხსნის ერთმანეთისაკენ, ეს ხომ ჩვენი საერთო ინტერესებია.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას. ამდენი წელია ფაქტიურად გაბუტულები ვართ. მხოლოდ ბიზნესის სფეროში მოვახდინეთ მცირეოდენი წინსვლა, რაც ამ ვითარებაში ცოტა არ არის. მაგრამ, ყველა ხედავს, რომ პოლიტიკურ და უმაღლეს დონეზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ეს არის ჩიხი, რომელსაც ვერაფრით დავაღწიეთ თავი. განვლილმა წლებმა გვიჩვენა, რომ დროა ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ. ყველაზე მეტი შედეგი პირდაპირ დიალოგს რომ მოაქვს, ამაზე ალბათ არავინ იკამათებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ის რაც ახლა აფხაზეთში ხდება დიალოგის უკმარისობამაც განაპირობა ალბათ. ვფიქრობ, პირდაპირ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს და ამისთვის სერიოზული მომზადება გვმართებს.

რა მოლოდინი გაქვთ ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი კვლავ შემოუბრუნდა?

მახსოვს, როცა ეს კანონი მიიღეს, მაშინაც ბევრი სჯა-ბაასი იყო. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს კანონი დახვეწილი არ იყო და მას სჭირდებოდა გადახედვა, მათ შორის პირველი მოთხოვნა ეხებოდა ყბადაღებული სანქციების მუხლს, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

დღევანდელი რეალობა ითხოვს, რომ გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. აფხაზეთის ხელისუფლება სამწუხაროდ ამ პროცესში ჩართული არ არის. კანონის სრულიად გაუქმება მიუღებლად მიმაჩნია, ლაპარაკია მის შერბილებაზე, რაც ქართველებსაც და აფხაზებსაც ერთნაირად სჭირდებათ. როცა დამოკიდებულება ცალმხრივი არ არის ორივე მხარეს გზა ეხსნება მოქმედებისთვის. ბევრ ქართველს სურს აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება. ამისთვის კი ნიადაგი უნდა მომზადდეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმ საშიშროებებს, რომელზეც ლაპარაკობს ბევრი ჩვენი კოლეგა. რა თქმა უნდა, სოხუმის ნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეძლებენ, რომ ინვესტორებმა, მხოლოდ სოხუმთან იურთიერთონ და გარეშე ძალის კარნახის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. მიუხედავად ყველა წიმააღმდეგობისა, ეს არის შანსი და ამ შანსის ვიგებთ ან ქართველები, ან აფხაზები, ან უცხოელები ამ კანონით??!!, მხოლოდ რუსებს და ზოგიერთი მათ პარტნიორი ქვეყნების წარმოადგენლებს აქვთ იქ შესვლა-გამოსვლის უფლება. გამოდის ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს ნეგატიური პროცესების განვითარებას, რაც შემდეგ ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ასე რომ ხელების ჩამოშვების დრო არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ.

ბატონო ვახტანგ, ხვალ ქართული დელეგაცია ჟენევაში მიემგზავრება. განიხილავთ თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საკითხებს, რომლებიც ასეთ ვნებათა-ღელვას იწვევს.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება კამათი. წინასწარ ვერ გეტყვით როგორ შეხვდება ჩვენს კითხვებს რუსული და აფხაზური მხარე, მაგრამ საკითხი მთელი სიმწვავით დადგება. ამ თემის გაგრძელება ალბათ ჟენევის შემდეგ უფრო სწორი იქნება, რადგან წინასწარ რაიმეს თქმა დაბეჯითებით შეუძლებელია.

Abkhazia News

2016-11-29
ვახტანგ ყოლბაია: „საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთთან სერიოზულად უნდა იმუშაოს“

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან" აცხადებს, რომ შეიძლება კარასინი-აბაშიძის ფორმატი სხვა ფორმატში გადავიტანოთ.

-ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე გააქტიურდა. ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთსა და ცხინვალში კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია. თქვენ აცხადებთ, რომ აფხაზეთში მუდმივად ვერ გაგრძელდება ის მდგომარეობა, რაც დღეს არის და აფხაზებს მოუწევთ ქართველებთან შეთანხმება და ცხოვრება. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

-ის, რაზეც რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, შემდეგ ის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. თუმცა, გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევის თაობაზე მოარული ხმები რომ დადის, ერთმანეთთან ბმაში არ მოდის.

-„მოარული ხმები" დადისო, რატომ თქვით, მგონი, პუტინმა განკარგულება გამოსცა.

-ამგვარი განკარგულება არის და  გამომდინარე აქედან ჩვენ სიტუაციის შეცვლას ველოდებით. ეს ჩვენ უნდა გვცოდნოდა. თუ სახელმწიფო მზად არ არის, თუ არ აკვირდება მოვლენებს, რა ხდება რუსეთის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მაშინ ის რა სახელმწიფოა.

რუსეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, ასევე კრიმინოგენურ სიტუაციასთან სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რეჟიმის გამარტივებას სოხუმთან, ე. ი. მოსალოდნელია რაღაც ქმედებები რუსეთის მხრიდან.

-რა იქნება ეს ქმედებები?

-რა იქნება ეს ქმედებები, უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ. რუსეთი თავის ნამოქმედარს შუა გზაზე რომ არ დატოვებს, ფაქტია. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად რომ იცვლება, ცხადია. რუსეთი მთლიანად იქნება იქ არსებული შენაერთების ბატონ-პატრონი.

-რუსეთის ამ ქმედების საპირისპიროდ რის გაკეთება შეიძლება?

-აქ დასავლეთმა თავისი გაბედული სიტყვა უნდა თქვას. თუმცა, ჩემს თავს შევეწინააღმდეგები. იმაზე გაბედული უფრო, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთმა თქვა, ვერ იტყოდა, მაგრამ რა შედეგი გვაქვს? შედეგი გვაქვს ემბარგოებით მოცული რუსეთი, რომელიც თავის პოლიტიკას არ იშლის. ამის მიუხედავად, დასავლეთმა უფრო გაბედულად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მემორანდუმსა თუ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ.

-საქართველოს ხელისუფლების პოზიცია როგორია?

-ძალიან მომეწონა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ჩვენი იარაღია საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ ამ რუტინაში ყოფნას არ ვაპირებთ და კონფლიქტის მოგვარების პროცესში რაღაც გარღვევაა საჭირო.

-რა უნდა იყოს ეს გარღვევა?

-არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც საპასუხო ქმედებები აქვს განსაზღვრული იმგვარი ქმედებების მიმართ, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს, კონკრეტულად კი, გალის მიმართ. დარწმუნებული ვარ, თვითონ აფხაზებმაც არ იციან, რას აპირებს რუსეთი.

აფხაზების ხვალინდელი დღე საქართველოსთან ურთიერთობაშია. სხვანაირად არ შეიძლება. ეს, პირველ რიგში, აფხაზებს სჭირდებათ. ეს, პირველ რიგში, აფხაზებს სჭირდებათ. არანაკლებ გვჭირდება ქართველებს,რომ ურთიერთობაში ვიყოთ აფხაზებთან და სამაჩაბლოელებთან. ხვალინდელი დღე ერთად ყოფნაშია.

-ამას რა სჯობს, თუ რუსეთი მისცემს მათ ჩვენთან ურთიერთობის საშუალებას.

-გეთანხმებით, მეც ეს მქონდა მხედველობაში. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი იარაღია საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთთან სერიოზულად უნდა იმუშაოს და ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორც უკრაინის გამო იყო. თუ რუსეთს შეუტევენ, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო, შეიძლება ეს მისთვის სერიოზული პრობლემა იყოს.

-დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი ხელისუფლებისგან, იგივე პუტინისგან დამოუკიდებლად შეიძლება რააც გარკვეულ შემოთავაზებებს აკეთებდეს?

-არა, არავითარ შემთხვევაში.

-როდესაც გალის ძლიერ სამხედრო ნაწილად გარდაქმნის პარალელურად, დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გვთავაზობს, რომ კონფედერაცია კარგი იქნება საქართველოსთვის და მისი კონფლიქტების მოგვარებისათვის, ეს რას ნიშნავს, უნდა გავჩუმდეთ, დავთანხმდეთ ამას და თან სამხედრო ნაწილი უმტკივნეულოდ დაამაგროს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

-ეს იმას ნიშნავს, რომ რუსებს უნდათ კონფლიქტის მოგვარება თავისთვის ყველაზე უმტკივნეულო ფორმით. ასე რომ არ გამოვა, თვით რუსეთის დიდმა პოლიტიკოსებმაც კარგად უწყიან. პუტინის გარეშე შემოთავაზება არ იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის მიპატიჟება საუბრისთვის.

-როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე, რას ატყობთ სიტუაციას, მოლაპარაკება რუსეთთან შესაძლებელია იმ საკითხზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, კერძოდ, ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით? რაიმე სივრცე არის მოლაპარაკებებისათვის?

-გარდა ჟენევისა, არის კარასინი-აბაშიძის ფორმატი.

-ისინი არ საუბრობენ დეოკუპაციაზე.

-ორივე ფორმატი უფრო გაბედულად არის გამოსაყენებელი. ერთ-ორდღიანი მოლაპარაკებების პროცესი არ იძლევა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალებას. საგნობრივი განხილვაა საჭირო იმ თემების გათვალისწინებით, რაც ახლა რუსულ-ქართულ ურთიერთობაშია. ამიტომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი შეიძლება სხვა ფორმატში გადავიტანოთ.

 

დეოკუპაციის, სამხედრო ბაზების განთავსებისა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილებოდეს პერმანენტულ შეხვედრებზე. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება უპირობოდ შეხვედრების გამართვა, მაგრამ ის, რასაც ახლა კალაშნიკოვი ლაპარაკობს, იძლევა საშუალებას, კულუარებში მოეწყოს საუბრები. თუნდაც ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში.

-პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ამ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობს. ჟენევის ფორმატში ამ საკითხებს განიხილავთ?

-ჩვენი დღის წესრიგი განსაზღვრულია. არის პოლიტიკური საკითხი ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ჰუმანიტარულ-სოციალური ხასიათის პრობლემებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დევნილთა დაბრუნების საკითხი. ჟენევის ფორმატი სხვა საკითხებს არ ითვალისწინებს, რადგან, როცა ის შეიქმნა, ტერიტორია ოკუპირებული არ იყო.

 


გულიკო ბალაძე


ახალი თაობა

2016-09-08
ვახტანგ ყოლბაია: დადგება ის დღეც, როცა კვლავ, ყველანი ერთად ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ გავერთიანდებით

 

- ბატონო ვახტანგ, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან აფხაზეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკა მოხშირდა, გაისმა ბრალდებებიც, რითია ეს განპირობებული?

ბოლო დროს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ აფხაზეთის თემა, შეიძლება ითქვას, საკუთარი პარტიების  ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა. ეს  ეხება ბურჭულაძის პარტიასაც და შალვა ნათელაშვილის განცხადებასაც. გასაგებია,  რომ პოლიტიკური კონიუნქტურისათვის, ისიც საარჩევნო კამპანიის დროს, ასეთი ხერხების გამოყენება  უცხო მოვლენად არ ითვლება. ისიც  გვესმის, რომ აფხაზეთის თემა  პოლიტიკური პარტიების ქულების ჩასაწერად თავისთავად ძალიან მიმზიდველია. მაგრამ, განა ძნელი მისახვედრია, რომ  მათთვის თავდასხმა მეთოდი, ბრალდება სტრატეგია, მიზანი კი მრავალათასიანი დევნილთა საზოგადოების საარჩევნო ხმების  მოპოვებაა. პრობლემა კი პრობლემად რჩება მეგობრებო, - აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების რეალური გზა არ ჩანს. საკითხავია, რამდენი საათი ან წუთი აქვთ ამ პარტიებს დახარჯული  აფხაზეთის პრობლემის შესასწავლად. რატომ არა აქვთ  საკუთარ საარჩევნო პროგრამებში გაწერილი   აფხაზეთის პრობლემების მოწესრიგების რაიმე ახალი, განსხვავებული მეთოდები.  უნდა ვაღიარო,  ცოტა  არ იყოს გამაკვირვა შალვა ნათელაშვილის განცხადებამ, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.  შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ბატონი შალვა  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ჩვენი დეპუტაციის უფლებამოსილების გაგრძელების  ერთ-ერთი აქტიური მომხრე გახლდათ.

საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ორივე პარტიას, ამაზე კი მთელი საქართველო ლაპარაკობს, „ნაციონალურ მოძრაობასთან" მკაფიოდ გამოხატული    კავშირები აქვს, რაც მოსახლეობის თვალში, მათი „პატრიოტული" მოსაზრებების  სრულ ნიველირებას ახდენს. კალიფიციურმა იურისტებმა კარგად იციან,  რასთან არის დაკავშირებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  არჩევნები; სამწუხაროდ, დღეს ეს ყბადაღებული თემაა,  რომელთანაც აგდებული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანას არაფერს არგებს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და აფხაზეთის არ  აღიარების პოლიტიკას ნამდვილად ავნებს. მინდა განვმარტო, რატომ?

ცნობილია, რომ მოსკოვშიც და სოხუმშიც უარყოფითად უყურებენ თბილისში მოქმედ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. ამ შემთხვევაშიც რაღაც საეჭვოდ ემთხვევა სოხუმის, მოსკოვისა და ამ პარტიების აზრი. ისინი მოითხოვენ, რომ საბჭო დავშალოთ და ხელახლა შევქმნათ, ოღონდ აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე.

სად ჩატარდება ეს არჩევნები? ყველა არჩევნებს გააჩნია ტერიტორიული კუთვნილება, სხვანაირად ის არალეგიტიმურია. აფხაზეთის სტრუქტურების არსებობა საკმაოდ გამაღიზიანებელი ფაქტორია მოსკოვისა და სოხუმისთვის, რადგან ისინი პარალელური სტრუქტურებია და მათი არარსებობის პირობებში,  ახალი უმაღლესი საბჭო მოკლებული იქნება ყოველგვარ ლეგიტიმაციას, რითაც გავამაგრებთ და კიდევ უფრო ლეგიტიმურს გავხდით სეპარატისტულ ხელისუფლებას.

ამქვეყნად კრიტიკის ქარცეცხლში ყველაფრის გატარება ალბათ  შესაძლებელია, ოღონდ არა აფხაზეთის ხარჯზე. აფხაზეთის მთავრობას დააბრალო უსაქმურობა და უმოქმედობა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს მას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ,  რამდენი ადამიანია ჩვენთან დასაქმებული,  რა საქმიანობას ეწევიან სამინისტროები, რა სოციალური პროექტები გვაქვს. ბურჭულაძის პარტიამ დაგვაბრალა, თითქოს ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილებს მხოლოდ სამასი ათას ლარს ვახმართ. ეს არასერიოზულია.  ელემენტარული არითმეტიკული გათვლებია საჭირო, იმის მისახვედრად, რომ   ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილებზე გაწეული პირდაპირი დანახარჯები მილიონობს შეადგენს, რა თქმა უნდა, არა მაქვს მხედველობაში არაპირდაპირი სოციალური ხარჯები.

- და მაინც, რას უპასუხებდით საჯაროდ თქვენდამი ოპოზიციურად განწყობილ ძალებს?

სამწუხაროა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები  მსგავს  პოლიტიკურ ლაფსუსებს დასაშვებად მიიჩნევენ. ჰგონიათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გინებით ამომრჩეველთა ხმებს მოიპოვებენ. ეს ცრუ მოლოდინია. დევნილმა საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის,  ჩვენი  უარყოფითი და  დადებითი მხარეები. ყველანი ერთი კუთხიდან ვართ, ერთად ვიყავით აფხაზეთში, საიდანაც ავიყარეთ და ერთად ვართ აქაც.  ჩვენ ხომ ყოველდღიური ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენს დევნილებთან რაიონებშიც და აქ, ადგილზეც. თუ ვინმემ იცის, სწორედ მათ იციან რას ვაკეთებთ, რა შესაძლებლობებს ვფლობთ. პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო ჭირ-ვარამი და შინ დაბრუნების დაუძლეველი სურვილი.

რასაც ვეთანხმები, მათი გამოსვლებიდან - „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში" ლოზუნგია.  დადგება ის დღეც, როცა კვლავ, ყველანი ერთად  ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ გავერთიანდებით. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და ეს იქნება დიდი  შერიგება, პატიება და მიტევება.

 

AbkhaziaNews

2016-08-26
ვახტანგ ყოლბაია: 8 წელი გავიდა! ამ ომს გამარჯვებულები არ ჰყავს

ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა".

ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს ოკუპირებილ აფხაზეთში გაიმართა „მრგვალი მაგიდა", რომელიც მიეძღვნა ხსენებული აღიარების 8 წლისთავს და რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიბკამ განაცხადა, რომ „ასრულდა აფხაზთა მრავალ თაობათა ოცნება".

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი აზრი:

„ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აფხაზების ნდობა უნდა აღვადგინოთ. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაც და საქმიანობაც, ამ ფაქტორების გასააქტიურებლადაა მიმართული. აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოს წიაღში კი, უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ხელშემწყობი ფაქტორები შემდეგია: საქართველოს მთავრობის სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ეკონომიკური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია, განათლება, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 20 წელზე მეტი გავიდა იმ ტრაგედიიდან. აგრესიული რიტორიკა, რომელსაც მესამე ძალა ახორციელებს, მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, მით უმეტეს, როცა აფხაზეთი პოლიტიკურ იზოლაციაშია და მოკლებულია ქართველებთან დიალოგს. თაობები აღიზარდნენ ამ სიძულვილის რიტორიკით, თუმცა ჰუმანიტარული ფაქტორები სერიოზულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, აფხაზები დღითიდღე რწმუნდებიან და კიდევ უფრო დარმწუნდებიან, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან. უბრალოდ, წნეხში არიან და ამის საჯაროდ აღიარება არ შეუძლიათ"- აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

2016-08-14
სამხრეთ კორეის სამშვიდობო ორგანიზაცია (HWPL),-ის წარმომადგენელმა კაილა ჩანგმა ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა

ომისა და მშვიდობის საკითხებზე, ომის შეწყვეტისა და მსოფლიო მშვიდობის დამყარების დეკლარაციასთან, ქართული-აფხაზური კონფლიქტის დაწყების თარიღ, 14 აგვისტოსთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა 

სამხრეთ კორეის   სამშვიდობო ორგანიზაცია (HWPL),-ის
წარმომადგენელმა კაილა ჩანგმა

– ბატონო ვახტანგ, ომისა და მშვიდობის საკითხები დღეს ჩვენს პლანეტაზე ალბათ ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო თემაა.  თქვენ, საკუთარ თავზე გამოსცადეთ  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ქარ-ცეცხლიც და დევნილობის საშინელებაც. როგორ უყურებთ  პირადად თქვენ ომისა და მშვიდობის საკითხებს. როგორი მსოფლიოს მოლოდინში  იყო კაცობრიობა 21 საუკუნეში?

კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ომი და სისხლისღვრა გადალახა. ადამიანები საუკუნეების მანძილზე სიკვდილის შიშის, უიმედობის ზღვარზე ყოფნისას, მაინც იმედის თვალით გაჰყურებდნენ მომავალს. მშვიდობა იყო მათთვის ყველაზე დიდი ოცნება. შიმშილის, წყურვილის, უიმედობისა და უსახლკარობისგან ხსნის უმთავრესი საშუალება. ასე, მშვიდობიანი მსოფლიოს მიღების ოცნებაში დასრულდა მეოცე საუკუნეც  და შევაბიჯეთ ახალ, 21 ასწლეულში. გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორ თავსდება ახალ საუკუნეში ტექნიკური პროგრესისა და უდიდესი აღმოჩენების ეპოქაში, ერთმანეთზე გადაჯაჭვული კონფლიქტები  და დაუსრულებელი  საომარი მოქმედებები. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პლანეტა მშვიდობის განუხრელი სურვილის მიუხედავად, მოუგვარებელი კონფლიქტების, ომების, არეულობების, არასტანდარტული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე კვლავაც დგას. ომები ერაყში, ავღანეთში, სირიაში, უკრაინაში, „ფერადი რევოლუციები“, ბრძოლა  ეგრეთწოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, გახშირებული თვითმკვლელი ფანატიკოსების მიერ განხორციელებულ ტერორისტული აქტები  ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მრავალმილიონიანი მიგრანტების ნაკადები ევროპისკენ დღეს მსოფლიოს აზანზარებს- სწორედ ეს გახლავთ კაცობრიობის გლობალური გამოწვევები. ასეთ დროს,  მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და საკითხები მეორეხარისხოვან როლს იძენს. უმთავრეს ადგილს კი კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხები იკავებს. 2016 წლის მაისის გაეროს მონაცემების თანახმად საერთაშორისო მიგრანტებისა და დევნილების რიცხვმა 244 მილიონს გადააჭარბა. მათი რიცხვი არც დღეს შემცირებულა.

– როგორ აღიქვამთ დღეს, ამდენი წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების  დღეს, 14 აგვისტოს, როგორი იყო მისი შედეგები?

ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს ამ თემაზე საუბარი. ეს ძალიან დიდი და მასშტაბური თემაა, რომლის კვლევა და ანალიზი კიდევ მრავალ წელს გასტანს. ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება, თუმცა ძალიან მოწადინებული ვიყავით, რომ ეს არ მომხდარიყო. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული. ძალადობა, სიდუხჭირე, დამცირება, უსამართლობა, მშობლიური სახლ-კარიდან აყრა, დევნილობაში ცხოვრება და მრავალი სხვა. 1992-93 წლის აფხაზეთის ომმა ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლის რამდენიმე დღიანი ომის შედეგად კი ჩვენი იურისდიქცია სამაჩაბლოშიც შეწყდა. ერთ პატარა ქვეყანაში ორი კონფლიქტის კერა, დამეთანხმებით, დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. კონფლიქტები რთული სტრუქტურით გამოირჩევა და მასთან გამკლავება ახალ რეალობაში ერთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რთული და დაუძლეველი ამოცანაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები დე იურედ არ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ეგრეთწოდებული სახელმწიფოები უკანონო წარმონაქმნად ითვლება. ეს დიდი სტიმული და მხარდაჭერაა ჩვენთვის. ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების სამომავლო იმედი და ხვალინდელი დღეა. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა დავანახოთ ის სიკეთე, რასაც ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრება მოგვიტანს. მოლაპარაკება, შერიგება, ნდობის აღდგენა, ერთად ცხოვრება, საერთო ჭირ-ვარამის განცდა და სიხარულის გაზიარება. ეს მხოლოდ მშვიდობიან, სტაბილურ გარემოშია შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისა და ოსებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. მოგეხსენებათ, ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ ომში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა აფხაზების მხრიდან. ისეთი პატარა ერისთვის, როგორც აფხაზებია, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია. ფაქტობრივად, განადგურდა ერის საუკეთესო წარმომადგენლობა, რამაც აფხაზთა გენოფონდს უდიდესი ზიანი მიაყენა. არასახარბიელო მდგომარეობაა ქართველების და ოსების მხარესაც. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ.

ომი ძალიან რთული მოვლენაა, თავისი შინაარსით-ეს ძალადობის აქტია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს ერთნაირად აზიანებს, ეს ეხება პოლიტიკას, იდეოლოგიას, სამართალს, მორალს, და რაღა თქმა უნდა, ეკონომიკას. რთულია პატარა ქვეყნისთვის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ ზარალთან გამკლავება. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით და მხარდაჭერით ბევრი სირთულე დაიძლია. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო შეძლებს უმუშევრობის დონის მკვეთრად შემცირებას, დევნილებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ხელფასების ზრდას, ინვესტიციების მოზიდავას, ახალ საწარმოებში ხალხის დასაქმებას, კერძო ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას, ახლგაზრდობისთვის განათლების სისტემის უკეთ მოწყობას. სტაბილურობა ქმნის ცვლილებებისთვის შესაფერის გარემოს, რაც სერიოზული მოტივაციაა ქვეყნის მოსახლეობისთვის იმედის თვალით შეხედოს საკუთარ მომავალს. ეს წინაპირობა კი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწინდარი გახლავთ.

დღეს ჩვენ, ომგამოვლილმა ქვეყანამ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომაც მხარს ვუჭერთ თქვენი ორგანიზციის ძალისხმევას მშვიდობისათვის ბრძოლაში. ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც გამოიარა ომის საშინელება, მოწადინებულია, თავისი შესაძლებლობები მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობას მოახმაროს. საქართველო უნდა იგულოთ იმ ქვეყნად, რომელსაც მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასშტაბური წვლილის შეტანა შეუძლია. თქვენ რამდენჯერმე მკითხეთ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს კონფლიქტებთან მიმართებაში? როგორც წეღან მოგახსენეთ, კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება დაიძლიოს. აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების პროცესი დაემყარება მშვიდობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენ მშვიდობის ხელი გავუწოდეთ აფხაზ და ოს ძმებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას. ყველამ ერთად კი უნდა ვძლიოთ წარსულს ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ.

ომების აღმოფხვრა 21-ე ასწლეულის ცივილიზებული მსოფლიოს ყველაზე რთული ამოცანაა. მსოფლიოში წარმოშობილი სხვა პრობლმების ფონზე სწორედ იგი უნდა იქცეს მსოფლიო ლიდერების გლობალური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანად. მხოლოდ შეთანხმებულ, პასუხიმგებლობით აღსავსე ერებისა და მსოფლიო ლიდერების მიერ შემუშავებულ გლობალურ სტრატეგიას ძალუძს გაუმკლავდეს ახალი კონფლიქტებისა და ომების წარმოშობის შეუწყნარებელ მიზეზებს.

– რომელი თავებია ომის შეწყვეტისა და მსოფლიო მშვიდობის დამყარების დეკლარაციაში თქვენთვის  ყველაზე შთამბეჭდავი და მისაღები?

ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და მრავლის მომცველი დოკუმენტია. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მუხლი „მუქარისა და ძალის გამოყენების აკრძალვა“. ყველა თავი  საინტერესოა, მაგრამ  საგულისხმოა მეოთხე ქვეთავი, რომელიც ამბობს რომ „ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ სხვა სახელმწიფოთა შიდა კონფლიქტებში ჩარევისაგან“.

თუმცა  აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მსოფლიო საზოგადოება  მოწმეა იმ ფაქტის, რომ აფხაზეთი და  ცხინვალი ოკუპირებულია  ჩვენი მეზობლის, რუსეთის მიერ.  დღემდე   ძალიან რთულია ამ მოვლენის აღქმა ჩვენთვის. მაგრამ ვფიქრობთ,

რაღაც უნდა შეიცვალოს  გართულებულ პოლიტიკურ ურთიერთობებში ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების სასარგებლოდ.  ჯერ-ჯერობით კი იმის თქმა შემიძლია, რომ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილია ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობის-2/3. ამიტომ, ბუნებრივია, დეკლარაციის ეს მუხლი განსაკუთრებულია ჩვენთვის.  ასევე გამოვყოფდი ამავე მუხლის  მე-2 ქვე-პუნქტსაც, რომელშიც მითითებულია, რომ „საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მუქარის ან სამხედრო ძალის გამოყენებისაგან, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიასთან ან ზოგადად საერთაშორისო სამართალთან“. პრაქტიკულად ამ მუხლში და მის ქვემუხლებში ნათქვამია  ის, რაც  გვაღელვებს და რაც ჩვენი მუდმივი ფიქრის საგანია.

მინდა წარმატება ვუსურვო ამ დიდ წამოწყებას. დარწმუნებული ვარ, ვინც  დოკუმენტს გაეცნობა,  უყოყმანოდ დაუჭერს მხარს  მის ყველა მუხლს. ამის გარანტი კი იქნება მომავალი წარმომადგენლობითი  თავყრილობა, რომელიც  თქვენი ქვეყნის დედაქალაქში, სეულში სექტემბერში გაიმართება.