ომისა და მშვიდობის საკითხებზე, ომის შეწყვეტისა და მსოფლიო მშვიდობის დამყარების დეკლარაციასთან, ქართული-აფხაზური კონფლიქტის დაწყების თარიღ, 14 აგვისტოსთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა
სამხრეთ კორეის სამშვიდობო ორგანიზაცია (HWPL),-ის
წარმომადგენელმა კაილა ჩანგმა
– ბატონო ვახტანგ, ომისა და მშვიდობის საკითხები დღეს ჩვენს პლანეტაზე ალბათ ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო თემაა. თქვენ, საკუთარ თავზე გამოსცადეთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ქარ-ცეცხლიც და დევნილობის საშინელებაც. როგორ უყურებთ პირადად თქვენ ომისა და მშვიდობის საკითხებს. როგორი მსოფლიოს მოლოდინში იყო კაცობრიობა 21 საუკუნეში?
კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ომი და სისხლისღვრა გადალახა. ადამიანები საუკუნეების მანძილზე სიკვდილის შიშის, უიმედობის ზღვარზე ყოფნისას, მაინც იმედის თვალით გაჰყურებდნენ მომავალს. მშვიდობა იყო მათთვის ყველაზე დიდი ოცნება. შიმშილის, წყურვილის, უიმედობისა და უსახლკარობისგან ხსნის უმთავრესი საშუალება. ასე, მშვიდობიანი მსოფლიოს მიღების ოცნებაში დასრულდა მეოცე საუკუნეც და შევაბიჯეთ ახალ, 21 ასწლეულში. გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორ თავსდება ახალ საუკუნეში ტექნიკური პროგრესისა და უდიდესი აღმოჩენების ეპოქაში, ერთმანეთზე გადაჯაჭვული კონფლიქტები და დაუსრულებელი საომარი მოქმედებები. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პლანეტა მშვიდობის განუხრელი სურვილის მიუხედავად, მოუგვარებელი კონფლიქტების, ომების, არეულობების, არასტანდარტული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე კვლავაც დგას. ომები ერაყში, ავღანეთში, სირიაში, უკრაინაში, „ფერადი რევოლუციები“, ბრძოლა ეგრეთწოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, გახშირებული თვითმკვლელი ფანატიკოსების მიერ განხორციელებულ ტერორისტული აქტები ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მრავალმილიონიანი მიგრანტების ნაკადები ევროპისკენ დღეს მსოფლიოს აზანზარებს- სწორედ ეს გახლავთ კაცობრიობის გლობალური გამოწვევები. ასეთ დროს, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და საკითხები მეორეხარისხოვან როლს იძენს. უმთავრეს ადგილს კი კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხები იკავებს. 2016 წლის მაისის გაეროს მონაცემების თანახმად საერთაშორისო მიგრანტებისა და დევნილების რიცხვმა 244 მილიონს გადააჭარბა. მათი რიცხვი არც დღეს შემცირებულა.
– როგორ აღიქვამთ დღეს, ამდენი წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღეს, 14 აგვისტოს, როგორი იყო მისი შედეგები?
ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს ამ თემაზე საუბარი. ეს ძალიან დიდი და მასშტაბური თემაა, რომლის კვლევა და ანალიზი კიდევ მრავალ წელს გასტანს. ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება, თუმცა ძალიან მოწადინებული ვიყავით, რომ ეს არ მომხდარიყო. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული. ძალადობა, სიდუხჭირე, დამცირება, უსამართლობა, მშობლიური სახლ-კარიდან აყრა, დევნილობაში ცხოვრება და მრავალი სხვა. 1992-93 წლის აფხაზეთის ომმა ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლის რამდენიმე დღიანი ომის შედეგად კი ჩვენი იურისდიქცია სამაჩაბლოშიც შეწყდა. ერთ პატარა ქვეყანაში ორი კონფლიქტის კერა, დამეთანხმებით, დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. კონფლიქტები რთული სტრუქტურით გამოირჩევა და მასთან გამკლავება ახალ რეალობაში ერთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რთული და დაუძლეველი ამოცანაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები დე იურედ არ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ეგრეთწოდებული სახელმწიფოები უკანონო წარმონაქმნად ითვლება. ეს დიდი სტიმული და მხარდაჭერაა ჩვენთვის. ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების სამომავლო იმედი და ხვალინდელი დღეა. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა დავანახოთ ის სიკეთე, რასაც ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრება მოგვიტანს. მოლაპარაკება, შერიგება, ნდობის აღდგენა, ერთად ცხოვრება, საერთო ჭირ-ვარამის განცდა და სიხარულის გაზიარება. ეს მხოლოდ მშვიდობიან, სტაბილურ გარემოშია შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისა და ოსებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. მოგეხსენებათ, ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ ომში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა აფხაზების მხრიდან. ისეთი პატარა ერისთვის, როგორც აფხაზებია, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია. ფაქტობრივად, განადგურდა ერის საუკეთესო წარმომადგენლობა, რამაც აფხაზთა გენოფონდს უდიდესი ზიანი მიაყენა. არასახარბიელო მდგომარეობაა ქართველების და ოსების მხარესაც. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ.
ომი ძალიან რთული მოვლენაა, თავისი შინაარსით-ეს ძალადობის აქტია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს ერთნაირად აზიანებს, ეს ეხება პოლიტიკას, იდეოლოგიას, სამართალს, მორალს, და რაღა თქმა უნდა, ეკონომიკას. რთულია პატარა ქვეყნისთვის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ ზარალთან გამკლავება. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით და მხარდაჭერით ბევრი სირთულე დაიძლია. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო შეძლებს უმუშევრობის დონის მკვეთრად შემცირებას, დევნილებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ხელფასების ზრდას, ინვესტიციების მოზიდავას, ახალ საწარმოებში ხალხის დასაქმებას, კერძო ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას, ახლგაზრდობისთვის განათლების სისტემის უკეთ მოწყობას. სტაბილურობა ქმნის ცვლილებებისთვის შესაფერის გარემოს, რაც სერიოზული მოტივაციაა ქვეყნის მოსახლეობისთვის იმედის თვალით შეხედოს საკუთარ მომავალს. ეს წინაპირობა კი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწინდარი გახლავთ.
დღეს ჩვენ, ომგამოვლილმა ქვეყანამ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომაც მხარს ვუჭერთ თქვენი ორგანიზციის ძალისხმევას მშვიდობისათვის ბრძოლაში. ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც გამოიარა ომის საშინელება, მოწადინებულია, თავისი შესაძლებლობები მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობას მოახმაროს. საქართველო უნდა იგულოთ იმ ქვეყნად, რომელსაც მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასშტაბური წვლილის შეტანა შეუძლია. თქვენ რამდენჯერმე მკითხეთ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს კონფლიქტებთან მიმართებაში? როგორც წეღან მოგახსენეთ, კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება დაიძლიოს. აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების პროცესი დაემყარება მშვიდობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენ მშვიდობის ხელი გავუწოდეთ აფხაზ და ოს ძმებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას. ყველამ ერთად კი უნდა ვძლიოთ წარსულს ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ.
ომების აღმოფხვრა 21-ე ასწლეულის ცივილიზებული მსოფლიოს ყველაზე რთული ამოცანაა. მსოფლიოში წარმოშობილი სხვა პრობლმების ფონზე სწორედ იგი უნდა იქცეს მსოფლიო ლიდერების გლობალური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანად. მხოლოდ შეთანხმებულ, პასუხიმგებლობით აღსავსე ერებისა და მსოფლიო ლიდერების მიერ შემუშავებულ გლობალურ სტრატეგიას ძალუძს გაუმკლავდეს ახალი კონფლიქტებისა და ომების წარმოშობის შეუწყნარებელ მიზეზებს.
– რომელი თავებია ომის შეწყვეტისა და მსოფლიო მშვიდობის დამყარების დეკლარაციაში თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და მისაღები?
ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და მრავლის მომცველი დოკუმენტია. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მუხლი „მუქარისა და ძალის გამოყენების აკრძალვა“. ყველა თავი საინტერესოა, მაგრამ საგულისხმოა მეოთხე ქვეთავი, რომელიც ამბობს რომ „ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ სხვა სახელმწიფოთა შიდა კონფლიქტებში ჩარევისაგან“.
თუმცა აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მსოფლიო საზოგადოება მოწმეა იმ ფაქტის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია ჩვენი მეზობლის, რუსეთის მიერ. დღემდე ძალიან რთულია ამ მოვლენის აღქმა ჩვენთვის. მაგრამ ვფიქრობთ,
რაღაც უნდა შეიცვალოს გართულებულ პოლიტიკურ ურთიერთობებში ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების სასარგებლოდ. ჯერ-ჯერობით კი იმის თქმა შემიძლია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილია ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობის-2/3. ამიტომ, ბუნებრივია, დეკლარაციის ეს მუხლი განსაკუთრებულია ჩვენთვის. ასევე გამოვყოფდი ამავე მუხლის მე-2 ქვე-პუნქტსაც, რომელშიც მითითებულია, რომ „საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მუქარის ან სამხედრო ძალის გამოყენებისაგან, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიასთან ან ზოგადად საერთაშორისო სამართალთან“. პრაქტიკულად ამ მუხლში და მის ქვემუხლებში ნათქვამია ის, რაც გვაღელვებს და რაც ჩვენი მუდმივი ფიქრის საგანია.
მინდა წარმატება ვუსურვო ამ დიდ წამოწყებას. დარწმუნებული ვარ, ვინც დოკუმენტს გაეცნობა, უყოყმანოდ დაუჭერს მხარს მის ყველა მუხლს. ამის გარანტი კი იქნება მომავალი წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელიც თქვენი ქვეყნის დედაქალაქში, სეულში სექტემბერში გაიმართება.