გუდაუთა - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ.
გუდაუთაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა.
ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.
XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან დაბა გუდაუთის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება დაიწყო. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის რაიონი ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთში გუდაუთა სამაზრო ცენტრია, ხოლო 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო .
ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.
1991 წლიდან ქ. გუდაუთა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია.
გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები:
აბაანთას ციხე (VII ს.), აფხაზეთის ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.) ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ( XI ს.), შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები, სოფელ ანუხვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის ნაშთები უნიკალური ქართული წარწერებით (XI ). სოფელ ბობმბორაში მდებარეობს ქართული ქრისტიანული ტაძარი ( VIII-IX ს.ს.),
გუდაუთის რაიონში მდებარეობს ბიჭვინთა- მიუსერის ნაკრძალის მიუსერის მონაკვეთი, რომლის ფართობი 1,040 ჰექტარია.
რაიონში არსებობდა ავტოსარემონტო , ღვინის და საკონსერვო ქარხნები , ჩაის ფაბრიკა, საკალმახე, ციტრუსების, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები და სხვა.
გუდაუთის რაიონში მოქმედებდა 5 სანატორიუმი, 3 ტურისტული ბაზა, 3 დასასვენებელი ბაზა, 3 დასასვენებელი სახლი, 3 პანსიონატი.
გუდაუთასა და გუდაუთის რაიონში 2 ქართული, 19 აფხაზური , 1 რუსული, 7 სომხური, 7 რუსულ-აფხაზური, 2 ქართლ-აფხაზური სკოლა იყო.
რაიონის ჯანდაცვას ემსახურებოდა 1 საავადმყოფო, რაიონული პოლიკლინიკა, რაიონული სანეპიდსადგური და რაიონული აფთიაქი.
1992 წლამდე გუდაუთის რაიონში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:
აფხაზი-53.1%, ქართველი -13, 4%, რუსი-13, 5%, სომეხი-15, 4%, სხვა 4.6%