ახალი ათონი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. ახალი ათონის ფართობია - 1.2 კვ კმ. მანძილი თბილისიდან ახალ ათონამდე 464 კმ-ია, სოხუმიდან ახალ ათონამდე კი - 21 კმ.

ახალ ათონში  ჰავა ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკულია.

,,ქართლის ცხოვრებაში” ანაკოფია (ახალი ათონი)  VII საუკუნიდან იხსენიება. ანაკოფიაში, ივერიის მთაზე,  ანტიკური ხანის ტაძრისა და ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებია შემორჩენილი.  1875 წლიდან იხსენიება როგორც ახალი ათონი.

ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს.

ახალი ათონი 1991 წლიდან  დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ქალაქია.

ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ხალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.).

ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი  – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა  შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს.

ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა  ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები.

ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა .

1992 წლამდე ახალ ათონში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

აფხაზი - 23.1%, ქართველი - 7.6%, რუსი - 44 %, სომეხი-16.7%, სხვა - 8.6 %

ოკუპირებულია