ოჩამჩირე - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ ოჩამჩირეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება კავკასიონის ქედი, ხოლო დასავლეთით - შავი ზღვა. მანძილი სოხუმიდან ოჩამჩირემდე არის 53 კმ, თბილისიდან ოჩამჩირემდე – 391 კმ.
ოჩამჩირისთვის დამახასიათებელია ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა.
ისტორია:
ოჩამჩირე შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დასახლებულია ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ.წ. IV ს) ,,პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქალაქ გიენოსთან. ფსევდოსკილაკ კარიანდელი გიენოსს, როგორც ელინურ ქალაქს ისე იხსენიებს. დასახლება განსაკუთრებით ვითარდება ძვ.წ. IV-V საუკუნეებში. ანტიკურ ხანაში ( ძვ.წ. IV-Vსს) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უძველეს ცენტრებთან და საგარეო ვაჭრობას აწარმოებდა მცირე აზიის ქვეყნებთან, გამორჩეულად სინოპთან. ძვ.წ. I საუკუნეში გიენოსი დაკნინდა. მისი შემდგომი გამოცოცხლება ემთხვევა ეგრისის სამეფოს გაძლიერებას და საქალაქო ცხოვრების ახალ აღმავლობას (IV-V).
ოჩამჩირეში ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ააშენეს ნავმისადგომი, სკოლა, აფთიაქი, საექიმო პუნქტი, სასტუმრო და ფოსტა; ასევე, სახელმწიფო დაწესებულებები - კოდორის ნაწილის უფროსის კანცელარია, სასამართლო, საბაჟო.
ოჩამჩირე ქალაქად 1926 წლიდან გამოცხადდა.
1991 წლიდან ქ. ოჩამჩირე დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია.
ოჩამჩირის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ:
მოქვის საკათედრო ტაძარი (957-967 წ.წ.), ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, ქართული კულტურის ძლიერი კერა. აქ მიმდინარეობდა უძველესი ხელნაწერების გადაწერა.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი ( X ს),რომელიც ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ. ბედიის ტაძრის „სამკაულთა“ შორის უძვირფასესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში - ბედიის ბარძიმი.
ილორის წმიდა გიორგის ეკლესია (XI ს-ის I ნახ.), დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი და სალოცავი. ეკლესიის კედლის ფასადებზე დღემდე შემორჩენილია ხუთი ქართული ლაპიდარული წარწერა.
ოჩამჩირის რაიონის ღირსშესანიშნაობათა შორის გამორჩეულია სკურჩის ნაკრძალი, რომელიც 1978 წელს დაარსდა. მისი ფართობი 85 ჰექტარს შეადგენს.
ოჩამჩირესა და ოჩამჩირის რაიონში, 1992 წლის მონაცემებით, მრავალი სამრეწველო საწარმო მოქმედებდა, მათ შორის:
მოქვის ზეთის ექსტრაქტების, ტამიშის ეთერზეთების, სკურჩის არამადნეული მასალების, საკონსერვო და კომბინირებული საკვების ქარხნები, ასფალტისა და ბეტონის ოთხი ქარხანა; 3 მეფრინველეობის ფაბრიკა (ოჩამჩირის, ილორის, კინდღის); 7 ჩაის ფაბრიკა; თევზსაშენი, ჩაის, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები, კინდღის, მოქვის და ოხურეის თერმული წყლების საბადოები, რამაც აქ მძლავრი სასათბურე მეურნეობების მშენებლობა განაპირობა; გარდა ამისა, ტამიშში სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მაიმუნთსაშენი მეურნეობა იყო განთავსებული.
ოჩამჩირესა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურებოდა: 10 საავადმყოფო, 1 პოლიკლინიკა, 20 საფერშლო პუნქტი, 5 ამბულატორია , ტუბდისპანსერი და ვენდისპანსერი.
ოჩამჩირის რაიონში მოქმედებდა 4 ტურისტული ბაზა, 1 დასასვენებელი სახლი, 1 დასასვენებელი ბაზა, 1 სპორტული ბაზა,
ოჩამჩირეში და ოჩამჩირის რაიონში არსებობდა 48 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. მათგან: 11 ქართული, 24 აფხაზური, 7 ქართულ -რუსული, 1 ქართულ-რუსულ -აფხაზური, 2 რუსული და 3 სომხური იყო.
1992 წლამდე ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:
აფხაზი- 36,7%. ქართველი- 46, 2 %, რუსი-5,9%, სომეხი -8,3% , სხვა - 2.9%;