აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №38

2014 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

 

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანდართული რეგლამენტი.
  2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების  შესახებ"  აფხაზეთის  მთვრობის 2005  წლის 22  თებერვლის №12 დადგენილება  (აფხაზეთის  საკანონმდებლო  მაცნე  №5,  24.02.2005წ.б  მუხ.16  სარეგისტრაციო  კოდი: 010240010.32.040.000016).
  1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ვახტანგ ყოლბაია

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულებები),  მათ  შორის აფხაზეთის  მინისტრის აპარატებისა და  მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

მუხლი 2. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები

  1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
  2.  მთავრობა  თავისი  უფლებამოსილების  განხორციელებისას ხელმძღვანელობს  სამთავრობო პროგრამით, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (შემდგომში - უმაღლესი საბჭო).

 

მუხლი 3. მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო

  1. მთავრობის მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე, მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტით.
  2. რეგლამენტი მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, კანონის შესაბამისად, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
  3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით წყვეტს მთავრობა.

 

მუხლი 4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები

  1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით.
  2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები დგება სამთავრობო  პროგრამის საფუძველზე  დაწესებულებების,  მათ  შორის  აფხაზეთის  მინისტრის აპარატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით და მოიცავს გარკვეული პერიოდისათვის მთავრობის მიერ განსახორციელებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნუსხას.
  3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, უმაღლესი საბჭოს თითო სასესიო პერიოდისათვის.

 

მუხლი 5. მთავრობის თავმჯდომარე

  1. მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
  2. მთავრობის თავმჯდომარე:

ა) უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

ბ) ხელმძღვანელობს და განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას;

გ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს;

დ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობებს;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას ან/და განკარგულებას;

ვ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის კანონს ან შენიშვნებით უბრუნებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს; ზ)   უფლებამოსილია  თანამდებობიდან   გადააყენოს  აფხაზეთის   აღმასრულებელი  ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრი;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს;

ი) ასრულებს  სხვა საკანონმდებლო აქტებით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
  2. მთავრობის  თავმჯდომარის  მოვალეობის   შემსრულებელი   ახორციელებს   საქართველოსა   და

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონმდებლობით  აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

 

მუხლი 6. მთავრობის აპარატი

  1. მთავრობის აპარატი შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
  2. მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარე.
  3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის აპარატის უფროსი.

 

მუხლი  7. მთავრობის სამართლებრივი აქტები

  1. მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კონსტიტუციების,  კანონების,  საქართველოს პრეზიდენტისა  და  საქართველოს მთავრობის, უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება, როგორც მისი მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ასევე გამონაკლის შემთხვევებში მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.
  3. მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღება ხდება მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში დგება შეთანხმების ფურცელი, რომელზე ხელმოწერითაც მთავრობის წევრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება) სამართლებრივი აქტის პროექტთნ დაკავშირებით.
  4.  ამ  მუხლის  მე-3  პუნქტით  განსაზღვრული  პროცედურის  დასრულების შემდეგ,  თუ  მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.
  5. გამოკითხვის წესით მიღებული სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში;
  6. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად;
  7. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 8. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებათა გაფორმებისა და შესრულების წესი

  1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებები ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ოქმის ან რეზოლუციის სახით, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის. გაცემული დავალებების შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
  2. მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის  მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ მიწოდებას.
  3. აღნიშნული დავალება შეიძლება მომდინარეობდეს:

ა) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისაგან (შემსრულებელს ეგზავნება თათბირის ოქმი (ამონაწერი) ან რეზოლუცია);

ბ)  მთავრობისაგან  (შემსრულებელს  ეგზავნება  სხდომის  ოქმი  (ამონაწერი)  ან  მთავრობის სამართლებრივი აქტი).

  1. დავალება შეიძლება იყოს მიმდინარე, სასწრაფო ან საკონტროლო.
  2. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას (მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე, და თუ მომდევნო თვეში არ არის ასეთი რიცხვი, მაშინ ამ თვის ბოლო დღემდე) დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. თუ დავალების შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, იგი ექვემდებარება შესრულებას მის წინა სამუშაო დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შერულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები, მათ შორის აფხაზეთის  მინისტრები წარუდგენენ მთავრობას მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით. ასეთი წინადადებები წარედგინება არაუგვიანეს 10  (ათი) დღისა დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. სასწრაფო და ოპერატიული დავალებების შესრულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
  3. შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი დავალების გამცემის ან აპარატის უფროსის სახელზე.
  4. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შემსრულებლად მითითებულია ერთზე მეტი თანამდებობის პირი ან დაწესებულება, დავალებაში მითითებული პირველი პირი ითვლება დავალების მთავარ შემსრულებლად, დანარჩენი - თანაშემსრულებლად.
  5. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. აუცილებლობის შემთხვევაში ამ დავალების ოპერატიულად შესრულების მიზნით მთავარი შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი. ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.

 

თავი II

სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირებისა და შეთანხმების წესი

მუხლი 9. პროექტის ინიციირების უფლება

  1. პროექტის ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს (შემდგომში - ინიციატორი უწყება): ა) დაწესებულებებს;

ბ) მინისტრის აპარატებს; გ) მთავრობის აპარატს;

დ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებას ან სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შესაბამისი დარგობრივი დაწესებულების ან მთავრობის აპარატის მეშვეობით.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

 

მუხლი 10. სამართლებრივი აქტის პროექტი და მასზე თანდართული მასალები

  1. ამ რეგლამენტის მე-9 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს (შემდგომში-პროექტს).
  2. პროექტს უნდა ერთოდეს:

ა)  თანდართული ფორმის განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დასკვნა პროექტის შესახებ;

გ) შეთანხმებები დაინტერესებულ უწყებებთან;

დ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.

  1. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ერთიანი პაკეტის სახით.

 

მუხლი11. პროექტის ინიციირების წესი და შეთანხმების პროცედურა

  1. ინიციატორი უწყება „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით შემუშავებულ სამართლებრივი აქტის პროექტს შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს.
  2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან პროექტის ინიციირებიდან 5 დღის განმავლობაში წერილობით აცნობონ ინიციატორ უწყებას თავისი პოზიცია: „ეთანხმება" ან „არ ეთანხმება".
  3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
  4.  პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა - დასრულებულად, თუ დაფიქსირდა მთავრობის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობის დადებითი პოზიცია („ეთანხმება"), მათ შორის, სავალდებულოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადებითი პოზიციის დაფიქსირება.
  5. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია მთავრობის აპარატში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია.

 

მუხლი 12. პროექტის მთავრობის აპარატში წარდგენა

  1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ სამართლებრივი აქტის პროექტს დაწესებულების ხელმძღვანელის ან  მისი  მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით პროექტის წარდგენის თაობაზე მთავრობის აპარატს წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებული ელექტრონული ვერსია MS Word-ის ფაილის სახით). წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი აქტის პროექტის მატერიალურ ფორმას.
  2. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
  3.  მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის აპარატში უნდა მოხდეს არა უგვიანეს სამშაბათისა, 15:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 დღისა. აღნიშნული ვადის  დარღვევით  წარდგენილი  პროექტები   განიხილება   მომავალი  მთავრობის  სხდომის  დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე.
  4. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის აპარატში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით, რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების საჭიროება და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს ამგვარი შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით მთავრობის

აპარატი უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება ინიციატორი და დაინტერესებული უწყებების უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.

  1. მთავრობის აპარატი საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;

ბ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.

  1. მთავრობის აპარატის მხრიდან სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას სამართლებრივი დასკვნა თან დაერთვის განსახილველ პროექტს.
  2. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის აპარატის უფროსი ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დღის წესრიგში ჩასმის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.

 

თავი III

მთავრობის სხდომის გამართვის, პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღებისა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭების წესი

 

მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო

  1.  მთავრობის  სხდომა  იმართება წინასწარ  შედგენილი დღის  წესრიგის  მიხედვით, თვეში  ერთხელ მაინც.
  2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა პარასკევი, 11:00 საათი.
  3. მთავრობის სხდომის გამართვის ადგილს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე.

 

მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა

  1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის აპარატის უფროსის მიერ მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II თავით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
  2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.

 

მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება

  1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:

ა) დაწესებულებების ხელმძღვანელები, მათ შორის აფხაზეთის მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;

ბ) მთავრობის აპარატის უფროსი და მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

გ) მთავრობის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში.

  1. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის აპარატის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.
  2. მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მთავრობის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას ესწრებიან სხვა პირებიც.

 

მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა

  1. მთავრობის სხდომა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა იმართება საჯაროდ.
  2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
  3. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი.
  4. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა კანონპროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის შემთხვევაში - 10 წუთს.
  5. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმს ხელს აწერენ მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის აპარატის უფროსი.

 

მუხლი  17. გადაწყვეტილების მიღება და მთავრობის სხდომაზე მიღებული პროექტის ხელმოწერა

  1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევარი.
  2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
  3. მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივი აქტის პროექტს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე იმავე ან მეორე დღეს.

 

მუხლი 18. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება და სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა

  1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.
  2. მთავრობის დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებებს.
  3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.

 

მუხლი 19. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის,  შეთანხმებისა და უმაღლეს საბჭოში წარდგენის წესი

  1.  კანონპროექტის  მთავრობის  სხდომაზე  განსახილველად  წარდგენის  უფლებამოსილება აქვს მთავრობის წევრს.
  2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ თავით დადგენილი წესით, შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
  3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
  4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას  ევალება,  მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის აპარატში.
  5. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს - უმაღლეს საბჭოში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.
  6. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის აპარატში წარმოდგენიდან  2  დღეში ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.
  7. უმაღლეს საბჭოს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
  8. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონპროექტის დაჩქარებული, გამარტივებული წესით, თუ რიგგარეშე განხილვის შესახებ მთავრობის შუამდგომლობა.

 

თავი IV

მთავრობის მიერ უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი

 

მუხლი 20. მთავრობის მიერ უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა

  1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
  2. უმაღლესი საბჭოდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებას და უმაღლეს საბჭოში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი.
  3. უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მთავრობის აპარატში მატერიალური ფორმით წარმოდგენილ კანონპროექტს არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის აპარატი თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს.
  4. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, წერილობით წარმოადგინონ მთავრობის აპარატში, 2 დღის ვადაში, კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული პოზიცია.
  5. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.

 

მუხლი 21. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა უმაღლეს საბჭოში

  1. დაწესებულებებთან, აფხაზეთის მინისტრის აპარატებთან კანონპროექტის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 2 დღეში აფხაზეთის მთავრობის აპარატი დაწესებულებების პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის დასკვნას (შენიშვნების არსებობისას) და უგზავნის უმაღლეს საბჭოს მატერიალური ფორმით.
  2. თუ დაწესებულებების, აფხაზეთის მინისტრის აპარატების  მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან აფხაზეთის მთავრობის აპარატი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, აფხაზეთის მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს დაწესებულებებთან პოზიციების შეჯერებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად მთავრობის დასკვნის მომზადებას.
  3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მთავრობის აპარატის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება დაწესებულებების, აფხაზეთის მინისტრის აპარატების დასაბუთებული შენიშვნები.
  4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან.

 

თავი V

წარმომადგენლობა სასამართლოებში. მოქალაქეების მომართვებისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის წესი

 

მუხლი 22. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში

  1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
  2. საერთო სასამართლოებში განსახილველ ცალკეულ საქმეზე მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მთავრობის აპარატის უფროსი მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით უფლებამოსოლია გააფორმოს ხელშეკრულება სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის პირებთან.
  3. საერთო სასამართლოებში მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

მუხლი 23. მოქალაქეთა მომართვების განხილვის წესი

  1. მთავრობაში მოქალაქეთა წერილობით მომართვებზე (განცხადება, საჩივარი) მუშაობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
  2. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადა განისაზღვრება ერთი თვით.
  3. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების მიღებას, რეგისტრაციასა და ქვემდებარეობისამებრ დაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფი.
  4. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის თავმჯდომარის აქტით შეიძლება შეიქმნას საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი.

 

მუხლი 24. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა

  1. მთავრობის ან  მთავრობის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
  2. მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა, გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.
  3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
  4. მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამზადებს მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის  პროექტს და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.

 

თავი VI

მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოები

 

მუხლი   25.   მთავრობისა   და   მთავრობის   თავმჯდომარის   სათათბირო   ორგანოების   შექმნისა  და საქმიანობის წესი

  1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის შესწავლისა და შესაბამისი წინადადებების მოსამზადებლად იქმნება  მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო - კომისია/საბჭო (შემდგომში - სათათბირო ორგანო).
  2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან მთავრობის თავმჯდომარე.
  3.  სათათბირო  ორგანოს  უფლება  აქვს,  სახელმწიფო დაწესებულებებიდან  მიიღოს  თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
  4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან მთავრობის თავმჯდომარეს.

 

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 26.

ამ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.