აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დაიხურა

საერთაშორისო ბანაკი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე 40-მდე მოზარდისთვის სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.

ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საერთაშორისო ბანაკის ბენეფიციარები იყვნენ ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდები.

საერთაშორისო ბანაკი გამოირჩეოდა ინტელექტუალური, შემეცნებითი, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობებით. მოზარდებმა, ასევე, დაათვალიერეს როდოსის ისტორიული ადგილები.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, შეეძინათ და განევითარებინათ საკომუნიკაციო და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები. პროექტის მიზანი იყო, ასევე, ხელი შეეწყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ერთმანეთთან სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში.

საერთაშორისო ბანაკის დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, მამა მირიანი, როდოსის მიტროპოლიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.