2023-06-12 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია დაესწრო.
აღნიშნულ საღამოზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის ნოდარ კომახიძის მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა კონცერტი გამართა.
კონცერტზე ანსამბლი "აფხაზეთი" კონცეფტუალური ფოლკლორული პროგრამით „ქორეონიკონი“, 11 ქორეოგრაფიული და 9 მუსიკალური ნომრით, წარსდგა.
წარმოდგენის მიზანი გახლდათ ქართველი თანამემამულეებისთვის ქართულ-აფხაზური საერთო წარსულისა და მომავლის, კულტურისა და ტრადიციების შეხსენება და კიდევ ერთხელ გაზიარება.
ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ასევე, სალონიკში მცხოვრები ქართველი, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი, ემიგრანტები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიება ქ.სალონიკში მიმდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კვირეულის ფარგლებში მოეწყო.