დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით გაგრძელდა.
"ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლისთვის, დიდი პატივი და უაღრესად საინტერესო იყო კონფერენციაში მონაწილეობა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის დაცვას ყოველთვის სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება და ინფორმაციების მიწოდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ამ ყველაფრის საფუძველი კი განათლებასა და მეცნიერებაშია.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ისრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ იაკობ ოფირს. გარდა იმისა, რომ მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, დასაფასებელია, ის დახმარება, რომელიც ბატონმა იაკობმა 90-იან წლებში ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს გაუწია. საქართველოსა და ისრაელს ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არ არის უბრალოდ ძმობა და მეგობრობა, არამედ ეს არის უდიდესი თავგანწირვისა და თანაცხოვრების მაგალითი, რომლითაც შეიქმნა ბევრი ცივილიზებული ისტორიული პროცესი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“, რომლებმაც უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს აფხაზურ ცენტრს და აქტიურად ცდილობენ ქართულ-აფხაზურ საკითხებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. დასაფასებელია მათი მონდომება, ინიციატივები, რომლებიც ქმნიან მთელ პროცესს, მიმდინარეობასა და ციკლს ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.
ძალიან მახარებს, ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ქართულ-აფხაზური საკითხების მიმართ. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, საერთო კეთილდღეობა არის თითოეული ჩვენგანის მომავლის გადარჩენის პირველი ამოსავალი წერტილი, ამ საქმეში კი ახალგაზრდებსა და მათ სულისკვეთებას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ჩვენი სამშობლოს იდენტობისა და თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროცესი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით გადაწყდა. ჩვენ კი, ვეცდებით, მათ მხარდაჭერას ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობებით.
კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის ყველა ორგანიზატორსა და განმახორციელებელს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენციის მოწყობისათვის. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი არის აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებით და თქვენ უნდა იყოთ ის ძლიერი ძალა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს." - დავით ფაცაცია