აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
რუსლან აბაშიძემ ღონისძიების ორგანიზებისთვის „გერმანულ-ქართულ სახლს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის მხრიდან მსგავსი სახის ინციატივები, რაც მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პროცესებში.
საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლის ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.