დავით ფაცაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ სოციალური, ინფრასტრუქტურული, დევნილთა მხარდაჭერისა და სამოქალაქო სერვისების მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობა.

დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული პრობლემების ნაწილი ჩვენს მიერ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით მოგვარებულია. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები დევნილთა განსახლების 39 ობიექტში განხორციელდა. არაერთი აფხაზეთიდან დევნილი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით.

პრეზენტაციის დასასრულს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს ვუპასუხე. ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით მათთან უშუალო კომუნიკაცია, ასევე, შეხვედრების შედეგების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის ურთიერთობებს აქტიურად გავაგრძელებთ.“ - დავით ფაცაცია.