რუსლან აბაშიძემ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თემურ ქეცბაია დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან ქართველ სპორტსმენს, საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელსა და კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერან ფეხბურთელს სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დიპლომით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.