აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი წარსულის ყველაზე ტრაგიკულ, ამავდროულად ყველაზე საამაყო ფურცელს. იუნკრების თავგანწირვა ჩვენი ისტორიის სასახელო და გამორჩეული ეპიზოდია. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის მათი გმირობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რადგან რთულ მომენტებში სამშობლო თავდადებას მოითხოვს.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რაც ძალიან ტრაგიკულ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ოკუპაციის გარდა საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი. ჩვენ ახლაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

დიდება გმირებს!” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; თბილისის მერი, კახა კალაძე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.