„სქილვილში“ პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, სრული დაფინანსებით სწავლობენ თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. 

მიმდინარე სემესტრში, მაღალი მოთხოვნის გამო დაემატა ახალი მიმართულებები. დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ 7 ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, მათ შორის: IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი. 

სასწავლო კურსი 3-დან 7 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

პროგრამა „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილი ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციასა და დასაქმებას.