აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა.

ჟურნალ „რიწის“ ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით, რითაც მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან. ჟურნალი მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და საინტერესო რუბრიკების ქვეშ ქართველ და აფხაზ პოეტებს აერთიანებს.

„რიწა“ 49-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა, მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც, თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის.

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალ „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.