აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დავით ფაცაცია კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს მხარდაჭერა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან კომუნიკაციის შედეგად და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანადგომით, ამ რეგიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში ამჟამადაც მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვდება სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები ხორციელდება.