აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა, განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კი ბექა ღვაჩლიანი წარადგინა.

„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ბექა ღვაჩლიანმა, მთავრობის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე  ისაუბრა.

„დიდი პატივია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტის დაკავება. ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან მგალობლიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის.

ჩვენი პრიორიტეტი იქნება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პედაგოგებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ასევე დროებით დევნილი ახალგაზრდების - მათი განათლების, კულტურული თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნულ მინისტრსა და მთავრობის აპარატის ახალ უფროსს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.