აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დავით მიქავა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
საიუბილეო საღამო გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.



