2026-11-26 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფოთსა და სამტრედიაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ფოთსა და სამტრედიაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა.
აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ. ისინი შეხვდნენ როგორც ბენეფიციარებს, ისე სამედიცინო პერსონალს და დევნილებისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას მიიღეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მერის მოადგილე დავით შენგელია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი.
სკრინინგის აქციაში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეულმა ექიმ-სპეციალისტებმა, მათ შორის, ენდოკრინოლოგმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ნევროლოგმა, რადიოლოგმა, ანგიოლოგმა, უროლოგმა, პედიატრმა და ოჯახის ექიმმა - პულმონოლოგმა მიიღეს მონაწილეობა.
მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა დევნილ მოსახლეობას უფასო კონსულტაციები, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარა. საჭიროების შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ბენეფიციარებს მედიკამენტები გადაეცათ.
აქციის მიზანია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკა და კლინიკური ჩვენებების საფუძველზე, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.




