აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ომის ვეტერან გია გრიგოლაიას ეწვია და დამდეგი ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია აფხაზეთის ომის ვეტერან, I ჯგუფის ინვალიდ გია გრიგოლაიას ეწვივნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„გია გრიგოლაიას ოჯახი არის ერთ-ერთი ღირსეული იმ ოჯახებს შორის, რომელთაც ჩვენ სიამაყით ვიხსენიებთ. უთანასწორო ომს, ქვეყნის ღირსებას მან ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა. ჩვენ ვეტერანებს ძალიან დიდი მოფრთხილება და მოფერება სჭირდებათ. ისინი ხომ ცოცხალი მემატიანეები არიან იმ ქარტეხილებისა, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ და რომელიც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს ჩვენ და მომავალ თაობებსაც.

ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონ გიას, მის ოჯახს მინდა მივულოცო უკვე კარზე მომდგარი ახალი წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება. ყველა ჩვენგანის მთავარი ოცნება მაინც მშობლიურ სახლში დაბრუნება. მინდა, რომ იქ, იმ კუთხეში მათ ეზეიმოთ ახალი წელი და დროის ათვლა დღეიდან დაწყებულიყოს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ერთობისათვის, თავდადებისათვის, თანამშრომლობისათვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ამ შესანიშნავი ოჯახიდან მივულოცო ახალი წელი ჩემს დევნილ საზოგადოებას, იძულებით გადაადგილებულ პირებს. ვუსურვო გამძლეობა, მადლობ აგადავუხადო იმ მოთმინებისათვის, რაც მათ წლების განმავლობაში მხოლოდ უდიდესი ნებისყოფისა და სიმტკიცის ფასად შეძლეს. მადლობა იმისათვის, რომ ისინი უთქმელად გულში ჩუმად ატარებენ იმ ტკივილს, რომელსაც საკუთარი კუთხის სიყვარული ჰქვია. ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა დევნილთა პირობების გაუმჯებესებისათვის. ეს გვაიმედებს, რომ ტემპი რომელიც აღებულია, უფრო დაჩქარდება და საბოლოოდ ყველა დევნილი ბინით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ მაინც ჩვენ ვიყურებით დიდი იმედით აფხაზეთისაკენ, საქართველოს გაერთიანებისაკენ, აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებისაკენ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვაშენოთ ის ქვეყანა, რომლისთვისაც გია თქვენ და თქვენი მეგობრები იბრძოდით.

გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ წარმატებებს, სიუხვეს, ჯანმრთელობას და იმედების ასრულებას. ღმერთი იყოს ჩვენი და თქვენი მფარველი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.