აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
გიორგი ბარამია: „გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია“

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების და მათ ქონებრივ უფლებებს აღიარებს, წინ გადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ეს რეზოლუცია, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მაგალითია, რომელთა შორის ტრადიციულად რუსული მხარის პოზიციის გამზიარებელი ქვეყნებიც არიან - ამგვარი შეფასება გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსული მხარის მტკიცე წინააღმდეგობისა, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მაინც მიიღო, რაც ქართული დიპლომატიის უდაო წარმატებად უნდა შეფასდეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში(სამხრეთ ოსეთში), ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და მათი შთამომავლების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებას აღიარებს. რეზოლუციაში გამოთქმულია ასევე  შეშფოთება საქართველოში მომხდარი კონფლიქტების შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი გზით შეცვლის გამო.