აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავზე დარიკო შაპკოვსკაიამ ქართველ და აფხაზ დედებს მიმართა

აფხაზეთიდან რამდენიმე თვის წინ გადმოსულმა აფხაზმა ქალბატონმა დარიკო შაპკოვსკაიამ,  სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან  დაკავშირებით ქართველ და აფხაზ დედებს გმირთა მოედნიდან მიმართა.

გმირთა მოედანზე შაპკოვსკაიასთან ერთად ლილოს დასახლებაში მცხოვრები სხვა აფხაზებიც იმყოფებოდნენ. აფხაზმა და ქართველმა დედებმა გმირთა მემორილათან ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად სანთლები ერთად დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმებო და დებო!

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩამოვედი  და დავსახლდი თბილისში, მაშინვე ჩავიძირე მისთვის ისტორიულად დამახასიათებელი თვითმყოფადობის, სტუმართმოყვარეობისა და სილამაზის ატმოსფეროში. მე უმალ მივხვდი და შევიგრძენი, რომ ეს ქალაქი დღეს ცხოვრობს ახალი ტენდენციებით, რომელსაც დავახასიათებდი, როგორც ქართველების მისწრაფებას ადამიანური, ჰუმანური და კულტურული ღირებულებების განსამტკიცებლად. ჩემს ცნობიერებაში სწორედ ეს არის დემოკრატია.

შეუძლებელია აქ არ გაგახსენდეს ის დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი, ერთიანი სულისკვეთებით ისწრაფვოდნენ და იბრძოდნენ ისეთი ფასეულობებისთვის, რომელიც გვაძლევდა  დამატებით ძალას, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ერთად გვეშენებინა ნათელი მომავალი.

სამწუხაროდ, თბილისში მიუხედავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარდაქმნებისა, მე მიწევს შეხვედრა ისეთ ქალბატონებთან, რომელთაც გააჩნიათ საერთო ტკივილი 17 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიისა.

ამასთან დაკავშირებით, მინდა  მივმართო ქართველ, აფხაზ, უკრაინელ და სხვა ეროვნების დედებს; დედებს, რომლებმაც 1992-1993 წლებში, ამ უაზრო და პროვოცირებულ ომში დაკარგეს შვილები და მეუღლეები.  რით შეიძლება ანუგეშო შვილმკვდარი დედა, განკურნო სული ხეიბრისა, გაათბო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების გულები?! - ვერაფრით! სწორედ ამიტომ დღემდე არ შეშრობიათ  ცრემლი შაოსან დედებს, ვინაიდან ვერცერთი დედის გული ვერასდროს შეეგუება შვილის დაკარგვას.

შვილმკვდარ დედებს საერთო გულისტკივილი გვაერთიანებს. ქართველი და აფხაზი დედები ერთად განვიცდით ჩვენი მომავალი თაობების ჭირსა და ლხინს, დარდსა და სიხარულს. საერთოა ჩვენი წუხილი მაშინ, როდესაც ჩვენი შვილები კარგავენ ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს.

განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს გრძნობა ძმათამკვლელ ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან. თითოეული ფრაგმენტი ამ მემორიალისა არის ბრძოლაში დაცემული კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ნაწილი, სიცოცხლისა, რომელიც ამ ომმა შეიწირა. იმავდრულად, მემორიალი არის სახსოვარი იმ არაადამიანური ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ ერთად გადავიტანეთ მესამე ძალის ანგარებითი პოლიტიკური ზრახვების გამო... და ნათელია, თუ ვინ იგულისხმება ამ მესამე ძალაში. 

მხოლოდ დედების საერთო გულისტკივილსა და გულწრფელ სიყვარულს ძალუძს გაუმკლავდეს ამ ტრაგედიის შედეგებს, შეარიგოს ყველაზე შეურიგებელნი და დააბრუნოს ჩვენს საერთო სახლში სიმყუდროვე და კეთილდღეობა.

მოდით, გავერთიანდეთ და ერთად ვიცხოვროთ საერთო ოჯახში. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი მესამე ძალა ვერ ხელყოფს ქართველთა და აფხაზთა ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მტკიცედ მწამს ჩვენი ხალხის სიბრძნისა და ჰუმანურობისა, მწამს რომ შევძლებთ გავუწოდოთ ხელი ერთურთს და ამით აღვადგინოთ ძმათამკვლელი ომის მიერ ჩატეხილი ხიდი.

ჩვენ ვალდებულნი ვართ ვპოვოთ ჩვენში ძალა, რომ მსუბუქი გულითა და სულით შევძლოთ ნდობის, მეგობრობის მშვიდობისა და ურთიერთგაგების აღდგენა, რათა მივუტევოთ ერთმანეთს მიყენებული წყენა და ტკივილი. მხოლოდ ჩვენ, დედებს ძალგვიძს თავიდან ავიცილოთ ახალი დანაკარგები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და უსასრულოს გახდის ტკივილს ქართველი და აფხაზი დედების გულებში.

დედობრივი სიყვარულით გეფერებით ყველას და ვიმედოვნებ, რომ გაიზიარებთ ჩემს დედობრივ გრძნობებს! ღმერთმა დაგლოცოთ!