აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნუგზარ სექანიას ინიციატივით, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა,  არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ნუგზარ სექანიამ შეხვედრის მონაწილეებს ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო იქნება ის სტრუქტურა, რომელიც  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას გააერთიანებს. საბჭო განახორციელებს  პროექტებს, გაუწევს შუამდგომლობას და  პოტენციურ დამფინანსებლებს წარუდგენს. ეს იქნება სოციალური პროექტები და ბიზნეს გეგმები. ,,დაგეგმილი გვაქვს  საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ბეზნესმენების შეხვედრა, რომლის მიზანი დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება. მნიშვნელოვანია  ამ პროცესში  იძულებით გადაადგილებულ პირთა უშუალო და აქტიური მონაწილეობა,"- განაცხადა ნუგზარ სექანიამ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საკონსულტაციო საბჭო აფხაზეთის ეკონომიკის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ორგანიზაციების წევრებმა  აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადეს და  თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ. შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, სადაც საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება და დებულება შემუშავდება. შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, საქართველოს პარლამენტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.