გიორგი ბარამია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა. გიორგი ბარამია უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  შეხვდა. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხებზე, უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკაზე ისაუბრა.

გიორგი ბარამიამ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.

,,სტუდენტებს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები აინტერესებდათ. ჩვენ მოკლედ განვიხილეთ საკითხები, თუ საიდან იწყებოდა ეს კონფლიქტი, როგორ ღვივდებოდა აფხაზეთში სეპარატიზმი და ვინ იყო მისი ინსპირატორი. შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ ეს იყო,"- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. 

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას განცხადებით, ისინი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით ძალიან არიან დაინტერესებულნი და შესაბამისი ინფორმაციის მოსმენა სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისაგან მოისურვეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კავკასიის უნივერსიტეტს, პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების მიწვევით სტუმრობდა.

კავკასიის უნივერსიტეტი კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2004 წელს დაარსდა.