14 ნოემბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2010“ გაიმართა

14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართა.  ჩატარდა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, აფხაზეთის ახალგარზდულმა კაპელამ, აფხაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ბავშვთა ანსამბლებმა და ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხეალნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა მოეწყო, რის შემდეგაც რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში,  ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო" წარმოადგინა.

13:00 საათზე კი მუზეუმის ამფითეატრში, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სპექტაკლის „გამარჯობა სოხუმო" ჩვენება გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,კოალიცია სამართლიანობისათვის"პროექტის - "მეხსიერების ბიბლიოთეკა" ფარგლებში ექსპონატების გამოფენა მოაწყო.

14:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართა. ქორწილი აფხაზური ტრადიციით ჩატარდა. პატარძალი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე სენაკური ოდიდან გამოიყვანეს. მას ეზოში აფხაზური სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ, რომელიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა შეასრულეს. სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე, გალა კონცერტით დასრულდა.

სახალხო დღესასწაულს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. „აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება.