აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დელეგაციაში ასევე შედიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტ დოქტორ ჯეკ ჰუკთან, ნებრასკის ვიცე-გუბერნატორ რიკ შიჰისთან და ნებრასკის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ბაიერთან.

ქართული სამთავრობო დელეგაცია  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტთან შეხვედრისას „სამშვიდობო განათლების" საზაფხულო ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ  2011 წელს  ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში მოეწყობა.

შეხვედრისას  მხარეები  სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯისა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ. ასევე  განიხილავენ საქართველოს ნებრასკითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯით დაინტერესების საკითხსა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.

მოეწყობა ტური „სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის" ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი ლინკოლნის სტუდენტურ დაწესებულებაში. „ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის" დოქტორის დელ ჰარნიშის ორგანიზებით, ასევე მოეწყობა ტური აღმოსავლეთის სტუდენტურ დაწესებულებაში.

20 ნოემბერს ქართული დელეგაცია  ჰუმანიტარულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას , რომელიც ლინკოლნში მცხოვრები დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის „სოციალურად დაუცველი პირების ცენტრი"-ში  გაიმართება.