აფხაზეთის მთავრობა დასაქმების პირველ მასშტაბურ ფორუმს მართავს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიხსნება. ფორუმი 18-19 დეკემბერს ჩატარდება. 

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, უმაღლესი და პროფესიული განათლების, დასაქმებისა და სტაჟირების  უამრავი შესაძლებლობა. დასაქმების მაძიებელთათვის უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება სემინარები თემებზე: „როგორ შევადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი", „როგორ გავიაროთ ინტერვიუ" და „საპრეზენტაციო უნარები".   

ფორუმის მიზანია, დევნილებისათვის უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე და გრძელვადიან ტრენინგებზე, სტიპენდიებზე, სტუდენტურ სესხებზე, გაცვლით საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებზე  ინფორმაციის მიწოდება, რაც თვის მხრივ ხელს შეუწყობს დევნილთა მოტივაციისა და ქმედითუნარიანობის ამაღლებას, რაც შემდგომში მათ საშუალებას მისცემს საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მოიძიონ სასურველი ვაკანსია სტაჟირების, დასაქმების ან მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში.

ფორუმის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პარტნიორები კი -„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნა", ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", „კოალიცია სამართლიანობისათვის" და „Helping Hand" .