აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

დიმიტრი ჯაიანი „საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე“ 2017-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო

2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი მისი მხარდამჭერები გახდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.


ოლიმპიადა წლეულსაც ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.


საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.

ქუთაისში, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუსაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სახურავი ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში საცხოვრებელი ფართები იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა  შენობის სახურავის დაახლოებით 20 მ/კვ ახლით შეცვლა, რომლის ღირებულება შეადგენს 794,40 ლარი (შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილი, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მისი მამა, ბადრი გზირიშვილი კი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს

წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).

პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.

არტ გალერეა ვაკეში მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა გაიმართა

არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა საზოგადოებას პორტრეტების სერია წარუდგინა, სადაც გადმოცემულია მრავალფეროვანი ადამიანური ემოციები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება.

გამოფენა ფონდ „ევროარტის" და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს" პროექტის  „პროფილის ძიებაში" ფარგლებში   გაიმართა.  ფონდის  ამავე პროექტის ფარგლებში   იანვარში დაგეგმილია ამავე ექსპოზიციის   გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოფენა.

გამოფენას არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. გამოფენაზე იმყოფებოდა ჰოლანდიურ ფონდ „არტექოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი დე გრააფი, რომელიც ჰოლანდიიდან სპეციალურად ამ  ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ჰოლანდიური ფონდი „არტექო" მრავალი წელია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა ევროპის მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა  და „არტექოს"  ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის პრესტიჟულ გალერეებში.

„არტექოს" ორგანიზებით მოწყობილი თითოული გამოფენა  20 წლის წინ ომის იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა  ინსპირირებული და ემსახურება აფხაზური კულტურის ნიმუშების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი ნიუ-იორკში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.
ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას.

საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საფინანსო-საბუღალტრო და შესყიდვების მიმართულების თანამშრომელთათვის  ტრენინგ-სემინარი თემაზე "სახელმწიფო შესყიდვები" და "საფინანსო საქმე და ბუღალტერია" ჩატარდა.

ტრენინგ-სემინარზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში განხორციელებული აუდიტის შედეგების შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციების იმპლემენტაციისა და შემდგომში დარღვევების პრევენციის საკითხები და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ტრენინგ-სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები უძღვებოდნენ.

ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატს - გენო კალანდიას მიეძღვნა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა კი რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ თემაზე კომპოზიცია შეასრულა. 


შემდეგ საღამო ილია ჭაავჭავაძისა და „საგურამოს“, რუსთაველისა და სხვა არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატის პოეტ გენო კალანდიას ლექსთა კრებულის „საგალობლები უფლისთვის“ წარდგენით გაგრძელდა. ეს არის კრებული, რომლის გამოსვლას პოეტი საბედნიეროდ, მოესწრო, მკითხველისთვის მის წარდგენას კი ვერა. ამდენად, საღამოზე კრებულის გამოცემის სიხარულს მისი ავტორის არყოფნის სევდა გასდევდა. კრებულზე „საგალობლები უფლისთვის“ ღრმად და საინტერესოდ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ, ხოლო საგალობლები წაიკითხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. როგორც საგალობლებზე, ისე ზოგადად გენო კალანდიას პოეზიის განუმეორებელ ხიბლზე, მის გამორჩეულ პოეტურ კრებულებზე "რექვიემი" და "ფესვები" ისაუბრა მწერალმა და კრიტიკოსმა მაკა ჯოხაძემ. მათ არაჩვეულებრივად თქვეს იმაზე, რომ „საგალობლები უფლისთვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც პოეტმა არაერთი წინასწარმეტყველური შესანიშნავი სტრიქონით გამოხატა, მათ შორის ამითაც: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.


გენო კალანდია მოიგონეს ასევე არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ შაშიაშვილმა და სხვ. საღამოს უძღვებოდა მამა ადამი (ახალაძე).საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, გენო კალანდიას ოჯახის წევრები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აქვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა რევაზ თავაძემ წარადგინა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გიორგი გიგაშვილი, რომელმაც ლისტის „სამგლოვიარო სვლა“ ციკლიდან „პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“ შეასრულა, რაც დამსწრეთა იმდღევანდელ განწყობასაც ეხმიანებოდა.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით  სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

 ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 შეთანხმების თანახმად, მხარეები, ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ხელს შეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობასა და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.

 მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

 პროექტის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

 მემორანდუმის ხელმოწერა განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.

აფხაზური ენის კვირეული დასრულდა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობაზე.

 
აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიმიტრი გულიას ძეგლთან აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. შემდეგ კი ყველამ ერთად გადაინაცვლა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ გალერეაში, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართული აფხაზური ენის ტრადიციული კვირეულის დასკვნითი საღამო გაიმართა. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

 

დარბაზში კი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების საინტერესო კოლექცია იყო გამოფენილი.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა მოეწყო

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს მხატვართა კავშირის, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებით გაერთიანების მხარდაჭერით აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თითოეული ავტორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამი ნამუშევარი.

ნომინანტების გამოსავლენად აფხაზეთის მხატვართა კავშირის გამგეობის მიერ სპეციალური კომისია შეიქმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზი მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

საღამოზე ათი "წლის საუკეთესო ნამუშევარი" გამოვლინდა. ასევე, მონაწილეებს სპეციალური დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცათ.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამემამულეებს და სრულიად საქართველოს.

ენა - თვითგამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და მისი მოვლა პატრონობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო რანგში აყვანილი პოლიტიკის ფარგლებში იცავს და  ზრუნავს საქართველოში არსებული ნებისმიერი ენის განვითარებაზე, რითაც  კაცობრიობის ინტელექტუალურ საგანძურში  არც თუ ისე მოკრძალებული წვლილი შექვს.  

აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთში სახელმწიფო ენას წარმოადგენს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილობაში დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევევ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება აფხაზური ენა და ფუნქციონირებს კათედრაც. არაერთი მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები ითარგმნა აფხაზურ ენაზე და ამ მიმართულებით მუშაობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო, არის აფხაზური ენის განვითარების და მსოფლიო ენათა ოჯახში თავისი ადგილის დამკვიდრების გარანტორი.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

აფხაზური ენის დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში, მხარეების მიზანია ერთიანი ძალისხმევით იზრუნონ აფხაზური ენის დაცვის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, ხელი შეუწყონ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების და პროფესიული ჯგუფების თანამშრომლობას და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას.

ხელმოწერის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის წევრები, აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და  სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, მკვლევარებს, დაინტერესებულო პირებს შეუძლიათ წარადგინონ აფხაზური ენის შესწავლასთან, დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.

არტ გალერეაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში  აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პროფესორი და აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე და აფხაზი ჟურნალისტი ირმა ოსია ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და  პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

ღონისძიება აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა, ხოლო აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

დიმიტრი გულიას ძეგლთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ლექსები აფხაზურ ენაზე წაიკითხეს.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.