აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუხში სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის პროგრამის „GRASSROOT" ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა"-ს მიერ მოწყობილი სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის  მიზანია სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება.

პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ტოშიო კაიტანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „აგორა"-ს აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ თანადგომისა და დევნილებზე ზრუნვისათვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს მადლობის სიგელი გადასცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიებები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებები რამდენიმე ადგილას გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია" დაათვალიერეს, სადაც მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი ჩაუტარეს. ასევე, ბავშვებს კინოთეატრმა „რუსთაველმა" უმასპინძლა.

აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები შეხვდნენ და საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

დღის ბოლოს, ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო და  ჩატარდა აქცია - „ფრანს გეზი აქვს აფხაზეთისკენ - „გზავნილი ენგურს გაღმა, ჩვენს თანატოლებს".

ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვებისათვის სამედიცინო აქცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სამედიცინო აქცია „ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს" ჩატარდა.

კონსულტაციებს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები და მედიცინის აკადემიური დოქტორები უწევდნენ.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში პედიატრი, ნევროლოგი, ნეონატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰემატოლოგი, ალერგოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ყბა-სახსრის ქირურგი, ორთოპედი და ტრავმატოლოგი იყვნენ.

სამედიცინო აქციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

 ქორთიარდ-მარიოტში კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრაზე ორტომეული კრებულის „გიორგი ხუციშვილი: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები" პრეზენტაცია მოეწყო.

საღამოზე სიტყვით კონფლიქტოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე, რამაზ საყვარელიძე, ლადო პაპავა, თამარ ჩიქოვანი, მამუკა არეშიძე და სოსო ცისკარიშვილი გამოვიდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პოლიტიკოსები, კონფლიქტოლოგები, ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. 

ღინისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო როგორც უმცროსკლასელთა ისე უფროსკლასელთა ინტერესები, კერძოდ:
აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების 20 მოზარდი დეკორატიული მცენარეების სანერგე გარდენიას ეწვია. ბავშვებმა მრავალფეროვანი ყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით მდიდარი ბაღი დაათვალირეს და მათზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, შეხვდნენ გარდენიეს მეპატრონეს ზურა შევარდნაძეს. მათ ასევე ჩაუტარდათ მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა ყვავილები ჩარგეს ქოთნებში, რომლებიც მოხატეს და შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ. 

გარდა ამისა, თბილისში განთავსებული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის 30 მოსწავლეს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა. კინოთეატრთან ტრადიციული თანამშრომლობით, დევნილმა მოზარდებმა ნახეს ახალი ანიმაციურ-მხატვრული ფილმი „ალისა სარკის მიღმა“, რითაც მათი კიდევ ერთი დღე გახდა უფრო საინტერესო და ხალისიანი. 

უფროსკლასელთა ინტერესების გათვალისწინებით, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლას, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები ესტუმრნენ. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ვეფხვია გვარამია, პროფესორი ლალი გაბისონია, პროფესორი ლაშა გელანტია და მაგისტრატურის სტუდენტები ახალგაზრდებს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. საუბარი დიალოგის ფორმატში წარიმართა - ახალგაზრდები გზადაგზა მოსმენილი საკითხების გარშემო ბჭობდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

მარნეულში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

მარნეულში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მარნეულის გამგებლის მოადგილეები თემურ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი.

ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

სამედიცინო აქცია სისტემატიური ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცეს

საგარეჯოს რაიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი თანადგომისათვის და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტს რუსუდან ხარძიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა რომან კოკაია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი დაესწრო.

სოხუმის თეატრში სპექტაკლის „მე ის ვარ“ პრემიერას გაიმართა

30 მაისს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  მწერალ ნაირა  გელაშვილის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მე ის ვარ" პრემიერა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი მწერლის  ნაწარმოები ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვარი მარიკა კვაჭაძე, რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია. პრემიერაში სოხუმის თეატრის მსახიობები ნანა ხურითი და გიორგი გასვიანი მონაწილეობენ.

"სოხუმის" 20-წლამდელთა საკალათბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "სოხუმისა" და "აკადემიას" საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი „სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა და 20 წლიანებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ საჩემპიონო თასი „სოხუმის" გუნდის კაპიტანს გადასცა.

შეხვედრის დასასრულს ჩემპიონებს მედლები, სიგელები და ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული გურამ მინაშვილისა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასი გადასცეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს თორნიკე გაგუას კი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელის რაჟიკო დარბაიძის თასი გადაეცა.

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროექტში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს 14 ენაზე"

„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“  მსოფლიოს14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  სარკეებიან  დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ეწლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად  გამოაცხადა.
 
ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის„ ლიტერატურის მოყვარულთა“ წრის (უფროსი პედაგოგი ქ. არზიანი), საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ წევრები. ღონისძიების მონაწილეებმა,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, მათ შორის უცხოელებმა,  წაიკითხეს „ვეფხისტყაოსანი" არაბულ, თურქულ, სპარსულ, ინდურ, იაპონურ, ებრაულ, გერმანულ, რუსულ   და სხვა ენებზე. მოსწავლეებმა, სიმბოლურად, პოემა  1712 წელს გამოცემული წიგნიდან წაიკითხეს. 
 
სასახლის  თეთრ დარბაზში   მოეწყო მოსწავლეთა მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მედიკამენტები დაურიგდათ.

დევნილებს გამოკლვლევები მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაუტარა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციას სისტემატიური ხასითი აქვს და შემდგომშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას დაესწრო

საოკუპაციო ხაზთან, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს.

გიგა ოთხოზორია ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე საოკუპაციო ხაზთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდში იმყოფებოდნენ და გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში მდებარე სსიპ ჟ. შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლისა და სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, უფასო გასინჯვები ჩაუტარდათ. ღონისძიებაში მონაწილეობას, ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ტრამვატოლოგები იღებდნენ.

გაისინჯა 130 მოსწავლე. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების ნახევარზე მეტს სქოლიოზი, 80%-მდე მოზარდს კი ბრტყელტერფიანობა დაუდგინდა. ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

უფასო გასინჯვები ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, აფხაზეთის ავტორნომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ჩატარდა.

სამტრედიაში მცხოვრებ დევნლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისსა და სამტრედიაში  მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი  სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

აქციის ფარგლებში გაისინჯა 200-მდე ბენეფიციარი და დაფიქსირდა 600 ვიზიტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კახიანი.

ღონისძიებას ადგილზე უწევდა მონიტორინგს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

ბრძოლა ცხადია, ამით არ დამთავრებულა და მოწინააღმდეგემ მერეც არაერთი წინააღმდეგობა დაგვახვედრა ამ გზაზე. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, რომელიც წინა დღეს ზუგდიდში ხურჩასთან ვერაგულად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა სამძიმრის სათქმელად.

გიგა ოთხოზორია 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს, ისიც ხომ სინამდვილეში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა: ქვეყნის გასაყოფად აღმართული „საზღვარი“ ვერ იგუა და ეს არ აპატიეს.