აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციები და საზოგადოებასთან კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო იწყებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

3 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი - ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქობულეთი, გურია - ოზურგეთი, კახეთი - საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, იმერეთი - წყალტუბო, შიდა ქართლი - ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. რეგიონული შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება. საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე. რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საზოგადოების ამგვარი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.). კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Campus Lions Club Tbilisi" -ს თანამშრომლობით მორიგი საქველმოქმედო აქცია  გაიმართა.

ამჯერად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარს, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ადაპტირებული გადაასადგილებელი ეტლი გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და „Campus Lions Club Tbilisi"-ს  პრეზიდენტი რატი ქირია ესწრებოდნენ.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.

„ჩვენ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩავაბარეთ პარლამენტს, მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს წარმომადგენლობებს იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეს კი ანგარიში წარვუდგინეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რადგან კონსტიტუციურად ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ უმაღლესი საბჭოს წინაშე. ბატონმა გია გვაზავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა აფხაზეთის მთავრობას და მის სტრუქტურებს ახლებური და ნოვატორული მიდგომებისკენ უბიძგა. ეს გამოჩნდა 2015 წლის ანგარიშში, რომელმაც გამოკვეთა შესრულებული საქმეების მასშტაბი. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დევნილებთან დაკავშირბით ჩვენ ზღვა სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბუნებრივია, უნდა გაძლიერდეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი აქტიურობა, მათ შორის ევროსაბჭოში.

საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას, სამეცნიერო წრეებს, პოლიტიკურ ელიტას მცდარი წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის ტრაგედიაზე. დავასახელებდი ესპანეთს, იტალიას, თურქეთს და სხვა ქვეყნებს. ეს პოლიტიკური საკითხია, ამიტომ საჭიროა ხშირი ჩასვლა ამ ქვეყნებში, ინფორმაციების გაცვლა, პოლიტიკოსებთან და სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები, ფრთხილი, მოზომილი და  ეფექტიანი მუშაობა, რომელსაც შეუძლია ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლა  და  მისი სხვა ყალიბში გადაყვანა. ძალიან მახარებს, რომ კარგად შეფასდა საინფორმაციო ცენტრის უზრუნველყოფის საკითხი, ასევე კარგი შეფასება მიეცა ჩვენ მიერ დაფინანსებული ჟურნალების პერიოდიკას „იალქანი", „რიწა", „აფქიო". სამწუხაროდ  ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ იქ მომუშავე თანამშრომლებს, რაც გამოსასწორებელია. ამავე დროს გვისაყვედურეს, რომ მცირე დაფინანსება აქვს ჯანდაცვის უზრუნველყოფას. რასაც ვიზიარებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ახალი პროგრამები, რომელიც ამ ნაკლის კომპენსირებას მოახდენს. ვერ დაგიმალავთ, იმასაც, რომ გულისწყრომას იწვევს ჩვენს კოლეგებში ჰააგის სასამართლო, რომელიც იხილავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტრაგედიას, პროცესს მიღმა კი რჩება 2008 წელს კოდორში მომხდარი მოვლენები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამასთან დაკავშირებით მოეწყოს ჩვენი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, რომ მივაწოდოთ ჩვენი დოკუმენტაცია ჰააგის ტრიბუნალში წარსადგენად." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა გამოფენა-პრეზენტაცია გამართა

1 თებერვალს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 38-ე და დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ლეილა ბაღბაიას მიერ შესრულებული ქართული კალიგრაფიის ნიმუშები (150-მდე ნამუშევარი) და სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გამოცემული წიგნის „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსას" პრეზენტაცია.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სახელმწიფო სამედიცინო რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სახელმწიფო რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ჯანდაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორის მცხოვრებთათვის რეფერალური პროგრამის მიმდინარეობზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხაზი გაესვა პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, რომელიც საშუალებას მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია სამედიცინო რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული უფასო პაკეტების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით  დაგეგმილია სამუშაო  შეხვედრები.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა“

კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა".

შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტმა პრეზენტაცია წარმოადგინა თემაზე „საქართველოში კოლხური ბზის დაავადებების გავრცელების კუთხით არსებული ვითარება, მათთან ბრძოლის მეთოდები და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევები".

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბზის უნიკალური კორომების განადგურებაზე ან მნიშვნელოვან დაზიანებაზე და განიხილეს სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლის მეთოდები (ბიოლოგიური და ქიმიური), მათი გამოყენების ეფექტური გზები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას ჩართულობის სავარაუდო მიმართულებები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე უნიკალური კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეა" - ს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს კოორდინატორი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე  სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელმაც წაიკითხა პრეზიდენტის სიტყვა და საერთაშორისო ფონდ „ლეა"-ს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილითა და ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშასა და ნაცისტური რეჟიმის ყველა სახის მსხვერპლის ხსოვნას. ასევე, ჰოლოკოსტის თემაზე  ფოტო-გამოფენა მოეწყო.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAIG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის „მხარდამჭერი პროგრამა (PITA), ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იყვნენ.

ვახტანგ ყოლბაია ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო

ვახტანგ ყოლბაია ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ელდარ შენგელაიას 83 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ „რუსთაველის" წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. ქართველმა ხელოვანებმა და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ელდარ შენგელაიას შემოქმედება.

ვარსკვლავის საზეიმო გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენელბი და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და რეჟისორს 83 წლის იუბილე მიულოცა.

ღონისძიება კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

მწერალთა სახლში ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ხელნაწერების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მხატვრის მიერ ტილოზე დატანილი და ამოქარგული იყო საზოგადო მოღვაწეების, პოეტების, მწერლების ხელწერის ნიმუშები, აფორიზმები და გამონათქვამები. მან ქართველ მწერალთა 306-ზე მეტი ხელნაწერის ნაქარგი შექმნა და ხუთი ლექსების კრებული გამოსცა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, ცნობილი მხატვრები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

რუხში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სასათბურე მეურნეობების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით (პროგრამა GRASSROOT) არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორა"-ს მიერ დევნილებისათვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მოწყობილი 3000 მ2 ფართობის სასათბურე მეურნეობა 2-3 იანვარს დიდთოვლობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და ჩამოინგრა კონსტრუქციები.

მდგომარეობის გასაცნობად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მივიდა, დაათვალიერა სასათბურე მეურნეობა და დევნილებს  დახმარებას დაპირდა.

პროექტში ჩართულმა დევნილებმა აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებითა და კონსულტაციებით მოკლე ვადაში მოახერხეს დაზიანებული კონსტრუქციების შეკეთება. პროცესი დღესაც გრძელდება და მიმდინარეობს მეურნეობის სრულად აღდგენა.

15-16 ივნისს „ოქსფამ საქართველოს“ ორგანიზებით "სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის" საერთაშორისო კონფერენცია გამიართა

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

2016 წლის 15-16 ივნისს თბილისში სატუმრო "Courtyard marriott "-ში "სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის" საერთაშორისო კონფერენცია გამიართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე ევროპიდან. კონფერენციის მონაწილეებმა სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ყოველივე ეს ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითები წარმოადგინეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით.
კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომლები. კონფერენციაზე აფხაზეთიდან დევნილმა მეფუტკრეებმა (კოოპერატივი ,,კოდორი 2015") მეფუტკრეების პროდუქციის დიდი ასორტიმენტი წარადგინეს.ექსპონატებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა.

სერგო პაჭკორია, გიორგი რატიანი და თინა ბაბლიძე წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მათ ამ თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს. სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის სამსახიობო ხელოვნება განსაკუთრებული ოსტატობით გამოვლინდა სპექტაკლებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ფსკერზე“, „1932 წელი“, „ბრძოლა ტახტისათვის“ და სხვ.

საღამოს დაესწრნენ და იუბილარებს მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პრალმენტის დეპუტატმა, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ გოგი ქავთარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მსახიობებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და დევნილი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

ვახტანგ ყოლბაიამ თეატრის ქართველ მოღვაწეებს პროფესიული დღე მიულოცა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, თეატრალური დღესასწაულია, რომელიც ყველა თეატრალისთვის სანუკვარი დღეა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ ეს დღე ახალი წლის დღეებს ემთხვევა. თეტრი ხომ ადამიანებისთვის მუდამ იყო იმედის, განახლების, სიმყუდროვის, სიხარულის, შემეცნების, აღტყინების, მრავალგვარი განცდის სამყარო. არ მეგულება საქართველოში პიროვნება, რომელიც არ გულშემატკივრობს ჩვენ მრავალფეროვან თეატრალურ სამყაროს. ამიტომ ეს დღე მათაც ეკუთვნით, ვისაც თეატრი და ჩვენი საამაყო მსახიობები გულმხურვალედ უყვარს. მადლობა იმისათვის, რაც გიკეთებიათ, მადლობა, რომ თქვენ არსებობთ, მადლობა რომ გვანიჭებთ საოცარ წუთებს, ემოციებს და განცდებს, რომელსაც ვერაფერს შევადრით. განა შეიძლება გაიხსენო აღელვების გარეშე სოხუმის თეატრი და მისი დასი, რომელთანაც ერთად გადავიტანეთ ყველა ჭირ-ვარამი. ის ხომ წლების განმავლობაში ქმნიდა ისეთ შედევრებს, რომელიც არც ერთ ჩვენგანს გულგრილს არ ტოვებდა. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრი სახელოვნად განაგრძობს თავის სიცოცხლეს საქართველოს დედაქალაქში. შეიძლება უჭირს, სტკივა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ სიმტკიცე, პროფესიული თავმოყვარეობა, მაყურებლის სიყვარული, საკუთარი კუთხისადმი ერთგულება მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომაც არის მუდამ წარმატებული მათი სპექტაკლები და პრემიერები. მეამაყება, რომ მქონდა და მაქვს სოხუმის შესანიშნავ თეატრალურ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელთაც ვინ იცის, რამდენი გმირის სახე შეუქნიათ სცენაზე. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს დღევანდელ დღეს საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო, რომელიც სწორედ დღევანდელ დღეს დაემთხვა. მათ მიერ განსახიერებული როლები დაუვიწყარია მაყურებლებისთვის. მინდა მათ უდიდესი მადლობა მოვახსენო სოხუმის თეატრში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის და მივულოცო დღევანდელი დღე. მახარებს ისიც, რომ ყველას გვჯერა, რომ აუცილებლად მოხდება ისე, რომ ერთად დავბრუნდებით სოხუმში. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ასევე ჩვენი მოზარდ- მაყურებელთა თეატრი, რომელიც გვახარებს თავის წარმატებებით. გილოცავთ მეგობრებო, სიკეთე, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე გიბოძოთ ღმერთმა ჩვენი ხალხის, ერის და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქართული თეატრალური ხელოვნების მდიდარი სასცენო ტრადიციების მქონე შემოქმედებით კოლექტივებს - კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“.

აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.

მშობლიურ ქალაქს იძულებით მოწყვეტილი ორივე თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა განსაცდელში გამობრძმედილები, მრავალფეროვანი რეპერტუარით ხელდამშვენებულნი ღირსეულად დაუბრუნდნენ აფხაზეთს და მშობლიურ სცენას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამძიმარს უცხადებს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბულში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქ.სტამბულში, მიმდინარე წლის 12 იანვარს მომხდარი ტერაქტის  გამო, რომლის შედეგად მრავალი  დაღუპული და დაშავებული ადამიანია.

ტერორიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევათაგანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის და იმედს გამოვთქვამთ, მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება ეს ბარბაროსული ქმედება - როგორც  ყველაზე დიდი სენი და თვითდამკვიდრების ყველაზე არაჰუმანური საშუალება.

ამ მძიმე წუთებში, მორალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მიმართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას დავალებით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა  და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.   აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილების მოთხოვნები და გაეცნენ  მათ პრობლემებს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია  და ზუგდიდის დევნილთა პოლიკნინიკის დირექტორი თამაზ ჯანაშია.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივ  ხელისუფლებასთან კოორდინირებით ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს დაპირდნენ პრობლემების ეტაპობრივად, მაქსიმალურად მცირე დროში მოგვარებას.