აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2014 წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

23 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს ახლად გარდაცვლილი მთავარი სპეციალისტის, ეთერ თოლორდავას ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში შეტანილი იყო სამი საკითხი:

„ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ". მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განსახილველად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.

დღის წესრიგის მეორე საკითხი იყო „აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ზოგიერთი თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

მესამე საკითხი ეხებოდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

მთავრობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ავტონომიური რესპუბლიკის ორი უწყების - რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის გაუქმების პროექტს.

მოვალეობათა გამიჯვნის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა „რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის" და „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის" ლიკვიდაცია. მათი ზოგიერთი ფუნქციების გადანაწილება მოხდება მომიჯნავე დაწესებულებებისათვის. მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს დევალათ გაატარონ კანონით დადგენილი ღონისძიებები აღნიშნული გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულ დადგენილებებს მთავრობის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.