აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომაზე სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების და პროექტების შესახებ ისაუბრეს.

უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ და „აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის“ პროგრამები. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ფინანსური ხელშეწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სამინისტროში გრძელდება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, ასევე, „აკადემიკოსს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დისციპლინების პოპულარიზაციისთვის. მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 4 სამეცნიერო ნაშრომი.

კულტურულ ფასეულობათა დაცვის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, აფხაზეთის ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ჩატარდა კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“.

კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა აფხაზეთის საჯარო სკოლებს და განახლდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღას“ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსაბლ „აფხაზეთის“ ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

სხდომის ბოლოს მონაწილეებმა განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით უწყების სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე ისაუბრეს.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და განათლებისა და კულტურის სამინისროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.