2014-10-03
ვახტანგ ყოლბაია ხაჯიმბას განცხადებაზე კომენტარს აკეთებს: ვის სჭირდება ყურით მოთრეული რევანშიზმი?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ენგურის მიმდებარე, 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა იგეგმება.

ყოლბაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება. მისი თქმით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზად მოყვანილი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არალოგიკური და საფუძველს მოკლებულია.

"ხაჯიმბას განცხადების შესახებ აფხაზური მედიიდან შევიტყვე. რბილად რომ ვთქვა, გამიკვირდა, როცა ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ხაჯიმბას მოჰყავს საქართველოს მხრიდან თითქოსდა რევანშისტული განცხადებები. საიდან ან ვისგან გაიგო მან ასეთი განწყობის შესახებ. ეს არასწორი და ცილისმწამებლური განცხადებაა. ვის სჭირდება ყურით მოთრეული რევანშიზმი? როდესაც წყარო არ სახელდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფრო აფხაზურ საზოგადოებაზე ინფორმაციული ზემოქმედების მექანიზმია. აღარაფერს ვამბობ კონიუნქტურაზე, რომელიც ამ განცხადებით ხაჯიმბას, როგორც პარტიული ლიდერის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან განცხადება აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა. აამოქმედონ სრულად თავიანთი რესურსები (რუსების „დახმარების" გარეშე) აფხაზეთის ტერიტორიზე და სასაზღვრო- გამშვები პუნქტების გაუქმებით თავის გამოდება აღარ გახდება საჭირო. ხალხის ტანჯვა და ზედმეტად შეშინება არა მგონია ე. წ. ლიდერის პოზიციას წაადგეს. ამას წინააღმდეგობა აუცილებლად მოჰყვება, უწინარესად აფხაზების მხრიდან. არა მგონია დაძაბულობა დღეს რომელიმე მხარეს, მათ შორის, აფხაზებს აწყობდეთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ერთია განზრახვა და მეორე მისი სისრულეში მოყვანა. ვფიქრობ, რაც დრო გავა, გადაწყვეტილებები უფრო პრაგმატული და რეალისტური გახდება, რომელიც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არ იქნება წამგებიანი აფხაზური მხარისთვის",- აცხადებს ყოლბაია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მდინარე ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს.

სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ეს განცხადება რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა.

Abkhazia News