2014-03-04
დევნილს დღემდე მაინც არ აღიქვამენ ანგარიშგასაწევ ძალად, რაც მოტივაციას ამცირებს

    „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მეტი უფლებები და მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ. დევნილსაც შეეძლება ყველა პრობლემაზე არა ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ ადგილობრივს მიმართოს. გაიზრდება ნდობაც ადგილობრივი მთავრობის მიმართ", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დევნილებში თვითმმართველობის ორგანოებისადმი დამოკიდებულებაც დადებითად შეიცვალოს.

    რატომ იყვნენ პასიურები დევნილები თვითმმართველობის არჩევნებისას? არის თუ არა საერთოდ თვითმმართველობის ახალ კანონში რაიმე ისეთი, რაც დევნილს უფრო აქტიურს გახდის? - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „სინერგია" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.

    -წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, მას შემდეგაც, რაც მათ  თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ, პრაქტიკულად მაინც პასიურები იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

    ვახტანგ ყოლბაია: თვითმმართველობის არჩევნებისას დევნილთა პასიურობის მიზეზი იყო ის, რომ წინა ხელისუფლების დროს დევნილთა ინტერესების ნიველირება ხდებოდა. წინა მთავრობამ ხალხს რწმენა და მოტივაცია დაუკარგა. დევნილებს არ სჯეროდათ, რომ მათი ხმა ისეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მათივე ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

    –ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება ახლაც. როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კანონში არის თუ არა რაიმე ისეთი სიახლე, რომელიც დევნილს მისცემს მოტივაციას, რომ ახლა მაინც იყოს აქტიური?

    ვახტანგ ყოლბაია: პირველ რიგში გეტყვით იმას, თუ რა ხდებოდა მაშინ, როდესაც აფხაზეთის დეპუტაცია იყო პარლამენტში. კარგად მახსოვს, იმ დროს პარლამენტში როგორ იბრძოდა აფხაზეთის დეპუტაცია, რომ დევნილების ინტერესები თვითმმართველობის ორგანოებში დაცული ყოფილიყო. ჩვენ გარკვეულწილად მივაღწიეთ იმას, რომ ყცველა გამგეობაში, აღმასრულებელ სტრუქტურაში წარმოდგენილი ყოფილიყო დევნილი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დეპუტაცია პარლამენტში აღარაა, სიტუაციაც შეიცვალა.

    რა ხდება დღეს? ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და საკუთარ მოადგიულედ დევნილების წარმომადგენელი დანიშნა. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გაითვალისწინებენ ამას და და დევნილთა წარმომადგენლები მოხვდებიან თვითმმართველობის ორგანოებში. ამას კანონის ძალა მართალია არ აქვს და არც ექნება, მაგრამ პრაგმატული მიდგომით ამის გაკეთება სრულებით შესაძლებელია.

    რაც შეეხება ახალ კანონს, პოლიტიკური კუთხით რაიმე სიახლე არ არის, რაც დევნილს სერიოზულ სტიმულს მისცემს. ერთადერთი ისაა, რომ დევნილს შეუძლია გახდეს  პოლიტიკურად აქტიური, გაწევრიანდეს რომელიმე პარტიაში და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

    -თავდაპირველად იძულებით გადაადგილებულ პირებს, როგორც დროებით გადაადგილებულებს თავისი ტერიტორიიდან, თავად ქართული კანონმდებლობით არ ეძლეოდათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თუმცა, მას შემდეგ, რაც დევნილს თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცა, დევნილთა სოციუმიდან თითქმის არ სახელდებიან კანდიდატები. თქვენ ამბობთ, რომ მათ შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ პარტიული საქმიანობის წარმოება, მაგრამ ისინი პასიურობენ. ამ შემთხვევაში საქმე ორმხრივ გაუცხოებასთან გვაქვს? ვგულისხმობ ერთის მხრივ თავად დევნილს და მეორეს მხრივ - ადგილობრივ ხელისუფლებებს.

    ვახტანგ ყოლბაია: რა თქმა უნდა, აქ ორმხრივ გაუცხოებასთან გვაქვს საქმე. ამის მიზეზები დევნილებმა საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ, რადგან პასიურები ვართ. მეორე ისაა, რომ ალბათ დევნილს დღემდე მაინც არ აღიქვამენ ანგარიშგასაწევ ძალად, რაც მოტივაციას ამცირებს.

მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აქ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ - თუ შენ გინდა, რომ იყო აქტიურად წარმოდგენილი, უნდა აჩვენო შენი შესაძლებლობა, ძალა და აქტიურობა. მაშინ გახდები მოთხოვნადი და მოტივირებული სხვებისათვის, ამით კი რეალურ შედეგსაც მივიღებთ.

    -დევნილები ნდობას ყოველთვის ცენტრალურ ხელისუფლებას უცხადებდნენ. მიზეზად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს ვერ წყვეტს და რომ ყველაფერი მაინც ცენტრიდან იგეგმება. როგორ ფიქრობთ, ახალ კანონში, არის ისეთი რამ ჩადებული, რაც ამ სიტუაციას შეცვლის?

    ვახტანგ ყოლბაია: როგორც იცით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მეტი უფლებები და მეტი შესაძლბლობები გააჩნიათ. დევნილსაც შეეძლება ყველა პრობლემაზე არა ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ ადგილობრივს მიმართოს. გაიზრდება ნდობაც ადგილობრივი მთავრობის მიმართ.

    დღეს დევნილი ხედავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ამ შემთხვევაში დევნილთა სამინისტრო, ზრუნავს, რათა მათი საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება მოხდეს. დევნილი ხედავს, რომ რეალური ნაბიჯები იდგმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დახმარებისთვის. როცა ცენტრალური ხელისუფლება ყურადღებას აქცევს დევნილებს, ცხადია, რომ დევნილს ნდობა უჩნდება ქვედა რგოლის, ამ შემთხვევაში თვითმმართველი ორგანოს მიმართაც.

ელზა წიკლაური
მთელი კვირა (რეზონანსი)
03.03.2014 წ.