2016-12-11
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსია

ბატონო ვახტანგ, აფხაზეთის თემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, შეიძლება ითქვას, წრე ვიწროვდება. რუსეთი სრულიად უცერემონიოდ განაგრძობს ქართული ტერიტორიების აგრესიულ ოკუპაციას, რაც ბუნებრივია, წარმოშობს კითხვებს. სამხედრო ბაზები, სამხედრო ქალაქი ეს ხომ პრაქტიკულად დახურული ზონების არსებობას ნიშნავს. გალში დღეს ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, რომელსაც სასიცოცხლო სივრცე შეეზღუდება იმ აკრძალვებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსკოვი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს. როგორი იქნება მათი მომავალი?

დიახ, ჩვენ ვაპროტესტებთ, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ რუსეთთან ეს არ მუშაობს. თუ იმ სიტყვებსაც გავიხსენებთ, რომელიც პუტინმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, „რუსეთს საზღვრები არა აქვსო", ყველაფერი გასაგები ხდება. ერთადერთი, რასაც რუსეთი წინ ვერ აღუდგა ეს არაღიარების პოლიტიკაა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და მათ მიერ საქართველოს შეუვალი მხარდაჭერის შედეგია. გალში დღეს არსებული მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ იქ მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული იქნება, სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. სავარაუდოდ 15 ათასამდე რუსი სამხედრო იქნება აფხაზეთში და მათი ძირითადი ნაწილი გალში განთავსდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპერატიული შტაბი გალში დაფუძნდეს, სადაც სამხედროებთან ერთად მოიერიშე ძალაც ეყოლებათ. სამხედროები ოჯახებით ჩამოსახლდებიან და გვექნება რუსული სამხედრო დასახლება, რამაც ქართული მოსახლეობის შევიწროება და გამოდევნაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რატომ გალი? ერთია, რომ - გალი მაინც ფრონტისპირა რეგიონია. მეორეც, როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერონ. უნდა ვივარაუდოთ, რომ გალიდან ზეწოლის ცენტრი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, რომელიც მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. გალში დღეს ქართული მოსახლეობის 98% ცხოვრობს. სწორედ ამ ქართულ მოსახლეობას შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე, უფრომეტიც, არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გალი დანარჩენი საქართველოსთვის ჩაიკეტოს კიდეც. ვინაიდან გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ნაწილებისა და საცხოვრებელი კორპუსებისგან შემდგარი ქალაქი ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. კომპლექსი უცხო პირებისგან დაცულია და მისი შესასვლელი კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. ეს არის დახურული ქალაქი, სადაც სპეციალური ნებართვის ან საშვის გარეშე არასამხედრო პირს გადაადგილება ეკრძალება. უფრო მასშტაბური გათვლებით კი ახალი სამხედრო ზეწოლის ცენტრი არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება და მის ნატოში შესვლის პერსპექტივას ზღუდავს, არამედ შავი ზღვის აუზის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასაც დიდ ზიანს მიაყენებს. რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელაღებით უგულებელყოფაზე. თქვენ წეღან მკითხეთ რა გვქონდა და რა მომავალი ექნება ამ ყველაფერს?

ახლა ჯერი გალზე მიდგა. ზუგდიდში გადასვლა ალბათ უკიდურესად გართულდება. ენგურის ხიდზე მუდამ აუარებელი ხალხი მოძრაობს. წარმოიქმნება კოლოსალური რიგები, რომლებიც დღეებს გასტანს და ძალიან დაემსგავსება განთიადის საზღვარზე მდგომ დაუსრულებელ რიგებს.

გალს ჰყავს მშრომელი და გამრჯე მოსახლეობა, რომელიც ზუგდიდთან კავშირით რაღაცას ახერხებს და თავისი ნაჯაფი ენგურს გაღმა დიდი ვაი-ვაგლახით გააქვს. როდესაც ამდენ სამხედროს ჩამოასახლებენ და საგუშაგო-გამშვებ პუნქტებზე ახალი აკრძალვები დაწესდება რთული სათქმელია როგორ გაუძლებენ ასეთ პირობებს გალელები. გარდა ამისა, რუსი სამხედროები ცნობილნი არიან თავიანთი აგრესიით ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რაც ლოკალური კონფლიქტის საფრთხეებს შექმნის. ასეთი პერსპექტივა ოპტიმიზმის საფუძველს რა თქმა უნდა არ გვაძლევს. ეს ძალიან ცუდია ორივე მხარისთვის ქართველებისა და აფხაზებისთვისაც.

გავიხსენოთ აფხაზეთის „ოცნება" დამოუკიდებლობის შესახებ, ორივე მხარეს მივიღეთ აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი და მომავლის რესურსის განადგურება. რითი სრულდება ეგრეთწოდებული აფხაზეთის სახელწიფოს პერსპექტივა, რომელსაც ქართველების გარეშე უნდა შეექმნა ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სახელწიფოს ახალი მოდელი. და რა მივიღეთ ახლა? რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის ანუ ქართული მიწების სრული ანექსია და ამავე დროს, აფხაზების ხელითვე მიღწეული და მათ მიერვე გამოცხადებული თვითანექსია. ეს გახლავთ მწარე სიმართლე, რომლის აღიარებაც აფხაზებს არ სურთ. რითი ამართლებს ამას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება? თურმე ასეთი ქმედება ქართველების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ იძულებით გადადგმული ნაბიჯი და მათი უსაფრთხოების გარანტიაა. დღეს, როცა ყველაფერი ცხადზე უცხადესი გახდა, დარწმუნებული ვარ, ამ მითების აღარავის სჯერა.

როგორ ფიქრობთ ეწინააღმდეგება თუ არა ამას ვინმე აფხაზეთში. ის ნაწილი მაინც, ვინც ხაჯიმბას თვლის ამაში დამნაშავედ. როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები. როგორ ხვდება ამას აფხაზეთის ოპოზიცია?

მიჭირს იმის თქმა, რომ აფხაზებს უნდოდათ ის, რაც გამოუვიდათ. აფხაზური ოპოზიცია არაერთგვაროვანია. ზოგი თავს იმით იწონებს, რომ ხაჯიმბაზე უფრო მეტად არიან რუსული პოლიტიკის მომხრენი და აფხაზეთის სრული რუსიფიკაციით იწონებენ თავს. ზოგიც სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებას ელოდება, ოპოზიციური ფლანგის ამოქმედებისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და პროგრესულად მოაზროვნე აფხაზები ასეთ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებენ და დღეს იქნება თუ ხვალ ანექსირებული აფხაზეთის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მძლავრ მოძრაობას შექმნიან. როცა დაინახავენ, რომ აფხაზეთის ეროვნული საინდიფიკაციო კოდიც კი საკუთარი ნებით წყალს გაატანეს, ვფიქრობ, თავმოყვარე აფხაზები იოლად ამას არავის შეარჩენენ. ისეთმა მოვლენებმა შეიძლება იჩინოს თავი, რომელზეც არავის უფიქრია. მაგრამ რომელმაც შეიძლება ვითარება სულ სხვა ყალიბში გადაიყვანოს.

რას გულისხმობთ?

თუნდაც ავიღოთ ვიზა-ლიბერალიზაციის თემა, რომელიც ახალი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მართალია, აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ ევროსტრუქტურების არცერთი სუბიექტი მას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთეები აფხაზეთის ტერიტორიაზეც იმოქმედებს. ზოგს სასწავლებლად უბიძგებს, ზოგს მოგზაურობისკენ, ზოგს ბიზნესის კეთებისკენ და სხვა მრავალი საქმიანობისკენ. ასე, რომ ევროპული ინტეგრაციის სიკეთეს აფხაზეთის მოსახლეობაც ეზიარება. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ყველას შეუძლია საკუთარ კანზე იგრძნოს ევროპული ფასეულობების სისტემის და დემოკრატიული პრინციპების უპირატესობა.

ამ რთულ სიტუაციაში რა გზებს მიმართავთ, რა პროექტებს განახორციელებს თქვენი უწყება, რომ საბოლოოდ არ გაწყდეს კავშირი აფხაზეთის მოსახლეობასთან? როგორი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მილიტარიზაციაზე აფხაზეთში? რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენს მხარდასაჭერად და რა გამოსავალს ხედავთ ამ ჩიხიდან?

ჩვენ ხშირად გვეუბნებიან არაფერს აკეთებთ, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი არა გაქვთ, ნდობის აღდგენა ვერ მოახერხეთო და მრავალი სხვა საყვედურები შემიძლია მოგიყვანოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით. ჟურნალისტები ხშირად გვაცივდებიან მოგვიყვანეთ მაგალითები, გაქვთ თუ არა ურთიერთობები აფხაზებთან, საუბრობთ თუ არა მათთან, რას გეუბნებიან, როგორ აღიქვამენ მიმდინარე პროცესებს და სხვა მრავალი. როგორ ფიქრობთ სამასი ათას ადამიანს, რომელსაც მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს, უმეზობლო, უმეგობრო და უნათესაო იყო? უფრო მჭიდრო ნათესაური, მეზობლური, მეგობრული და გადჯაჭვული ურთიერთობები წარმოუდეგენელია. აფხაზების გარეშე პური არ გაგვიტეხავს. გაჭირვებასა და სიხარულში ერთად ვიყავით, ჩვენთვის და აფხაზებისთვის რომ გეკითხათ ცალ-ცალკე იცხოვრებთ ოდესმეო? ხელებს გავასავსავებდით და ვიტყოდით ეს შეუძლებელიაო. ასეთი ახლობლობა, თუნდაც 25 წლის შემდეგ, შუძლებელია ერთბაშად გაწყდეს. დიახ, ეს სულიერი სიმები ჯერ კიდევ არსებობს და მათ შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მახარებს ის, რომ ჩვენი არასამთავრობოები ხშირად ხვდებიან აფხაზებს და აწყობენ შეხვედრებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც გვაქვს ჩვენი არხები, მაგრამ მათი ჩამოთვლა და საუბრის თემატიკის გარეთ გამოტანა დღევანდელ პირობებში, აფხაზებისთვის ღალატის ტოლფასი იქნება. რუსეთისთვის თავგადაკლული აფხაზები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ყველას, ვინც ქართველებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის. ამიტომაც ხელაღებით და თავმომწონედ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებელია. სულსწრაფობა და წინდაუხედავი ნაბიჯები, ყველაფერს დააზიანებს, უკურეაქციას გამოიწვევს, რითაც ის მცირეც დაიკარგება რაც გვაქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას. მან ეს რეაქცია უკვე გამოხატა ვიზა-ლიბერალიზაციის თემის ბოლომდე მიყვანით. იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, ევროპისგან ეს ძალისხმევა მისასალმებელია და ქართველი ხალხი ნამდვილად მადლიერია. ევროპა ასევე ერთიანად დარაზმული შეეწინააღმდეგა რუსეთს აფხაზეთის აღიარების საკითხში. არაღიარების პოლიტიკა კვლავაც წარმატებით გრძელდება. ეს არ არის პატარა კოზირი თუკი ამის გამოყენებას ქართველები გონივრულად და თანმიმდევრულად შევძლებთ. თუკი დასავლეთი ასეთივე შეუვალი იქნება აფხაზეთის მილიტარიზაციის გეგმისა და მისი ანექსიისადმი, ვფიქრობ, რაღაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ ჩვენც ბევრი რამ უნდა მოვიმოქმედოთ. პირველ რიგში აფხაზები უნდა დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობას ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს. თქვენი ცით, რომ აფხაზეთის ჯანმრთელობის სისტემა ძალიან სუსტია და რთულ სიტუაციაში აფხაზეთის მოსახლეობას უწევს ჩვენთან მკურნალობა. ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი რეფერალური პროგრამები, რომელშიც აფხაზებიც ჩაერთვებიან. საჭიროა ერთობლივი პროექტები., მაგალითად, კოლხური ბზის გადარჩენის პროგრამა საინტერესო თანამშრომლობას გვპირდება, ენერგეტიკის სფეროში ქართველი და აფხაზი ენეგეტიკოსების ურთიერთობა ენგურჰესზე ისედაც ყოველთვის სამაგალითო იყო და ეს პროექტი წარმატებით გრძელდება. უნდა დაიგეგმოს ურთიერთინტერესების გამომხატველი კულტურული და ისტორიული პროექტები, ხელი უნდა შეეწყოს საერთო ბიზნესის განვითარებას და წახალისებას აფხაზეთში და სხვა მრავალი. ეს დააახლოებს ადამიანებს და გზას გაგვიხსნის ერთმანეთისაკენ, ეს ხომ ჩვენი საერთო ინტერესებია.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას. ამდენი წელია ფაქტიურად გაბუტულები ვართ. მხოლოდ ბიზნესის სფეროში მოვახდინეთ მცირეოდენი წინსვლა, რაც ამ ვითარებაში ცოტა არ არის. მაგრამ, ყველა ხედავს, რომ პოლიტიკურ და უმაღლეს დონეზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ეს არის ჩიხი, რომელსაც ვერაფრით დავაღწიეთ თავი. განვლილმა წლებმა გვიჩვენა, რომ დროა ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ. ყველაზე მეტი შედეგი პირდაპირ დიალოგს რომ მოაქვს, ამაზე ალბათ არავინ იკამათებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ის რაც ახლა აფხაზეთში ხდება დიალოგის უკმარისობამაც განაპირობა ალბათ. ვფიქრობ, პირდაპირ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს და ამისთვის სერიოზული მომზადება გვმართებს.

რა მოლოდინი გაქვთ ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი კვლავ შემოუბრუნდა?

მახსოვს, როცა ეს კანონი მიიღეს, მაშინაც ბევრი სჯა-ბაასი იყო. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს კანონი დახვეწილი არ იყო და მას სჭირდებოდა გადახედვა, მათ შორის პირველი მოთხოვნა ეხებოდა ყბადაღებული სანქციების მუხლს, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

დღევანდელი რეალობა ითხოვს, რომ გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. აფხაზეთის ხელისუფლება სამწუხაროდ ამ პროცესში ჩართული არ არის. კანონის სრულიად გაუქმება მიუღებლად მიმაჩნია, ლაპარაკია მის შერბილებაზე, რაც ქართველებსაც და აფხაზებსაც ერთნაირად სჭირდებათ. როცა დამოკიდებულება ცალმხრივი არ არის ორივე მხარეს გზა ეხსნება მოქმედებისთვის. ბევრ ქართველს სურს აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება. ამისთვის კი ნიადაგი უნდა მომზადდეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმ საშიშროებებს, რომელზეც ლაპარაკობს ბევრი ჩვენი კოლეგა. რა თქმა უნდა, სოხუმის ნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეძლებენ, რომ ინვესტორებმა, მხოლოდ სოხუმთან იურთიერთონ და გარეშე ძალის კარნახის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. მიუხედავად ყველა წიმააღმდეგობისა, ეს არის შანსი და ამ შანსის ვიგებთ ან ქართველები, ან აფხაზები, ან უცხოელები ამ კანონით??!!, მხოლოდ რუსებს და ზოგიერთი მათ პარტნიორი ქვეყნების წარმოადგენლებს აქვთ იქ შესვლა-გამოსვლის უფლება. გამოდის ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს ნეგატიური პროცესების განვითარებას, რაც შემდეგ ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ასე რომ ხელების ჩამოშვების დრო არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ.

ბატონო ვახტანგ, ხვალ ქართული დელეგაცია ჟენევაში მიემგზავრება. განიხილავთ თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საკითხებს, რომლებიც ასეთ ვნებათა-ღელვას იწვევს.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება კამათი. წინასწარ ვერ გეტყვით როგორ შეხვდება ჩვენს კითხვებს რუსული და აფხაზური მხარე, მაგრამ საკითხი მთელი სიმწვავით დადგება. ამ თემის გაგრძელება ალბათ ჟენევის შემდეგ უფრო სწორი იქნება, რადგან წინასწარ რაიმეს თქმა დაბეჯითებით შეუძლებელია.

Abkhazia News