გიორგი ჯინჭარაძემ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებისთვის იმ მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ მიმართულებებს. მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათ შორის სტიპენდიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების გაფართოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.