სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

23 მაისს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2025-05-23
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროს ზვიად ზვიადაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.

2025-05-19
მთავრობის აპარატი
საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გახსნა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ უნიკალურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე მხატვრის პირად არქივს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის - "ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ალექსანდრე შარვაშიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. ასევე წლის ბოლომდე გამოფენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმები უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ნამუშევრების ნაწილი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეაში ინახებოდა, რომელიც 2024 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.

2025-05-18
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, ცნობილი აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ალექსანდრე შარვაშიძის პიროვნების მნიშვნელობასა და მის შემოქმედებას, როგორც ქართულ-აფხაზური საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნამუშევრები და მხატვრის პირადი არქივი.

ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს მისი ხილვა უფასოდ შეეძლებათ.

2025-05-18
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობის საჭიროებს და არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა და განათლება.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროების თითოეული პროგრამა მაქსიმალურად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა მორგებული და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს. ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეფექტური რეაგირების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

2025-05-17
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი გაიხსენეს და ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქართულ-ოსური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოსური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება.

2025-05-15