2026 წლის 26 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციამ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და არსებით საკითხებზე კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.
