აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კონფლიქტის ქრონოლოგია

1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში

I.

მოკლე წინაისტორია:

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:

  • 1988 წლის ნოემბერი - შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი „აიდგილარა", რომელიც უკიდურესად ანტიქართული განწყობილებით გამოირჩეოდა.
  • 1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა.
  • 1989 წლის ივლისი - ე.წ. „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმში, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.
  • 1989 წლიდან დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის ხალხთა კონფედერაცია" აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს - კონფედერაციის დედაქალაქად.
  • 1990 წლის დეკემბერი - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული პოზიციით იყო ცნობილი.

1991 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას აფხაზეთში, რათა შექმნას საქართველოს ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია. ასეთი პოლიტიკა მიზანმიმართული იყო რუსეთის ინტერესების სფეროში საქართველოს  შენარჩუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საერთო მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი შეადგენდა მხოლოდ 17 %, ხოლო ქართველების - 46%, ეს უკანასკნელები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოებში.

  • 1991 წლის ოქტომბერი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 65 სადეპუტატო მანდატი  შემდეგნაირად გადანაწილდა : 28 - ეთნიკური აფხაზი (ძირითადად კრემლის პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფნი და სეპარატისტულად განწყობილნი); 26 - ქართველი და 11 - სხვა ეროვნების წარმომადგენელი.
  • 1991 წოქტომბერი - 1992 წ. პირველი ნახევარი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატების მეშვეობით უბრალო უმრავლესობით იღებს მთელ რიგ ანტიკონსტიტუციურ დადგენილებებს, მათ შორის გადაწყვეტილებას ე.წ. აფხაზური „გვარდიის" შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა  საქართველოს კონსტიტუციასთან.
  • 1992 წლის 25 ივლისი - საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.
  • 1992 წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით.

II.

1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტის ქრონოლოგია: 

1992 წლის 14 აგვისტო:

  • აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი გადაადგილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
  • სეპარატისტულმა ბანდ–ფორმირებებმა ქართულ შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი შეტაკებები მოხდა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში;
  • სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები სოხუმის შემოგარენში დაბანაკდნენ;
  • ვ. არძინბას ერთპიროვნული  გადაწყვეტილების საფუძველზე სეპარატისტულმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მობილიზაცია გამოაცხადა და შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის სტრატეგიული პუნქტები;
  • ასე დაიწყო 1992-93 წწ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში.

1992წ. 15 აგვისტო:

  • სეპარატისტებმა არ მოაწერეს ხელი  შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც  ერთობლივი 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

1992 წ. 18 აგვისტო:

  • ვ. არძინბას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი;
  • ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში;
  • კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც შექმნილ იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, იღებს გადაწყვეტილებას „ბოევიკები" გააგზავნოს აფხაზეთში.

1992 წ. 19 აგვისტო:

  • სეპარატისტები ტოვებენ გაგრას და იქ ქართული შენაერთები განლაგდნენ.

1992 წ. 3 სექტემბერი:

  • მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ.

1992 წ. 5-30 სექტემბერი:

  • ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და მის საფუძველზე გაგრის ზონიდან გაიყვანა შეიარაღებული შენაერთები;

1992 წ. ოქტომბერი:

  • სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს შეთანხმება და მთიელ ხალხთა კონფედერაციის „ბოევიკებთან" ერთად, რომლებსაც სამხედრო ტექნიკითა და სამხედრო-საზღვაო ფლოტით მხარს უჭერდა რუსეთი, აღებულ იქნა გაგრა.

1992 წ.  ნოემბერი - 1993 წ.  მაისი:

  • რუსეთის სამხედრო რესურსების დახმარებით აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ გაგრისა და ქ. ტყვარჩელის ზონებს, გუდაუთის რაიონს.
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები" რეგულარულად ახორციელებენ მასირებულ შეტევებს აფხაზეთის დანარჩენ რაიონებზე.
  • 1993 წ. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

1993 წ. 27 ივლისი:

  • ქ. სოჭში რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ".

1993 წ. 1-20 აგვისტო:

  • ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდ. გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წ. 1-15 სექტემბერი:

  • აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა. იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები;

1993 წ. 16 სექტემბერი:

  • სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასიური შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წ. 27 სექტემბერი:

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრთილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ აღებულ იქნა ქ. სოხუმი.

1993 წ. 30 სექტემბერი:

  • რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

1993 წ. 27 სექტემბერი - ოქტომბერი:

  • დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;
  • აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა;
  • განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულ იქნა ეუთო-ს 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.