აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ნეიტრალური დოკუმენტი
მთავრობის აპარატი

რა არის ნეიტრალური დოკუმენტი?

ნეიტრალური დოკუმენტი არის ჰუმანიტარული ხასიათის საბუთი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური მომსახურების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. იგი ნეიტრალურია მოქალაქეობის მიმართ და არ შეიცავს საქართველოს სახელმწიფოსთან ან მთავრობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის სიმბოლიკას.

ნეიტრალური დოკუმენტები ორი სახისაა:

  • პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
  • ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

 

რა არის პირადობის ნეიტრალური მოწმობა?

პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მფლობელს უფასო სოციალური მომსახურებების მიღებისა და შემდეგი უფლებების გამოყენების სასუალებას აძლევს:

  • ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;
  • უფასო/თანადაფინანსებული ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა;
  • საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, სოციალური და სხვა პროექტების განხორციელებისათვის გრანტის მიღება;
  • სხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობა.

პირადობის ნეიტრალური მოწმობა შედგენილია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ენებზე და მისი აღება ნებაყოფლობითია.

 

რა არის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი?

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ზემოთაღნიშნული სარგებლის გარდა მფლობელს დამატებით საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების საშუალებას აძლევს.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი შედგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მისი აღება ნებაყოფლობითია.

 

ვის შეუძლია აიღოს ნეიტრალური დოკუმენტები?

პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას ან მის შთამომავალს, რომელიც 1992 წლის 31 დეკემბრის მომენტისათვის აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა და რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

 

სად შეიძლება ავიღო ნეიტრალური დოკუმენტები?

ნეიტრალური დოკუმენტების აღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში.

 

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

  • დოკუმენტის აღების მსუველ პირს პირადად;
  • სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე მესამე პირს;
  • არასრულწლოვანი ან ქმედითუუნარო პირის შემთხვევაში - მის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს (16 წლამდე არასრულწლოვანზე ან ქმედითუუნარო პირზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა);
  • ვებ-გვერდზე psh.gov.ge ონლაინ რეჟიმში დოკუმენტის აღების მსურველ პირს.

წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  1. პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
  • ყოფილის სრკ-ს სიმბოლიკიანი პასპორტი;
  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა;
  • 18 წლამდე პირებისთვის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირების შემთხვევაში - დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, მათი მშობლის/კანონიერი მეურვის ზემოთ მოყვანილ ნებისმიერ დოკუმენტთან ერთად;
  • პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
  1. ერთი ფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 სმ (დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით);
  2. დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასურის ქვითარი.

იმ შემთხვევაში თუ პიროვნება უკვე ფლობს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა მის საფუძველზე.

 

მომსახურების ღირებულება:

პირადობის ნეიტრალური მოწმობა - 10 ლარი;

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი - 35 ლარი.

 

ფოტოსურათის გადაღება და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე, იუსტიციის სახლში.

დოკუმენტების გაიცემა განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში.

 

რა ხანგრძლივობით გაიცემა აღნიშნული დოკუმენტები?

18 წელს ზემოთ პირებისათვის:

პირადობის ნეიტრალური მოწმობა - 5 წლის ვადით;

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი - 10 წლის ვადით;

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი 18 წლამდე პირებზე - 3 წლის ვადით;

 

ვადის ამოწურვის შემთხვევაში გაიცემა ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

ნეიტრალური დოკუმენტის მფლობელის შესახებ ინფორმაცია დაცულია.

ნეიტრალური დოკუმენტების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი www.psh.gov.ge ან დაუკავშირდით იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს ნომერზე: 2405405