აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამოფენილი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.
შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების საკითხზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ელჩმა თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო კუთხით, სამომავლო, ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ალესია ბერტაჯია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
„ავტოკეფალიის აღდგენა არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის სულიერი განმტკიცებისა და ერის გაერთიანების საქმეში.
დღევანდელ დღეს ვულოცავ სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს, თითოეულ მორწმუნეს, ქართველებსა და აფხაზებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.
წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა. სარეპეტიციოდ განკუთვნილი სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა.
მთავრობის თავმჯდომარემ დარბაზში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა, შემოქმედებითი კოლექტივების რეპეტიციას დაესწრო და დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ დღეიდან, წყნეთში ჩვენ დროებით დევნილ მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება ექნებათ ისარგებლონ კეთილმოწყობილი, თანამედროვე ქორეოგრაფიული სივრცით.
ორმაგად მნიშვნელოვანია ამ საქმეში კერძო სექტორის თანადგომა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ ემოციისთვის და სიხარულისთვის, რაც დღეს ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობას მიანიჭეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძოს სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
ვალერი არქანიას არტგალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს და დასის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ინტეგრირებული თეატრისთვის უახლოეს პერიოდში სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
„დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს, „აზდაკის ბაღს“ მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია, რომ ჩვენს ძვირფას და ნიჭიერ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში.
რამდენიმე დღეში თეატრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, სიმბოლურად ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
მთავრობამ განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული გაძლიერებით არის განპირობებული.
სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს შეხვდა და პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის თემაზე მომუშავე ორ ჟურნალისტს - გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა. გულიადა ჭკადუა მრავალი წელია, აფხაზეთის თემაზე ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი საინტერესო კადრის ავტორია.
„დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრში და პირადად მიმელოცა პროფესიული დღე აქ მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს ადამიანები ქმნიან ისტორიებს რეალურ ფაქტებზე და აცოცხლებენ აფხაზეთის ისტორიას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ჟურნალისტებს აფხაზეთიდან, რომლებმაც თავისი საქმიანობა ქართულ ჟურნალისტიკას დაუკავშირეს, მოიპოვეს და შეინახეს ისტორიები აფხაზეთზე და ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.