ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68 რაუნდი დასრულდა

2026 წლის 10-11 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების დასაწყისში ქართულმა მხარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მოლაპარაკებათა ფორმატის ფუძემდებლური დოკუმენტების შესაბამისად გაგრძელების მნიშვნელობას.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანა, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის სექტემბერში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელ პოზიციებზე რუსეთის მოქალაქეების დანიშვნის გამო, რაც საქართველოს განუყოფელი ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობას და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 69-ე რაუნდი 2027 წლის 16-17 მარტს გაიმართება.