აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან დასახლებებში არსებულ სპეციფიკურ საჭიროებებზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრისა და დევნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
