ბორჯომში, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დევნილი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს.
პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია და პორტალის პრაქტიკული გამოყენების კონკრეტული მაგალითები.
პორტალის პრეზენტაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატი დავით შონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პორტალი portal.abkhazia.gov.ge აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის შეიქმნა და აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს. დევნილებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.
