აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს, მიწვეულ სტუმრებს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.