აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა.
შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.
საუბარი შეეხო, ასევე, აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრების, მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.
მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიო პატრიარქს წლების განმავლობაში დევნილი ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლიერება გამოხატა კუნძულ ქინალიადაზე გამართულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების მასპინძლობისთვის.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი და მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი და სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ილია ჯინჯოლავა ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი ყოველწლიურად იმართება.
