გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბანაკის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და კულტურული, ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
 
მონაწილეებს ისტორიის, ეთნოკულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სემინარები, ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ ქორეოგრაფისაგან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში, მოზარდებმა წყალტუბოსა და ქუთაისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
 
საზაფხულო ბანაკის ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურული იდენტობის, მეხსიერებისა და ეროვნული ფასეულობების გაღრმავებას.