2026-10-22 |
მთავრობის აპარატი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის მწვანე კუთხე“ გაშენდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად ზუგდიდში გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების „ვრგავთ სიყვარულით აფხაზეთისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის მწვანე კუთხე“ გაშენდა, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ღონისძიებაზე ასევე, მოეწყო აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა.
გამწვანების აქციაში მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის კოლხური ბზის ნერგები გადასცა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გარემოსდაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
