რაზე უნდა მიუთითებდეს სოხუმის რეჟიმის ბოლო დროს გახშირებული ისტერიული გამონათქვამები?
კერძოდ: ,,საქართველოს მხრიდან წამითაც არ წყდება საინფორმაციო ომი. ქართული საინფორმაციო საშუალებები აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გალის რაიონში საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხზე აქტიურ პროპაგანდას ეწევიან, რაც ძირს უთხრის აფხაზურ სახელმწიფოს ".
ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება არ მალავს და არც არასდროს დაუმალავს, რომ ის აფხაზეთს, მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, ყოველთვის თავის სახელმწიფოებრივ სივრცეში მოიაზრებდა და არა მხოლოდ გალის, არამედ მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას, განურჩევლად ეროვნებისა და წარმომავლობისა, ღიად მოუწოდებდა და მოუწოდებს, დაუბრუნდეს თავის წიაღს, საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეს, მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
ისიც ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას არც თავისი ლეგიტიმური პრეტენზიები დაუმალავს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ. ის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს სისტემატურად მიმართავს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების თხოვნით. ამიტომ, სრულიად უადგილოდ გვეჩვენება სოხუმიდან წამოსული მუქარა ენგურზე ხელოვნურად გავლებული „საზღვრის" ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,,იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე ძირგამომთხრელ დივერსიულ საქმიანობას და პროპაგანდისტულ ხრიკებს არ შეწყვეტს აფხაზეთის მოსახლეობის გადასაბირებლად".
საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების გახმოვანება ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, „დივერსიული საქმიანობა" არ არის, სოხუმის რეჟიმის ბოლოდროინდელი ისტერია კი, ასე ვთქვათ, იქაური პოლიტიკური ამინდის გაუარესებაზე და ამით გამოწვეულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ე.წ. გალის რაიონის დაბალი ზონის 11 სკოლის დაწყებით კლასებში ეთნიკურად ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, არა გვგონია, ეს გადაწყვეტილება, არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და პრაგმატული თვალსაზრისითაც, სოხუმის ხელისუფლებისათვის მომგებიანი იყოს - მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა რომ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს სასტიკად ეწინააღმდეგება, ეს, შესანიშნავად იცის მსოფლიო საზოგადოებამ და იქ მცხოვრები მოსახლეობის დიდმა ნაწილმაც. ამდენად, ამგვარი ქმედებით, აფხაზური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც პირიქით უნდა ცდილობდეს ეთნიკური ქართველების, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ,,გადმობირებას"', დათვურ სამსახურს უწევს საკუთარ თავს.
ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არაგონივრულია სოხუმის რეჟიმის მიერ მათი დიდი ხნის წინანდელი აკვიატებული იდეის განხორციელების მცდელობა - ქართულის ნაცვლად აფხაზეთში მეგრული ენის პოპულარიზაციისა და გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნის შესახებ და ეს მაშინ, როდესაც საკუთრივ აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარების გზებს ენგურსგამოღმა მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში.
საფუძველს მოკლებულია სოხუმის შეშფოთება ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ანუ საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით მშენებარე მრავალფუნქციური სამედიცინო-სასწავლო ცენტრის გამო. ცხადია, იქაურ რეჟიმს საკუთარი აგრესიული მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობრივი, მზრუნველი დამოკიდებულება იმ ეთნიკურ აფხაზთა მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს კვალიფიციური და უფასო სამედიცინო დახმარება ენგურს გამოღმა მიიღონ.
რუხის სამედიცინო ცენტრი გათვალისწინებული იქნება საქართველოს მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის და, მათ შორის, რათქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც. ამ წამოწყებას კეთილშობილური, ჰუმანური მოტივაცია უდევს საფუძვლად და არა ვინმესი „დავერბოვკების" მცდელობა. საქართველოს სახელმწიფო ცდილობს ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება მისაწვდომი გახადოს რეგიონის მცხოვრებთათვის, აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ასეთ ხელშეწყობას. ამიტომ გაუგებარია და ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს სცილდება მათი ასეთი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ, მოსახლეობისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ სურს იარაღის, მუქარის ენაზე საუბარი.
აბსურდულია სოხუმის რეჟიმის მოთხოვნა ენგურჰესის თანამშრომლების ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადების აფხაზეთის ბიუჯეტში მიმართვის თაობაზეც. აფხაზური ხელისუფლებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ენგურჰესის თანამშროლებს, რომლებიც ქვეყნისთვის, მათ შორის აფხაზეთისთვისაც, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს ემსახურებიან, საქართველოს მხარე უხდის ხელფასს (სხვათა შორის ამ ობიექტის რემონტზე, მომსახურებაზე, დანადგარებით უზრუნველყოფაზე და სხვ. აფხაზური მხარე პასუხისმგებლობას არ იღებს). შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადებიც საქართველოს ბიუჯეტში შედის, რაც სავსებით კანონზომიერი და სამართლიანია, ამიტომ განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ მომავალში ენგურჰესის თანამშრომლების ხელფასების დაბეგვრა მათი ბიუჯეტის სასარგებლოდ არ მოხდება, ამ ადამიანებს ენგურზე საზღვარს ჩაუკეტავენ, მრავლისმთქმელია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მათ ისტერიულ განწყობაზე.
დასასრულს გვინდა შევნიშნოთ, რომ არა საოკუპაციო რეჟიმი, არ იქნებოდა საჭირო საკუთარი მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევა, საზღვრის გადაკეტვის მუქარით მათი დაშინება, ადამიანებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა, გადაადგილების შეზღუდვა, რაც ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევათა რიგს განეკუთვნება. გალის რაიონის მცხოვრებლებს „საზღვრის რეჟიმის დარღვევის" გამო ე.წ. მესაზღვრეები ცინიკურად ექცევიან, აჯარიმებენ, ციხეში სვამენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებიან. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამ რამდენიმე დღის წინათ, როცა რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის „დაგვიანებით" გადაკვეთისათვის სიკვდილის პირამდე მიიყვანეს გალის ერთ-ერთი მცხოვრები.
ასეთი ხისტი, მუქარის შემცველი განცხადებებისა და საკუთარი მოსახლეობის მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ნაცვლად უფრო გონივრული იქნებოდა ფიქრი მოსახლეოების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რაიონში კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორებაზე.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის
პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო