აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის - „დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“ ფარგლებში, ბათუმში, ქუთაისსა და სამტრედიაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მიმდინარეობს მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები, მათ შორისაა - ობიექტის საძირკველის გამაგრება, სადარბაზოების მოპირკეთება, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის ავზების შეძენა და მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ნათია კოპალიანთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ბათუმში, ქუთაისსა და სამტრედიაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შესრულებასაც ინტენსიურ მეთვალყურეობას ვუწევთ, ასევე, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს.
ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რათა ხელი შევუწყოთ მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას.“ - დავით ფაცაცია